საბუნებისმეტყველო ასტრონომებმა “ბამბის ნაყინის” გასაოცარი პლანეტები აღმოაჩინეს 2020, 4 ივლისი, 21:39 ვის არ უყვარს ბამბის ნაყინი? ალბათ, თუ გიყვართ, კარგად გეცოდინებათ, თუ როგორი მსუბუქი და ჰაეროვანია ეს ტკბილეული. შეიძლება, იმხელა ბამბის ნაყინისგან, რაც მაგიდის მთლიან ზედაპირზე დაეტევა, სულ იმდენი შაქარი გამოვიდეს, რომ ერთი ჭიქა ვერც კი შეავსოს. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, მთლიანი პლანეტა რომ შედგებოდეს ბამბის ნაყინის მსგავსი ჰაეროვანი სტრუქტურისგან. ხომ დაუჯერებელია, არა? მაგრამ ტყუილად კი არ ამბობს შექსპირის ჰამლეტი, ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო ამქვეყნად ისეთი საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც კი არ მოსჩვენებიათ ჩვენს ფილოსოფოსებსო. ჩანს, მსგავსი საიდუმლოებებით და საოცრებებით სავსეა ეს უზარმაზარი სამყარო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით ბუნების ამ საიდუმლოებათა მხოლოდ ნაწილს მოვფინეთ ნათელი, გაოგნებულები ვართ ნანახით და განცდილით.
სწორედ ბუნების ასეთი გასაოცარი საიდუმლო აღმოჩნდა ეგზოპლანეტების ახალი რიგი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა აღმოაჩინეს. ამ პლანეტების საშუალო სიმკვრივე ისეთივეა, როგორიც ბამბის ნაყინის და ისინი თანდათან იკუმშებიან.
ასტრონომებმა პლანეტებს სახელიც შესაბამისი მოუგონეს და მათ სწორედ ბამბის ნაყინის პლანეტებს უწოდებენ. კოსმოსის მკვლევარებმა ეს აღმოჩენა ჩვენგან 2400 სინათლის წლით დაშორებული კეპლერ-51-ის ვარსკვლავური სისტემის შესწავლისას გააკეთეს ჰაბლის ტელესკოპის მეშვეობით. ამ სისტემაში 3 უჩვეულო პლანეტა ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა აღმოჩენილი. მეცნიერებმა როგორც უკვე დაადგინეს, ამ პლანეტათა საშუალო სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 0, 1 გრამია, რაც ზუსტად ბამბის ნაყინის სიმკვრივეა. თითოეული ეს პლანეტა იუპიტერის ზომისაა მოცულობით, მაგრამ მასით ისინი 100-ჯერ ჩამოუვარდებიან ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მასას. როგორც აღმოჩნდა, პლანეტების შემადგენლობაში ჭარბობს წყალბადი, მეთანი და ჰელიუმი - ძალიან მსუბუქი გაზები, რომლებიც ხანდახან იშვიათ გაუხშოებას აღწევენ. პლანეტებზე დაკვირვება ისევ გრძელდება, თუმცა ასტრონომები რომ არ მოელოდნენ მსგავსი ციური სხეულების პოვნას, ეს მათი რეაქციებიდანაც ნათლად ჩანს. 97 1-ს მოსწონს
|