ქალი და მამაკაცი მამაკაცმა სასიკვდილოდ ცემა მეუღლე, ხოლო შემდეგ ვიდეო მეგობრებს უჩვენა 2020, 21 თებერვალი, 11:26 რუსეთში მამაკაცს 16-წლიანი პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც საკუთარი ცოლი ცემით კომაში ჩააგდო და მოკლა, რათა ვიდეო გადაეღო და ეს ვიდეო მეგობრებისთვის ეჩვენებინა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ “აკონტროლებდა” ქალს. შემთხვევა დასავლეთ რუსეთში, კერძოდ კი ლებედიანში მოხდა. ანასტასია ოვიანიკოვა ქმრის, მაქსიმ გრიბანოვის მხრიდან განხორციელებული თავდასხმიდან ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც გამოძიების პროცესში გაირკვა, მამაკაცი ცოლს საათების მანძილზე განუწყვეტლივ ცემდა, რათა მასზე “კონტროლი დაემყარებინა” მას შემდეგ, რაც ქალმა უთხრა, რომ მისი მიტოვება სურდა.
როცა 28 წლის ანასტასია საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმებმა მას სხეულზე უამრავი სისხლჩაქცევა უპოვეს. ქალს აღენიშნებოდა ასევე შინაგანი სისხლდენა და ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. საოჯახო კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქმარმა ქალი აიძულა, სამუშაო მიეტოვებინა და სახლში დამჯდარიყო, რადგან მამაკაცი ეჭვიანობდა და არ სურდა, რომ მის ცოლს ემუშავა. როგორც გაირკვა, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე უკვე კომაში იყო ჩავარდნილი. ექიმები ექვსი დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. მაგრამ ქალი ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. ოჯახის მეგობარმა განაცხადა: “ანასტასია ხარობდა სიცოცხლით და იმედებით იყო სავსე, ქმარმა კი ცხოვრება დაუნგრია. მაქსიმს ისევე უნდა მოექცნენ, როგორც ის მოექცა ანასტასიას”. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაქსიმ ლებედევმა სიამაყით უჩვენა საზარლად ნაცემი ცოლის ვიდეო საკუთარ მეგობრებს, რათა მათთვის აეხსნა, თუ როგორ უნდა “მოარჯულონ” ქალი. ოჯახის მეგობრებმა განუმარტეს პრესას, რომ გარდაცვლილ ქალს სხვა მამაკაცი უყვარდა და ცდილობდა, მხნეობა მოეკრიბა, რათა მოძალადე ქმარი მიეტოვებინა, რომელმაც აიძულა, მერიაში სამსახურისთვის თავი დაენებებინა და სახლში გამოკეტილიყო. პოლიციამ დაადგინა, რომ ქმარი წლების მანძილზე ცემდა, ამცირებდა და აწამებდა ანასტასიას, თუმცა ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან აშკარად ფიქრობდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. პოლიციამ თავდაპირველად მამაკაცზე საქმე შედარებით მსუბუქი მუხლით აღძრა, რაც განზრახ სხეულის დაზიანებას გულისხმობს. საქმე მხოლოდ მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც ქალი დაიღუპა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებიან, ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ რუსეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ შემცირებულა. იმის გამო, რომ პუტინის ხელისუფლება ცდილობს, “ოჯახის და ტრადიციული ფასეულობების” დამცველად პოზიციონირდეს, სამოქალაქო სექტორის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღვაწე ორგანიზაციების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის უმაღლესმა სათათბირომ წლების მანძილზე არ მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რუსეთში ყოველი მესამე ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი საკუთარი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არსებობს მსოფლიოს 145 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში). აღნიშნული კანონის არარსებობის პირობებში რუსეთში ყოველწლიურად 600 ათასი ქალი ხდება ოჯახური ძალადობის, ოჯახში წამების და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 755 1-ს მოსწონს
|