x
image
მანჩო 777
როგორ გაწირა თავი არქიეპისკოპოსმა, რათა ტაძრიდან შავი ჭირის გავრცელება თავიდან აეცილებინა
1770−1773 წლებში მოსკოვი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. ეს იყო ამ სახიფათო და ვერაგი დაავადების მასშტაბური აფეთქების ბოლო შემთხვევა ევროპაში: მხოლოდ 1770 წელს მოსკოვში დაიღუპა 60 000 ადამიანი, ხოლო მთლიანად ამ ეპიდემიის არსებობის სამწლიან მონაკვეთში მოსკოვის მოსახლეობის ნახევარი: 100 000 ადამიანი. დაღუპულთა შორის იყო ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მოსკოვის არქიეპისკოპოსი ამბროსი, რომელიც დაავადებას სულაც არ მოუკლავს - ის გამძვინვარებული ბრბოს შურისძიების მსხვერპლი გახდა. თუმცა მოდით, ყველაფერს თანმიმიდევრობით მივყვეთ:




image




როგორ იწყებოდა ეპიდემია მოსკოვში?

სავარაუდოდ, შავი ჭირი მოსკოვში თურქეთიდან შემოვიდა: ჯარისკაცებმა ის თან წამოიყოლეს რუსეთ-თურქეთის ომის დროს. საკონტროლო-საკარანტინო პუნქტები, რომლებიც საზღვრებთან იყო განლაგებული, საკმარისად ეფექტური არ აღმოჩნდა და 1770 წელს შავი ჭირი უკვე მოსკოვს ''ესტუმრა''. ინფექციის პირველი შემთხვევა გენერალურ სახმელეთო ჰოსპიტალში დაფიქსირდა, თუმცა საავადმყოფო მალევე დახურეს და მთლიანად მოაქციეს იზოლაციაში. 27 დაავადებული პაციენტიდან 5 გამოჯანმრთელდა, რაც საოცრად კარგი შედეგი იყო (შავი ჭირით დაავადებული 100 ადამიანიდან, როგორც წესი, მხოლოდ 6-7 თუ გადარჩებოდა ხოლმე).




image



გაჩნდა იმედი, რომ დაავადება კონტროლის ქვეშ მოექცა და მისი მასობრივი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობდა, თუმცა 1771 წლის დასაწყისში პოლიციაში შევიდა სიგნალი, რომ მაუდის მანუფაქტურის მუშები რაღაც უცხო დაავადებით იხოცებოდნენ და საწარმოს მეპატრონეების ბრძანებით მათ ღამ-ღამობით ჩუმად მარხავდნენ. ფაბრიკა პოლიციამ და ექიმებმა აიყვანეს კონტროლის ქვეშ და რომ არა ამ უკანასკნელთა მიერ დაშვებული შეცდომა, შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო არა შავი ჭირი, არამედ ტიფი და სანამ მედიკოსები ცდილობდნენ დაედგინათ ამდენი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, ეპიდემია უკვე მთელ ქალაქში გავრცელდა.


ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ

''შავ სიკვდილთან'' ბრძოლის მეთოდები XVIII საუკუნეში არც ისე ბევრი იყო: ღვიის კვამლის ჩასუნთქვა, არაყის დალევა, იმ ნივთებისა და ტანსაცმლის დაწვა, რომელიც ინფექციით გარდაცვლილს ეკუთვნოდა, საგნების და ნივთების ძმრით დამუშავება (ფულს ძმარში ალბობდნენ და შემდეგ აშრობდნენ). მოეწყო სანიტარული კორდონები, შეწყდა ქალაქში შემოსვლა, ანადგურებდნენ თურქეთიდან შემოტანილ საქონელს, დიდი ყურადღება ექცეოდა იმას, რომ გარდაცვლილები მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში დაესაფლავებინათ ან დაეწვათ.



image



მოსკოვის გუბერნატორი მიხვდა, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით თანამდებობა თავისივე სურვილით დატოვა. მოსკოვის გენერალური სახმელეთო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ყველაფერს აკეთებდა ქალაქის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ: ვერაგი დაავადება სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბს იღებდა და მისი კონტროლი უკვე შეუძლებებლი იყო. ქალაქში მცხოვრები მდიდარი ადამიანები მოსკოვიდან გარბოდნენ თავიანთ მამულებში და სოფლებში. დარჩენილები მოსკოვის ქუჩებში კოცონებს ანთებდნენ და ზარებს რეკავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი შავ ჭირს დააფრთხობდა და გააქცევდა.

ცა მოსკოვის თავზე კვამლით იყო დაბურული. ქალაქში ყოველდღე 1200-მდე ადამიანი იღუპებოდა, მათი დამმარხავი კი არავინ იყო. არსებობს ცნობები, რომ მოსკოვის გუბერნატორმა ციხიდან გამოუშვა სიკვდილმისჯილი და სამუდამო კატორღამისჯილი დამნაშავეები და მათ აიძულებდნენ მესაფლავეების როლი შეესრულებინათ. კატორღელებს, რომლებიც შეხედულებით ჯალათებს ჰგავდნენ, თავიდან ფეხებამდე ჰქონდათ გადაცმული შემზარავი ბალახონები, რომლიდანაც მხოლოდ თვალები მოუჩანდათ.



image



ისინი ხმამაღალი ყვირილით შევარდებოდნენ იმ ეზოში ან სახლში, სადაც შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანი იყო, სპეციალური კაუჭებით იღებდნენ მიცვალებულის სხეულს, გაჰქონდათ გარეთ და სპეციალურ ''მკვდრების დროგზე'' აგდებდნენ, შემდეგ კი ქალაქგარეთ მიჰქონდათ და ან წვავდნენ, ან სპეციალურად გამოყოფილ სასაფლაოებზე მარხავდნენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ სიკვდილს, ძარცვას, ყაჩაღობას და მარადიორობას, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენა გამხდარიყო, სასოწარკვეთილებამდე და პანიკურ შიშამდე მიჰყავდა ის მოსკოველები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დასწეოდა ''შავი სიკვდილი''.


არეულობის დასაწყისი მოსკოვში

სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მოსკოველების უკმაყოფილება: ადამიანებს, რომლებიც ისედაც დაზაფრული იყვნენ ახლობლების სიკვდილით, უმუშევრობით, შიმშილობით და გაჭირვებით (მოსკოვში ყველა მანუფაქტურა დაიხურა, რათა თავიდან აეცილებინათ ხალხის თავშეყრა და ინფექციის მასობრივი გავრცელება), ხშირად უწევდათ საკუთარი ქონების განადგურება შემოღებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შესაბამისად. მოსკოვის დატოვება შეუძლებელი გახდა, ადამიანები გამოკეტილი იყვნენ თავიანთ სახლებში, ხშირ შემთხვევაში საკვების და საწვავის გარეშე დარჩენილები.



image



ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ ადამიანების დამოკიდებულება მედიცინის მიმართ. იმდროინდელი რუსეთის დაბალი და საშუალო ფენა სკეპტიკურად იყო განწყობილი ექიმების და ზოგადად-მედიცინის მიმართ. ისინი დაავადებას განიხილავდნენ, როგორც ღვთის სასჯელს, მათ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის მოვლენილს. საავადმყოფოები და მკურნალები მათ აშინებდათ და ყველანაირად ცდილობდნენ არ ჩავარდნილიყვნენ ექიმების ხელში - ფიქრობდნენ, რომ იქედან ცოცხლები ვეღარ გამოაღწევდნენ. მიცვალებულებს ხალხი ჩუმად მარხავდა ისე, რომ პოლიციას ვერაფერი გაეგო. შავი ჭირით დაავადებულები სახლიდან გარბოდნენ და იმალებოდნენ, ოღონდ კი ლაზარეთში არ მოხვედრილიყვნენ. ასე ვრცელდებოდა ეპიდემია ქალაქში, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ სიცოცხლეს ანადგურებდა.


ბოგოლიუბის ღვთისმშობელი- უკანასკნელი იმედი

ამ საყოველთაო პანიკის და სასოწარკვეთის ფონზე უცებ ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ბოგოლიუბოვოს ღვთისმშობლის ხატს სასწაულმოქმედების უნარი აქვს და მხოლოდ მას შეუძლია ადამიანები იხსნას შავი ჭირისაგან. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ხატმა განკურნა შავი ჭირისაგან ქალაქების - ვლადიმირის და ბოგოლიუბოვოს მცხოვრებნი. მოსკოვში ბოგოლიუბოვოს ღვთისმშობლის ხატი დაბრძანებული იყო წმინდა ბარბარეს ტაძარში.



image



სწორედ იქეთ იწყო ხალხმა დენა, რათა ელოცა და ხატისთვის ეთხოვა გადარჩენა. ტაძართან მომლოცველების რიგი დადგა-ყველას უნდოდა სასწაულმოქმედ ხატს მთხვეოდა... დაიწყო ჭყლეტა და არეულობა.. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ზედმეტი იყო ჰიგიენასა და სამოქალაქო დისტანცირებაზე საუბარი.

არეულობა 1771 წლის 15 სექტემბერს დაიწყო: იმისათვის, რომ ტაძარში შემოჭრილი ბრბო და მათგან " გალოკილი" ხატი ინფექციის გავრცელების დამატებით წყაროდ არ გადაქცეულიყო, არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ, რომელიც საოცრად განათლებული და ჭკვიანი ადამიანი გახლდათ (მღვდელმთავარს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული), ბრძანება გასცა ხატი დაემალათ, ხოლო შემოწირულობის ყუთი დაებეჭდათ. ეს იყო უკანასკნელი წვეთი: აბობოქრებულმა ბრბომ იფიქრა, რომ ამბროსის სურდა მიეთვისებინა ის ძვირფასეულობა და საჩუქრები, რომლებიც მრევლს ღვთისმშობლის შესაწირად მოჰქონდა ეკლესიაში, ამიტომ ტაძრის ეზოში დაიწყო ბუნტი, რომელიც სულ მალე მთელ მოსკოვს მოედო. ყველაზე აგრესიული ამბოხებულები ხალხს აქეზებდნენ არქიეპისკოპოსის წინააღმდგ და მისი მოკვლისაკენ მოუწოდებდნენ. მღვდელმთავარი ამაოდ ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას ქადაგებითა და ტკბილი სიტყვით, ბრბო მას სასტიკად გაუსწორდა - მეუფე ამბროსი ხანჯლებით და ნაჯახებით აკუწეს.



image

ფოტოზე: არქიეპისკოპოს ამბროსის მკვლელობა


ამის შემდეგ აჯანყებულები კრემლში შეიჭრნენ, დალეწეს მისი კარიბჭე, დაარბიეს ორი მონასტერი, დაიტაცეს იქ არსებული ძვირფასი ნივთები და საეკლესიო სიწმინდეები, გამოათრიეს დონის მონასტრის წინამძღოლი და ნაკუწებად აჩეხეს, დაარბიეს ტაძრის ღვინის საცავები, სადაც უძველესი ღვინოები ინახებოდა. მთვრალები და აჟიტირებულები ამტვრევდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებოდათ, ხოლო ტაძრებიდან დატაცებული ნივთების გაყოფისას ნამდვილი ზედახორა გაიმართა... და ეს ყველაფერი ხდებოდა შავი ჭირის ფონზე... მდგომარეობიდან გამოსვლა გენერალ-პორუჩიკმა პეტრე ეროპკინმა შეძლო, რომელმაც მოახერხა და ჯარისკაცების და ოფიცრების როტა შეკრიბა კრემლის მახლობლად. მას შემდეგ, რაც ბრბომ წითელ მოედანზე არსებული ტროტუარების დანგრევა და იქედან აღებული ქვების და აგურების სროლა დაუწყო ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ კრემლის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები, გენერალმა ბრძანება გასცა მათთვის ცეცხლი გაეხსნათ. საარტილერიო სროლების განხორციელების შემდეგ ბრბომ უკან დახევა იკადრა. ერთმანეთის გვამებზე გადარბენით ცდილობდნენ აჯანყებულები თავის შველას.



image



აჯანყებულების დაშოშმინება ხელისუფლებამ მხოლოდ უმკაცრესი მეთოდების გამოყენებით შეძლო: დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, აჯანყებულებს კი პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. როგორც იტყვიან, აჯანყება სისხლში ჩაახშეს. დაპატიმრებული და მოკლული იქნა 3000-მდე ადამიანი. მთლიანად ამ დროისათვის მოსკოვში გარდაცვლილი იყო 100 000 ადამიანი-ზუსტად მისი მოსახლეობის ნახევარი.

დედოფალი ძალიან შეაშფოთა აჯანყების ამბებმა და არქიეპისკოპოსის მკვლელობამ, ამიტომ ის იძულებული გახდა პეტერბურგიდან გამოეწვია გრაფი ორლოვი, რომელიც ეკატერინე II-ის ყოფილი ფავორიტი იყო. ეტყობა, დედიფალმა იფიქრა, რომ ოროლოვი გადაწყვეტდა მოსკოვის ყველა პრობლემას, ან თუ ამას ვერ შეძლებდა, მასაც შეეყრებოდა შავი ჭირი და მომაბეზრებელი და მოწყენილი საყვარლისგან მაინც გათავისუფლდებოდა.



image



გრაფი ორლოვი, რომელიც გონაბაგამჭრიახი და უშიშარი ადამიანი გახლდათ, მოსკოვში ექიმების ჯგუფის თანხლებით ჩამოვიდა და პირდაპირ გენერალ ეროპკინთან გაეშურა. უშუალოდ მის სახლში მოაწყო შტაბ-ბინა და საქმეს შეუდგა. მოსკოვი დაყვეს სანიტარულ უბნებად და თითოეულ მათგანს მიუჩინეს ექიმი. გაიხსნა ახალი საკარანტინო პოსტები, მოეწყო სახელდახელო საავადმყოფოები. მარადიორებსა და მძარცველებს გვარდიელები ფაქტზე წაწყდომისთანავე ხიშტზე აგებდნენ, ან გაქცევის მცდელობისას ესროდნენ. მოსკოვი კარანტინის პოსტებითა და საავადმყოფოებით აივსო, ქუჩებში დენთის, ღვიის კვამლის და ძმრის სუნი იდგა. სახლებს, სადაც შავი ჭირით დაავადებული ადამიანი ცხოვრობდა, წითელი ჯვრით ნიშნავდნენ და დეზინფექციას უკეთებდნენ დამწვარი გოგირდით. გრაფი წარმოუდგენელი სისწრაფით ღებულობდა ახალ-ახალ ზომებს ეპიდემიის შესაჩერებლად. ის დღე-ღამეში 18 საათს მუშაობდა არაადამიანური დაძაბულობითა და მობილიზებით.



image



გარდა ამ ზომებისა, ორლოვმა გამოაცხადა, რომ ფულს გადაუხდიდა მათ, ვინც ჰოსპიტალიზაციას დათანხმდებოდა, ამასთანავე დაიწყო მასობრივი საგანმანათლებლო მუშაობა ხალხთან: გრაფი და მისი თანაშემწეები უხსნიდნენ მოსახლეობას ინფექციის გავლენას ადამიანებზე, თუ რა მნიშვნელოვანი იყო დაავადებული ადამიანების იზოლაცია და სანიტარული ნორმების დაცვა. სოციალურმა დაძაბულობამ იკლო, ეპიდემიამაც ნელ-ნელა დაიხია უკან და 1773 წლის ნოემბერში შავი ჭირი საბოლოოდ იქნა დამარცხებული.


1770-1773 წლების "შავი ჭირის" ეპიდემია იყო ამ საშინელი სენის უკანასკნელი ფართომასშტაბიანი აფეთქება ევროპაში. რა თქმა უნდა, "შავმა სიკვდილმა" ამის შემდეგაც არაერთხელ წამოყო თავი და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ეს შემთხვევები ლოკალური იყო და მსხვერპლის საერთო რაოდენობა 5000-ს არ აღემატებოდა. რუსეთის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიეპისკოპოს ამბროსის მკვლელები შერისხული იქნენ, ისინი ანათემას გადასცეს, შემდეგ კი ჩამოახრჩვეს.

არქიეპისკოპოსის ფერფლი დონის მონასტრის ეზოში დამარხეს. არანაირი ვერაგი განზრახვა არც ტაძრის შემოწირულობის მითვისების და ეკლესიის გაძარცვის არ ჰქონია ამ წმინდა მამას.. თავისი საქციელით მას მხოლოდ ის სურდა, რომ "შავი ჭირის'' ეპიდემიის გავრცელებისათვის შეეშალა ხელი და ამით რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე ეხსნა.



7
578
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
578
  
2020, 20 აპრილი, 23:49
ნეტავ მაშინ დახოცილიყვნენ ყველა,რამდენ გაჭირვებას გადავრჩებოდით.
2020, 19 აპრილი, 20:18
კომენტარები ან ყველა წაშალეთ და ან არცერთი
2020, 15 აპრილი, 22:54
თავად რომის პაპმა დაკეტა ეკლესია და მრევლის გარეშე წირვა გამოაცხადა აღდგომას და ჩვენ რა წითელი კოჭები ვართ, რომ არანაირი აკრძალვა არ გვეხება?
2020, 15 აპრილი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 აპრილი, 22:23
სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე დღეს ეს სტატია..იქნებ ათიოდე ადამიანს მაინც აუხილოს თვალი :(
2020, 15 აპრილი, 21:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2020, 15 აპრილი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7