სიახლეები ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც კონტაქტი მქონდა - კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი 2020, 9 სექტემბერი, 19:11 ჟურნალისტი და TV პირველის წამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ ის და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ და წერს, რომ თავს კარგად გრძნობს.
"მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ. მადლობა ყველას" შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს დ ამის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი პარლამენტის დეპუტატს დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილი პარლამენტში 3 სექტემბერს იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ესწრებოდა. კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდასტურდათ მათ შვილებს. 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანრთელდა 4 ადამიანი. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 773-მდე გაიზარდა, ამათგან 1 325 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 390. 506 5-ს მოსწონს
|