საბუნებისმეტყველო ყველაზე ანომალიური ზამთარი დასრულდა. რა მოგველის წინ? 2020, 3 მარტი, 14:41 ზამთარი დასრულდა და მეცნიერებმა მათ ხელთ არსებული მონაცემები უკვე შეაჯამეს. აღმოჩნდა, რომ წლევანდელი ზამთარი არამხოლოდ მსოფლიოს ცალკეული რეგიონების მიხედვით, არამედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მთელ პლანეტაზე 1880 წლიდან დღემდე ყველაზე თბილი იყო. ევროპაში წლევანდელი ზამთარი საშუალოდ 3 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე 1910-2000 წლების საშუალო მაჩვენებელი, ხოლო გერმანიაში ტემპერატურული მატება 5 გრადუსიც კი აღმოჩნდა. ლონდონში მან 2 გრადუსი შეადგინა, ნიუ-იორკში 3, ხოლო მონრეალში – 4 გრადუსი.
კლიმატოლოგებმა წლევანდელ ზამთარს უკვე უწოდეს სიტყვა “ანომალიური”. იანვრის ბოლოს მათ იმედი ჰქონდათ, რომ თებერვალი ცივი თვე იქნებოდა და როგორღაც ტემპერატურული რეჟიმი საშუალო ნიშნულიდან იმდენად მკვეთრად არ გადაიხრებოდა, მაგრამ სულ ტყუილად: თებერვალი კიდევ უფრო თბილი აღმოჩნდა. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სითბომ 19 თებერვალს 4, 7 გრადუსიც კი შეადგინა, რაც ნამდვილად გასაოცარია.
მსგავსი ანომალიური ზამთარი პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. მართლაც, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პლანეტა საშუალოდ 1, 14 გრადუსით გათბა მე-20 საუკუნესთან შედარებით. შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ 1, 14 გრადუსი არაფერია და ჩვენ ამას ვერც კი ვიგრძნობთ, მაგრამ ამ 1, 14 გრადუსში მოიაზრება პლანეტა მთლიანად. ეს ტემპერატურის საშუალო მატებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგგან ტემპერატურა 7 ან სულაც 10 გრადუსით გაიზარდა, ზოგგან – პირიქით, დაიკლო კიდეც და ასე შემდეგ. ასე მაგალითად, კალიფორნიაში, სადაც 1913 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 56, 7 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა, სითბო 10 გრადუსით კიდევ რომ გაიზარდოს, ეს სიცოცხლესთან თითქმის შეუსაბამო შედეგს მოგვცემს, რადგან ცნობილია, რომ 70 გრადუსი ცელსიუსით არის ის ზღვარი, რის მიღმაც ცოცხალ არსებათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გადარჩება. ხოლო ტემპერატურის მსგავსი ანომალიური მატება თეორიულად შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაფიქსირდეს მსოფლიოში. 309 1-ს მოსწონს
|