x
image
მანჩო 777
ოჰ, ეს ფერადი სამყარო - საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ
თუ გგონიათ, რომ ბევრი რამ იცით საკუთარი შესაძლებლობების და უნარების, გარემომცველი სამყაროს აღქმის ან თუნდაც ჩვენი პლანეტის შემეცნების შესახებ, ძალიან ცდებით. ავიღოთ, მაგალითად, ფერი. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია: ბალახი მწვანე ფერისაა, მზესუმზირას ყვავილი-ყვითელი, ხოლო ცა-ლურჯი. თუმცა ფერების შესახებ მთელი მეცნიერებები არსებობს და არც ეგრე მარტივადაა საქმე. გთავაზობთ ათ საინტერესო ფაქტს ფერების შესახებ, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გცოდნოდათ.



image




წითელი ფერის აღქმა სხვადასხვაგვარია მამაკაცისა და ქალისათვის


image



მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ფერის აღქმაზე გავლენას ახდენს X ქრომოსომა, უფრო სწორად კი გენი, რომელიც ამ ქრომოსომაზეა მიბმული. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ქალი წითელ ფერს უფრო მკვეთრად, გაჯერებულად აღიქვამს და შეუძლია შეამჩნიოს მის ელფერებში სულ უმნიშვნელო განსხვავებაც კი. ეს იმითა გამოწვეული, რომ ქალის დნმ შეიცავს ორ ასეთ ქრომოსომას იმ დროს, როცა მამაკაცს X ქრომოსომა მხოლოდ ერთი აქვს, ამიტომ მამაკაცებს უჭირთ ერთმანეთისაგან განასხვავონ ალისფერი, სისხლისფერი, ბორდოსფერი და წითელი ფერის სხვა ელფერები.



მუსიკის ფერი


image



კალიფორნიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკასაც გააჩნია თავისი ფერი. უამრავ მოხალისეზე ჩატარებული ცდების შედეგად ნათელი გახდა, რომ მხიარული, პოზიტიური მუსიკა ადამიანებში იწვევს თბილი ფერების, მაგალითად, ნარინჯისფერის, ყვითელის, ვარდისფერის ასოციაციას; ამავე დროს ნაღვლიანი მელოდიები ადამიანის წარმოსახვაში აჩენენ ნაცრისფერ, ლურჯს, შავ ან სხვა მუქ, ცივ ფერებს. ეს ინფორმაცია ძალზე სასარგებლოა გასართობი შოუების და სანახაობების ორგანიზატორებისათვის.


ქრომოფობია


image


ქრომოფობია ადამიანის შიშია რომელიმე განსაზღვრული ფერის მიმართ. თუ დავაკვირდებით, იოლად შევამჩნევთ, რომ ადამიანები თავს არაკომფორტულად გრძნობენ ამა თუ იმ ფერის ინტერიერში. ერთი შეხედვით ეს შეიძლება უბრალო აკვიატებად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე გაცილებით რთულადაა. ხშირ შემთხვევაში ასეთი პრობლემები წარმოიშობა ფსიქოტრავმულ სიტუაციებში. ადამიანი, რომელიც ამ დაავადებით არის ავად, არამარტო რომელიმე ფერის ინტერიერში გრძნობს თავს არაკომფორტულად, არამედ მას აშინებს კიდეც ამ განსაზღვრული ფერის საგნები, იქნება ეს, ვთქვათ, ლურჯი ფერის ფინჯანი თუ ამავე ფერის პერანგი. ქრომოფობიას შეუძლია გამოიწვიოს პანიკის შეტევები, სუნთქვის დარღვევა, თავბრუსხვევა და გულისრევაც კი.



სამყარო ნაცრისფერია?


image


ალბათ გაოცდებით, მაგრამ სამყაროს არ გააჩნია ფერები. დიახ, ეს ასეა. ყველა ფერი ადამიანის ტვინის მუშაობის შედეგია. ის გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ ინფორმაციას და მის ინტერპრეტაციას ახდენს ფერების სახით. სინამდვილეში გარემომცველ ობიექტებს გააჩნიათ სხვადასხვა ხარისხის ნათება, ხოლო ფერის აღქმა-ეს არის თვალის უნარი აღიქვას სხვადასხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების მთელი სპექტრი. ფერის აღქმა დამოკიდებულია ობიექტის სტრუქტურაზე, ფონზე, სადაც ის მდებარეობს, ტემპერატურაზე და განათებულობის ხარისხზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფერის აღქმა არის ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენა, რომელიც ევოლუციის შედეგად გაჩნდა.



დალტონიზმი


image



დალტონიზმი განსაკუთრებული ადამიანების თვისებაა. საქმე იმაშია, რომ ფერების სწორად აღქმაზე პასუხისმგებელია სამი სხვადასხვა ცილა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. დალტონიკები მათი გენეტიკური განსხვავებულობის გამო დიქრომატებად იბადებიან. მათ ორგანიზმში არაა იმ სამი ცილიდან ერთ-ერთი. ყველაზე ხშირად დალტონიკები წითელ ფერს ურევენ მწვანეში, ან პირიქით. დალტონიზმის ასეთ სახეს ბუნებრივი ანუ თანდაყოლილი დალტონიზმი ეწოდება. არსებობს აგრეთვე შეძენილი დალტონიზმი. ამ პრობლემით დაავადებულ ადამიანებს ცისფერი ფერი ხშირად ერევათ ყვითელში.



მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ფერი-ლურჯია


image



კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა იმის გასაგებად, თუ რა ფერი მოსწონს ადამიანებს ყველაზე მეტად. მკვლევარები აცხადებენ, რომ მათი ექსპერიმენტი მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდა. მეცნიერები შეეცადნენ გამოკითხულთა შორის ყოფილიყვნენ სხვადასხვა ასაკის, სოციალური ფენის და საქმიანობის ადამიანები. გამოირკვა, რომ ადამიანებისათვის ყველაზე მეტად ახლობელი და საყვარელია ლურჯი და ცისფერი ფერი. მაგრამ საინტერესოა ერთი ფაქტი: თუ ადამიანებს ასე ძალიან მოსწონთ ლურჯი ფერი, რატომ იყენებენ მას პროდუქციის მწარმოებლები ასე იშვიათად?



ვარდისფერი ამშვიდებს ადამიანს


image


ტყუილად როდი ამბობენ უდარდელ ადამიანზე: ''ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურებსო". ეს გამოთქმაც მეცნიერულ აღმოჩენებს ემყარება. ვარდისფერი არამარტო პოზიტიურად განაწყობს ადამიანს, არამედ ამცირებს აგრესიას. თუ ადამიანი ვარდისფერს ხშირად უყურებს, მას მრისხანების გრძნობა უქრება. ასევე ვარდისფერის ცქერით მცირდება ფიზიკური აქტიურობა. ამიტომ ამ ფერს ხშირად იყენებენ იმ დაწესებულებეში, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ის გამოიყენება გამოსასწორებელ კოლონიებში თვითმკვლელობის სურვილის გასაქრობად და ადამიანების გამოსასწორებლად ასოციალური ქცევებით.



ყავისფერი სერვიზი


image



ესპანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა ფერის ფინჯნები აუმჯობესებდნენ ყავის ან ცხელი შოკოლადის გემოვნურ თვისებებს. მათი აზრით, ყავისათვის სასურველია შეირჩეს ყავისფერი სერვიზი, რომლის ფერიც მაქსიმალურადაა მიახლოებული ამ სასმელის ფერთან. აი ცხელი შოკოლადი კი უმჯობესია ნარინჯისფერი ან კრემისფერი ფინჯნით მიირთვათ. საოცარია, მაგრამ ეს ფერები ადამიანს ეხმარება უკეთესად შეიგრძნოს ამ არომატული სასმელის გემო.



შავი და თეთრი


image



რომელი ფერი არსებობს ბუნებაში და რომელი არა? - არსებობს ორი თვალსაზრისი ამ საკითხთან მიმართებაში.

პირველი: ნებისმიერი მხატვარი გეტყვით, რომ თეთრი ფერი ბუნებაში არ არსებობს, ხოლო შავი მიიღება ყველა სხვა ფერის შერევის შედეგად.

მეორე: ნებისმიერი ფიზიკოსი გეტყვით სრულიად საწინააღმდეგოს: შავი-ეს არის სინათლის არარსებობა, ანუ ფერების გარჩევის შეუძლებლობა. თეთრი კი პირიქით- სხვადასხვა სიგრძის სინათლის სხივების თავმოყრას წარმოადგენს.



ვარსკვლავების ფერი


image



ვარსკვლავების ფერი დამოკიდებულია მათ ტემპერატურაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ რაც უფრო ცხელია მნათობი, მით უფრო ცივი სინათლით ანათებს ის. ასე რომ, ყველაზე ცხელი ვარსკვლავები ასხივებენ ფერების ცივ სპექტრს-თეთრსა და ცისფერს; ვარსკვლავები, რომლებიც ნაკლებ სითბოს გამოყოფენ-ნარინჯისფერს და ყვითელს, ხოლო ყველაზე ცივი ვარსკვლავები ანათებენ წითელი ფერით.



უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებაში არსებული ფერებიდან ძირითადი ფერი სამია. ესენია: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ისინი წარმოადგენენ ბაზას მეორეხარისხოვანი ფერების შექმნისთვის. მეორეხარისხოვანი ფერებია: მწვანე, სტაფილოსფერი და იასამნისფერი. ეს მეორეხარისხოვანი ფერები მიიღებიან ძირითადი ფერების ერთმანეთში შერევით. ასე მაგალითად ლურჯისა და ყვითელის ერთმანეთში არევით ვიღებთ მწვანეს, წითლისა და ყვითლის შერევით— სტაფილოსფერს; ლურჯისა და წითლის არევით— იასამნისფერს.

მესამე დონის ფერები უკვე ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფერების ნაზავს წარმოადგენენ. ამგვარად კიდევ 6 ფერი ემატება ფერთა გამას. ესენია :სტაფილოსფერ-ყვითელი, წითელ-სტაფილოსფერი, იასამნისფერ-წითელი, ლურჯ-იასამნისფერი, ლურჯ-მწვანე, ყვითელ-მწვანე...შემდეგ კი მოდის ამ ფერების უამრავი ელფერი.



image

და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ერთი თქმულება ფერებზე. იცით, რატომ ირჩევენ გოგონასთვის ვარდისფერ სამოსს, ბიჭისთვის კი—ცისფერს?

ერთი ძველი ევროპულ ზღაპრის მიხედვით გოგონები ჩნდებოდნენ ვარდისფერ ვარდებში.

რაც შეეხება ვაჟებს, ცისფერი—სამოთხის ფერია, ამიტომ ვაჟის მშობლები ფიქრობდნენ, რომ ამ ფერის სამოსით ბავშვს დაიცავდნენ ეშმაკისგან.

ამგვარად წამოვიდა ტრადიცია, რომ ახალშობილ გოგონებს ვარდისფერი ტანსაცმლით, ბიჭუნებს კი—ცისფერი ტანსაცმლით მოსავდენ!

0
224
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0