x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არ უნდა ნიშნავდეს სექსში დომინირება ბატონყმობას ყოველდღიურ ცხოვრებაში
დომინანტურობა


დაბალი კულტურის და ინტელექტუალური განვითარების მქონე ადამიანებისთვის მთელი ეს ცხოვრება ერთგვარი სიბრტყეა. ისინი ამ სიბრტყეზე ვერ ხედავენ ვერავითარ წანაცვლებებს, ჩაღრმავებებს თუ მწვერვალებს, მსგავსად იმისა, რომ პატარა მწერი ვერ ხედავს, როცა ხის წელიდან ტოტებზე იწყებს გაფოფხებას. პატარა მწერისთვის მთელი ხე ერთნაირი სიბრტყეა. სწორედ ამგვარადვე, გაუნათლებელი ხალხისთვის ყველაფერი თითქოს სულერთია და მათთვის ყველაფერს აბსოლუტური და ბინარული მნიშვნელობა აქვს. რაც კარგი არ არის, მათთვის ცუდია; რაც შავი არ არის, თეთრია; სიცხეს პირდაპირ ანაცვლებს სიცივე, ხოლო ღამეს – დღე. გარდა ამისა, მათთვის ყველა ღამე უმთვაროა. არც ვარსკვლავები კიაფობენ სადმე. ერთი სიტყვით, წყვდიადია ყველგან და ყველაფერში.


მათთვის ყველაფერი რაღაც სიბრტყეა და თან ბნელი.


ისინი ანალოგიურად უყურებენ და აფასებენ სექსსაც. გაუნათლებელი ადამიანებისთვის წაშლილია ზღვარი სექსსა და ყოველდღიურ რუტინას შორის; მათი სექსი რუტინულია, ხოლო რუტინა – სექსიზმით და სექსუალური სულისკვეთებით გაჟღენთილი. ამ ჩლუნგ არარაობებს ელემენტარული ფანტაზია არ ჰყოფნით საიმისოდ, რათა მიხვდნენ, რომ ადამიანი სექსში ხშირად ცდილობს, ყოველდღიურობის ბორკილებისგან გათავისუფლდეს და ის როლები მოირგოს, რასაც არასოდეს განახორციელებდა ვთქვათ, ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ისინი ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება სექსში ძალიან დევოტური ადამიანი უკიდურესად დომინანტურიც კი იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ სექსუალური კონტენტი ყოველდღიურობაში გადააქვთ და დევოტური პარტნიორებისგან მოითხოვენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურმოჭრილი ყმებივით მოემსახურონ მათ (ამის ნათელი მაგალითია ჯაყო მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში”).



დომინანტურობა


ეს სიტუაცია – სექსუალური ურთიერთობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე განვრცობის და განზოგადების ფენომენი ძირშივე კლავს ყოველგვარი მრავალფეროვნების განცდის იმედს და ქალებს აიძულებს, იყვნენ მხოლოდ დომინანტურები. ქალების დიდი ნაწილი სექსში დევოტურია, თუმცა ისინი ამას ვერ ბედავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მასკულინურებად და დომინანტურებად წარმოჩნდნენ, რათა ელემენტარულად, თვითგადარჩენა და საკუთარი თავისუფლების შენარჩუნება შეძლონ იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მათი სექსუალობის და მათი ცხოვრების აბსოლუტურ კონტროლს მოითხოვენ იმის გამო, რომ ქალები მათთან მოდუნდნენ. სწორედ ასეთი მამაკაცები ახორციელებენ ფემიციდს და ხოცავენ ქალებს, რამეთუ მათ ქალები (რადგან ამ უკანასკნელებმა თუნდაც ერთხელ უჩვენეს მათ საკუთარი დევოტურობა), საკუთარ ყურმოჭრილ ყმებად მიაჩნიათ, ხოლო მათი აზრით ბატონს ყმის მოკვლის უფლება აქვს.


ჰოდა, სწორედ ეს უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს გაუნათლებლობის ეს სამარცხვინო ზეიმი საქართველოში, მაგრამ როგორ, როცა საპატრიარქოს ზეწოლის შედეგად ჩვენი უბადრუკი სახელწიფო სკოლებში სექსუალური სწავლების შეტანაზე საუბრის დაწყებასაც კი ვერ ბედავს?


საკითხავი აი ეს არის.

0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0