საზოგადოება "სამყაროში არიან დაუპურებელი ბავშვები, რომელთაც უბრალოდ პურის ნატეხი ენატრებათ და შიმშილობენ " - აი, რა უნდა ვასწავლოთ შვილებს! 2020, 11 ივლისი, 18:27 გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანის მოწონებაც დაიმსახურა. ამიტომ გადავწყვიტე იგი სტატიის სახით ინტერმედიის მკითხველისთვისაც გამეზიარებინა.ამ ყველაფერს ჩემს შვილს აუცილებლად ვასწავლი და გავაგებინებ: როცა ვცდილობთ უკეთესი მომავალი შევუქმნათ ახალ თაობას, ჩვენს შვილებს - ჩემი აზრით, უნდა გავიაზროთ ჩვენი ყველა საქციელი და კარგად დავფიქრდეთ. რატომ? იმიტომ, რომ უკეთესში ძირითად მატერიალური უზრუნველყოფა იგულისხმება და როცა ასე ხდება, დრო აღარ გვრჩება მათი შინაგანი სამყაროს განვითარებაზე ზრუნვისთვის. ხშირად გვესმის ტელევიზორსა თუ რადიოში სხვადასხვა რეკლამისა თუ გადაცემის საშუალებით, ასეთი ფრაზები “ მოუწყეთ თქვენს შვილს დაუვიწყარი დღესასწაული”, “ სასიამოვნო გარემო თქვენი პატარებისთვის “, “ საუკეთესო საჩუქრი თქვენი ბავშვებისათვის“ და ა.შ. დიახ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ფერადი სამყარო, მაგრამ რადგან ჩვენ ყველას ვერ მივწვდებით და არც ვალდებულება არ გვაქვს სხვების წინაშე, ვზრუნავთ მხოლოდ ჩვენს შვილებზე და ვცდილობთ, ყველაფერი საუკეთესო სწორედ მათ მივცეთ... ბუნებრივიცაა, მსოფლიოს სხვა ბავშვები როგორ უნდა გვაღელვებდეს თუ, მაგალითად, გვერდით მეზობლის ბავშვთან ჩვენს შვილს იმიტომ ვუშლით თამაშს, რომ ის სხვა ფენისა და განსხვავებული ოჯახური მდგომარეობის წარმომადგენელია. ვუყურებ ხოლმე თანამედროვე მშობლებს, როგორ ზრიდან ბავშვებს, როგორ არ აკლებენ არაფერს, როგორ უხდიან დაბადების დღეებს სხვადასხვა გასართობ ცენტრში, როგორ ყიდულობენ ყველა სათამაშოს, რომელსაც ბავშვი ხელს დაადებს. რომ, ცივ ნიავს არ აკარებენ და ყველა სურვილს უსრულებენ… ასე აქცევენ მათ პრინცებად და პრინცესებად... რომელთაც შემდეგ ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორია სხვების მდგომარეობა და არც არიან დამნაშავეები იმიტომ, რომ სხვისი გასაჭირის წარმოდგენა და გაგება მაშინაა შესაძლებელი, როცა მათზე გიფიქრია, მათი მდგომარეობა გაგიაზრებია...ჰოდა, მე კი არ ვბრაზობ, უბრალოდ გული მწყდება, როგორ არასწორად უყალიბდებათ ბავშვებს მშობლებისგან ფასეულობები, როგორ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან, რა არის ღირებული, შემდეგ როგორ ვერ გაურჩევიათ, რა არის სიყვარული და რა ანგარება… და როგორ ყალიბდებიან ეგოისტ და ამპარტავან ადამიანებად... ამის გამო, წინასწარ ვიცი, თუ როგორ არ გავზრდი ჩემს შვილს. მახსოვს, ერთმა მეგობარმა მითხრა, როცა დედა ხარ, ყველაფერი კარგი გემეტება შენი შვილისთვისო… მეც რა თქმა უნდა, დავეთანხმე, მაგრამ ამაზე მას შემდეგ ბევრი ვიფიქრე და ახლა გიზიარებთ. ჩემს შვილს პატარაობიდანვე ეცოდინება, რომ ვერ მიიღებს ყველაფერს, რასაც მომთხოვს. ჩემს შვილს ვეტყვი, რომ ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მისი სურვილები ყოველთვის ვერ დაკმაყოფილდება, ამის პარალელურად ვასწავლი, რომ სამყაროში არიან დაუპურებელი ბავშვები, რომელთაც უბრალოდ პურის ნატეხი ენატრებათ და შიმშილობენ. ჩემს შვილს აუცილებლად ეცოდინება იმ უპატრონო ბავშვებზე, რომელთაც არც სახლი აქვთ და არც, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული სათამაშოები. არ გავუმრავლებ სათამაშოების რაოდენობას და მოვუძებნი მათ ალტერნატივას, ვასწავლი რაც აქვს, იმის გაფრთხლებას და სხვებისთვის გაზიარაებას, რათა თამაშის დროს ისიამოვნოს არა თავისი სათამაშოების რაოდენობითა და დიდებულებით, არამედ მათი სხვებთან გაზიარების სიხარულით. ჩემს შვილს არ მივიყვან კერძო ბაღსა თუ კერძო სკოლაში, არა იმიტომ, რომ ხელი შევუშალო მის განვითარებას, არამედ მინდა თავიდანვე გაიაზროს, რომ უპირატესობა მხოლოდ თავის თავში უნდა ეძებოს, რომ თუ სწავლა და განვითარება უნდა, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ვასწავლი როგორ უნდა საკუთარ თავზე მუშაობა, საქმეს კი არ შევუმსუბუქებ, გავურთულებ, რომ თავიდანვე იცოდეს, რა არის წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობის საკუთარი ძალისხმევით გადალახვა. ჩემს შვილს ისიც ეცოდინება, რომ როცა მეგობრებთან ერთად მაკდონალდში წავა ანდა ნებისმიერ დღესდღეობით პოპულარულ კვებით და გასართობ ცენტრში, ყველას ამის საშუალება არ აქვს და აუცილებლად დავაფიქრებ იმაზე, რომ როცა თვითონ თბილად ზის, კოკა-კოლას, კარტოფილ ფრისა და ჰამბურგერსა მიირთმევს, სხვა მისი ასაკის ბავშვს - გარეთ სცივა და უბრალოდ ლუკმა პური ენატრება. ჩემი შვილი გაიზრდება იმ ტანსაცმლით, რომელსაც თავისი გემოვნებით აარჩევს, მაგრამ ეცოდინება, რომ მათ გაცვეთამდე იხმარს, რომ თუ მას ნაიკის, ადიდასის და ზარას ტანსაცმელი აცვია, სხვას შეიძლება სულ არ ჰქონდეს ამის ფუფუნება... მას აუცილებლად ეცოდინება, რომ მსოფილიოში უამრავი ბავშვი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, რომ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ აქვს. ჩემს შვილს ეცოდინება, რა დღეში არიან სხვა ბავშვები, რომ ზოგს დაბადებიდან თოფი აჰკიდეს და ომისთვის მოამზადეს.. დიახ, არ დავუმალავ მსოფლიოში არსებულ მწარე რეალობასა და უსამართლობას იმიტომ, რომ უკეთ დააფასოს თავისი წილი სიცოცხლე.. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ არც ტანსაცმლის ბრენდებით, არც მანქანის მარკებითა და არც ახალი მობილურებით არ უნდა იტრაბახოს, რომ მთავარია, ამ ცხოვრებაში სიკეთის კეთება შეეძლოს და სხვებსაც გადასდოს თავისი სიკეთე. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ დასასვენებლად მსოფლიოს კურორტებზე წასვლა და ყველაზე კარგად გართობა არ უნდა იყოს მისი ოცნება, არამედ მოგზაურობა უნდა იყოს თავისი განვითარებისთვისა და სხვა ხალხის კულტურის გაცნობის სურვილით განპირობებული. ჩემი შვილი აუცილებლად გაიზრდება სოფლურ გარემოში, ბუნებასთან ახლოს, და ქალაქელობას არასდროს დაიჩემებს, რადგან მე აუცილებლად ვასწავლი რომ პროვინციონალიზმი ჩვენი გონებიდან იწყება, რომ ყველაზე გამოუსვლელი შეიძლება ზუსტად ქალაქში იპოვო და ყველაზე ნაკითხი და განათლებული შეიძლება მთაში აღმოაჩინო, ასევე ვასწავლი, რომ სხვა არასდროს დაჩაგროს, რადგან ეს მისგან სიძლიერის კი არა, სისუსტის გამოვლინება იქნება. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ მოხუცი არასდროს დატოვოს უყურადღებოდ, წყალი მიუტანოს და ყოველთვის მიეხმაროს ბარგის გადატანაში, გზის გადაკვეთაში, რადგან თვითონაც გახდება მოხუცი.. მარტო მოხუცს კი არა ჩემს შვილს ვასწავლი, ყველას გულღიად გაუღიმოს, აი, ისე, რომ ვისაც დახმარება დასჭირდება, პირველად მას გაუბედოს ან თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ხვდება - ვინმეს დახმარება სჭირდება უთქმელად მიხვდეს და თავად დაეხმაროს, თან ისე, რომ არ ელოდოს სამაგიეროს. მას ეცოდინება, რომ გაცემული სიკეთე და დადებითი ენეგრია ერთი- ასად დაუბრუნდება ღვთისაგან. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ ყველა უყვარდეს, მიუხედავად მათი ფერისა, ფიზიკური ნაკლისა, წარმომავლობისა, ოჯახისსა თუ შეხედულებებისა. ვასწავლი, რომ უფრო მეტად, სწორედ ასეთ ადამიანებთან იმეგობროს, ხოლო იმ კუდაბზიკა, გათამამებულ ბავშვებთან მეგობრობისას, აი, იმ ბავშვებთან, რომლებსაც ეს ხასიათი თავისდაუნებურად ოჯახებიდან მოჰყვებათ, და სამწუხაროდ, დროსთან ერთად თვითონაც ასეთებად ყალიბდებიან, მხოლოდ ადამიანურ თვისებებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ფულსა და მათთან ურთიერთობის რაიმე სარგებელზე. ჩემს შვილს ვასწავლი, რომ გოგო არის ყვავილი, რომელსაც დაყვავება სჭირდება, რომ სულ სული უნდა უბეროს და არაფრით შეიძლება მისი ჩაგვრა და ატირება, ვასწავლი მის პატივისცემას და გაფრთხილებას, არა ეგოისტურად, არამედ იმ განცდით, რომ ის მასზე არაფრით არ არის უპირატესი. გოგოს ვასწავლი, რომ ყოველთვის თავის სიმაღლეზე იდგეს, რომ ბიჭებთან ურთიერთობაში თავისი თავის ფასი იცოდეს.. ორივეს ვასწავლი, რომ ბედნიერები იყვნენ, რომ უნდა შეძლონ ცხოვრებისგან მიიღონ მაქსიმალური ბედნიერება, რომ არასდროს აურიონ იგი ფუფუნებაში, რომ ბედნიერებაა, იყო ადამიანი და შეგეძლოს ადამიანური ურთიერთობები. ორივეს ვასწავლი, რომ თავისუფლება და სიყვარული უმაღლესი ღირებულებებია. ვასწავლი, რომ შინაგანი რწმენა უფრო მნიშვნელოვანია და უფალთან ურთიერთობის ცოცხალი სურვილი, ვიდრე მხოლოდ ეკლესიაში გარეგნულად სიარული. ვასწავლი როგორ უნდა იყვნენ თავდმაბალნი და გავაგებინებ, რა ამაზრზენია ამპარტავნება, ვასწავლი, რომ არასდროს, არავისი არაფერი შეშურდეთ და სხვების წარმატება მთელი გულით გაიზიარონ! თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით?გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება!ავტორი: ანი სპარსიაშვილი22 3-ს მოსწონს
|