საბუნებისმეტყველო ასტრონომებმა კოსმოსში წარმოუდგენელი ძალის აფეთქება დააფიქსირეს 2020, 4 მარტი, 13:05 მეცნიერებმა კოსმოსში “დიდი აფეთქების” შემდეგ თავისი მასშტაბებით ყველაზე დიდი აფეთქება დააფიქსირეს. ის სულ მცირე, ხუთჯერ მაინც აღემატება ყველაზე მძლავრ კოსმოსურ ექსპლოზიას მათ შორის, რაც კი აქამდე ოდესმე შეუმჩნევიათ. აფეთქების წყაროდ იქცა დედამიწიდან 390 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის გული, რომლის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი მდებარეობს.
“მე შევეცადე, ეს აფეთქება ადამიანის გონებისთვის უფრო იოლი აღსაქმელი გამეხადა, მაგრამ ეს უაღრესად რთულია”, – “ბი ბი სისთან” ინტერვიუში განაცხადა აღმოჩენის ერთ-ერთმა ავტორმა მელანი ჯონსონ-ჰოლიტმა. “შთაბეჭდილებისთვის საუკეთესო, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, ესაა მილიარდობით მეგატონის სიმძლავრის საბრძოლო მასალის ოცი მილიარდი აფეთქება წამის ყოველ მეათასედში 240 მილიონი წლის მანძილზე, განუწყვეტლივ”.
მკვლევარებმა დიდი ხნის მანძილზე იცოდნენ, რომ გველისმჭერის თანავარსკვლავედში, რომელიც სფეროსებრ ვარსკვლავურ გროვებს და ბნელ მატერიას შეიცავს, რაღაც უცნაური ხდებოდა, თუმცა მეცნიერებს თავდაპირველად არ სჯეროდათ, რომ ამ მასშტაბების აფეთქების წყარო გალაქტიკის აქტიური გული შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ მერჩისონის ობსერვატორიიდან და გიგანტური ინდური რადიოტელესკოპიდან მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ ისინი იძულებულები გახდნენ, ერწმუნათ ის, რაც მანამდე შეუძლებლად მიაჩნდათ – რომ ამხელა აფეთქება მართლაც შავმა ხვრელმა გამოიწვია. “გარკვეული აზრით ეს აფეთქება შეიძლება შევადაროთ 1980 წელს, სენტ-ჰელენსის ვულკანის ამოფრქვევას, როცა ლავის ნაკადის ამოტყორცნამ მთას მწვერვალი მთლიანად წააცალა”, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, სიმონა ჯინტუჩი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ლაბორატორიიდან. აფეთქებისგან წარმოქმნილ კოლოსალურ ნაპრალს გაზის და ვარსკვლავის გიგანტურ გროვებს შორის ნახევარი მილიონი სინათლის წლის ზომა აქვს. 269 1-ს მოსწონს
|