თბილისში მამაკაცს პითონი გაექცა, - როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ამ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გუშინ საღამოს მახრჩობელა გველის პატრონმა ცხელ ხაზზე დარეკა და დახმარება ითხოვა.
"გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:
-პითონი გამექცა, დამეხმარეთ.
ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.
წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის “სტუმრობას". ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად “თვალებახვეულებს" მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა. გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს.
საპატრულო პოლიციაამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო.
დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი “დამნაშავეც" გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.