ქალი და მამაკაცი ინდოეთში სიკვდილით დასაჯეს ოთხი მამაკაცი, რომლებმაც ავტობუსში გოგონა გააუპატიურეს 2020, 21 მარტი, 22:38 დელიში შედგა იმ ოთხი მამაკაცის სიკვდილით დასჯა, რომლებმაც 2012 წელს ავტობუსში ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურეს და მხეცურად ცემეს. აქშაი ტაკური, ვინაი შარმა, პავან გუპტა და მუკეშ სინგჰი სასამართლომ 2013 წელს სცნო დამნაშავედ. მოძალადეებს სახელმწიფომ სიკვდილი მიუსაჯა.
დამნაშავეები შვიდი წლის მანძილზე ტიჰარის ციხეში იყვნენ მოთავსებულები და სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულებას უცდიდნენ.
ეს პირველი სიკვდილით დასჯაა ინდოეთში 2015 წლის შემდეგ. ამ გახმაურებულ საქმეს უზარმაზარი რეზონანსი და პროტესტის დაუოკებელი ტალღა მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ათასობით დემონსტრანტი ითხოვდა მოძალადეების სამაგალითოდ დასჯას, რომლებმაც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა მიმავალ ავტობუსში გააუპატიურეს და ისე სასტიკად ცემეს, რომ მსხვერპლი რამდენიმე დღის შემდეგ მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ინდოეთის კანონმდებლობის თანახმად გოგონას სახელი საიდუმლოდ იყო შენახული. პრესაში მას უწოდებდნენ “ნირბჰაიეის”, რაც “უშიშარს” ნიშნავს. პოლიციამ ექვსივე დამნაშავე ცხელ კვალზე დააპატიმრა. ერთ-ერთი მათგანი, რამა სინგჰა 2013 წელს, პატიმრობაში დაიღუპა. როგორც სამართალდამცავები ვარაუდობენ, მან თავი მოიკლა. ხოლო ერთ-ერთი დამნაშავე 17 წლის იყო დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის. მან ციხეში 3 წელი დაჰყო, რაც ინდოეთში არასრულწლოვანთათვის მაქსიმალური სასჯელია. 2015 წელს ის ციხიდან გათავისუფლდა. ყველა ბრალდებულმა უზენაეს სასამართლოს სასიკვდილო განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლის თხოვნით მიმართა, მაგრამ სასამართლომ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. დამნაშავეებმა უკანასკნელი თხოვნა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინეს, თუმცა ამაოდ. განაჩენის აღსრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მსხვერპლის დედამ განაცხადა: “მე შვილის ფოტოსურათს მოვეხვიე და ვუთხარი მას, რომ სამართალმა როგორც იქნა იზეიმა”. ხოლო მსხვერპლის მამამ თქვა, რომ მას დაუბრუნდა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. სიკვდილმისჯილები საკუთარ ბრალს ბოლო წუთამდე არ აღიარებდნენ და ცდილობდნენ, სასიკვდილო განაჩენის აღსრულების გაუქმებისთვის მიეღწიათ. ციხეს, სადაც სიკვდილით დასჯა განხორციელდა, სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ. განაჩენის აღსრულების დროს ციხის შენობასთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც გაჰყვიროდნენ: “სიკვდილი მოძალადეებს!” ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ სამართალმა იზეიმა და დაამატა, რომ ინდოეთმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ქალთა ემანსიპაციას. გოგონა და მისი ბოიფრენდი 2012 წლის 16 დეკემბერს კინოში ერთად იყვნენ და ავტობუსით სახლში ბრუნდებოდნენ ინდოეთის დედაქალაქ დელის მუნირკას რაიონის გავლით. მათ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცმა ერთად შეგროვილი უცნობების მისამართით შენიშვნა გააკეთა, რადგან უცხო მამაკაცები გოგონას დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. როგორც დელის პოლიცია იუწყება, გოგონას თითქმის ერთი საათის მანძილზე აუპატიურებდნენ. პარალელურად მას და მის ბოიფრენდს ცემდნენ რკინის წკნელებით, რის შემდეგაც ორივე მათგანი მიმავალი ავტობუსიდან გზაზე ჩააგდეს. გოგონა სინგაპურის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, სადაც ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. სიკვდილის შემდეგ გოგონას გვამს კრემაცია ჩაუტარეს დელიში. 307 შეფასება არ არის
|