x
image
თორ ნიკე
გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) 1948 წლის 10 დეკემბერს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი კაცობრიობის ისტორიაში, სახელწოდებით "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია". აქ ჩამოწერილ ყოველ პუნქტს უნდა ითვალისწინებდეს თითოეული სახელმწიფო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და პრეტენზია აქვთ, რომ იყვნენ ადამიანები და ერქვათ ეს სახელი. ამ დეკლარაციის არცერთი პუნქტი არ უნდა დაირღვეს არცერთ სახელმწიფოში არასოდეს. საქართველოში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ძალაშია 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით. იმ ქვეყნებში, სადაც ირღვევა აღნიშნული დეკლარაციის რომელიმე, რამდენიმე ან ყველა პუნქტი, ხალხს აქვს აჯანყების უფლება, ხოლო თუ საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ ამ აჯანყებას მთავრობა სისხლში ახშობს, მას, ამ შემთხვევაში "გაეროს" ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომ დასაჯოს ადამიანის უფლებათა დამრღვევი სახელმწიფოს მთავრობა, თუნდაც გარე სამხედრო ძალის ჩარევით. ჯერჯერობით "გაეროს" არ გააჩნია ამის განხორციელების რეალური ბერკეტები და შესაძლებლობა.



ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია


1948 წლის 10 დეკემბერი


პრეამბულა


ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს, და ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია, როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; და ვინაიდან აუცილებელია ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისთვის; და ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტონ ხელი შეუწყნ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; და ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; და ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთა გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის, გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებასაც უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა თითოეული ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით, ხელი სეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველტაო და ეფექტური აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარეულ ტერიტორიათა ხალხებში.




მუხლი I



ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი, და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.




მუხლი II


ამ დეკლარაციის გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა. სახელდობრ: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთასორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია: დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი, თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სუვერენიტეტში.




მუხლი III


ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.




მუხლი IV


არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.



მუხლი V


არავის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამაცირებელი მოპყრობა და სასჯელი.



მუხლი VI


ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, იმის უფლება გააჩნია, რომ აღიარებულ იქნას მისი სამართალსუბიექტობა.



მუხლი VII


ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება, თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.

ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი დისკრიმინაციისგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისგან.



მუხლი VIII


ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად აღდგეს მისი უფლებები კონკრეტული ეროვნული სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.



მუხლი IX


არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.



მუხლი X


ყოველ ადამიანს, მის უფლებათა-მოვალეობათა განსაზღვრისათვის და მისთვის წაყენებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის დასადგენად აქვს სრული თანასწორობის საფუძველზე, იმის უფლება, რომ მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.



მუხლი XI


1 ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც, მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.

2 არავის შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისთვის, რაიმე ისეთი მოქმედების ჩადენის საფუძველზე, ან ისეთი უმოქმედობისთვის, რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ეროვნული კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

არ შეიძლება აგრეთვე იმაზე მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ დროს, როცა ჩადენილ იქნა დანაშაული.



მუხლი XII


არავის მიმართ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციის. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.



მუხლი XIII


1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.



მუხლი XIV


1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი, სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით.

2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვლად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.



მუხლი XV


1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება

2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.



მუხლი XVI


1. სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას.

2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას.

3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.



მუხლი XVII


1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის უნდა ჩამოერთვას თავისი ქონება თვითნებურად.



მუხლი XVIII


ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების.

ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის, თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.



მუხლი XIX


ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.



მუხლი XX


1 ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა.

2 არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.



მუხლი XXI


1 ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

3. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.



მუხლი XXII


ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად. ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღისების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის.



მუხლი XXIII


1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის, თანაბრად ანაზღაურებისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ, ადამიანურ არსებობას როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნს პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.



მუხლი XXIV


ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება, სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.



მუხლი XXV


1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

2. დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.



მუხლი XXVI


1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება, განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს.დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. უმაღლესი განათლება კი - ერთნაირად მისაწვდომი ყველასთვის, თითოეულის უნარისამებრ.

2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაზრდისაკენ.

განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

3. მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება, აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისთვის.



მუხლი XXVII


1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორს ის წარმოადგენს.



მუხლი XXVIII


ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისეთ სოციალურ და საერთაშორისო წესრიგზე, რომლის პირობებში შესაძლებელია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მთლაიანდ განხორციელება.



მუხლი XXIX


1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი, მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, სხვების უფლებათა და თავისფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინაარმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.



მუხლი XXX


ამ დეკლარაციაში არაფერი უნდა განიმარტოს, როგორც უფლების მინიჭება რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალკეული პირებისათვის, რომ ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც მიმართული იქნება ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსასპობად.


წყარო: parliament.ge - გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (PDF)


ეს არის სეკულარული წესები თუ როგორ უნდა იმართოს კაცობრიობა, როგორ უნდა წარიმართოს ადამიანთა ცხოვრება. ახლა შევადაროთ როგორ უნდა იმართოს კაცობრიობა და რა წესები აქვს ისლამურ კანონს ანუ ისლამურ შარიათს, რომელიც ეფუძნება როგორც ყურანს, ასევე სუნნას: ისლამური შარიათი ანუ ისლამური კანონმდებლობა


კრებულები:

1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0