x
image
თორ ნიკე
ზევსი
ზევსი


ზევსი (Zeus, პოეტ. Zenos, რომეალთა იუპიტერი) - კრონოსის და რეას შვილი, კრონიდი, კრონიონი, პოსეიდონისა და ჰადესის, დემეტრას და ჰერას ძმა, ჰერას მეუღლე, პელასგთა ღმერთი, ბერძენთა უზენაესი ღვთაება, სამყაროს მრავლისშემძლე განმგებელი, "ახალი ბელადი" (ესქ.), ღმერთთა და ადამიანთა მამა, "მეუფე და მბრძანებელი" (ანაქს ბასილევს - ჰომ.), ციურ მოვლენათა განმგებელი, სტიქიათა გამომწვევი და დამამშვიდებელი, სამყაროს შემაზანზარებელი, მეხისა და ელვის მტყორცნელი, ეგიდის მპყრობელი, ოლიმპოს ღმერთთა უმრავლესობის და მრავალი გმირის მშობელი, დიოსი, წყარო ჭეშმარიტებისა, კეთილშობილებისა, მგოსანთა ღმერთის და დრო-ჟამთა ცვლის ქალღმერთთა მამა, ოლიმპიური თორმეტსახიანი პანთეონის მამამთავარი. ოლიმპიელთა მამამთავრის სახელში ხედავენ ინდო-ევროპული წარმოშობის სიტყვას "დივ" - ცა, სხივოსანი (შეად. დევი), ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს იმასაც, რომ აქაველთა და იონიელთა ეგეოსის რეგიონში შეჭრასთან ერთად ზევსის კულტმა შეავიწროვა პელასგების უფრო ადრინდელი პანთეონი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდო ჩანს. უფრო სავარაუდოა, რომ ზევსი კრეტული პელასგური ღვთაებაა.


ზევსი


პელასგებით დასახლებულ კონტინენტურ საბერძნეთში ინდო-ევროპელი პროტობერძნების პირველი შეჭრა მოხდა დაახ. 2300-1900 წლებში, მაგრამ ზევსის კულტი შესაძლოა ასევე ბერძნებამდელი, პელასგებისაც იყოს და ეს კულტი უკვე დახვედროდათ ინდო-ევროპელებს დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსვლისას, ვინაიდან ზევსი მჭიდროდაა დაკავშირებული კუნძულ კრეტასთან. ზევსის დედა, რეა-კიბელა იყო იგივე ქალღმერთი ნანა, რომელიც ხეთების რელიგიის ქალღმერთი გახლდათ და რომლის სახელიც ხშირად გვხვდება დასავლურ ქართულ, მეგრულ-ლაზურ სიმღერებში, როგორც მისამღერი და ასევე დღემდე ხშირად გამოიყენება საქართველოში ქალის სახელად. ის იყო ზევსის დედა და ათასი ღმერთის დედა, სწორედ ამიტომ იწოდება დიდ დედად. კუნძული კრეტა იმითაცაა საინტერესო, რომ არაბერძნული წარმოშობის ღმერთი - ზევსი სწორედ ამ კუნძულზე შვა რეა-კიბელემ დიქტეს გამოქვაბულში. ეს გამოქვაბული კი მდებარეობს კრეტას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდ რეგიონში, რომელსაც დღემდეც კი ლასითი (Lasithi) ეწოდება. ქალღმერთ რეა-კიბელას, ზევსზე მშობიარობის პროცესში იცავდნენ და მეთვალყურეობდნენ კორიბანტები, რეას ქურუმები, დამწერლობის შემქმნელნი, რომლებზეც სტრაბონი პირდაპირ წერს, რომ ისინი იყვნენ კოლხები. რეა-კიბელას კოლხები ასევე ეძახდნენ ფასიანეს და მისი დიდებული ძეგლი აღმართული ჰქონდათ ქალაქ ფასისის (ახლადელი ფოთის) შესასვლელში, სადაც ის ლომებშებმულ ეტლში დაბრძანებულიყო.



ზევსი


პროტო-კოლხური ტომები კონტინენტურ საბერძნეთში ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. პირველად იქ ისინი გადავიდნენ დაახ. ძვ.წ. 7000 წლისთვის და შეიტანეს ევროპის კონტინენტზე მიწათმოქმედება. ისინი შეადგენდნენ იმ პროტო-კოლხური, არაინდოევროპული მოსახლეობის გაგრძელებას, რომლებიც ავტოხთონურად იყო განსახლებული მთელ მცირე აზიაში და სამხრეთ კავკასიაში. შემდგომში ბერძნული წყაროები საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ კოლხებთან მონათესავე ტომებს მოიხსენიებენ პელასგებად. პირველად, კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნული ტომები შემოდიან როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, ძვ.წ. 2300-1900 წლებში, მაგრამ ვერ იკავებენ კონტინენტურ საბერძნეთს კიდევ 4 საუკუნის განმავლობაში. პელასგებზე დომინაციას ისინი მხოლოდ ძვ.წ. 1600 წლისთვის ახერხებენ, თუმცა პელასგები კვლავ რჩებიან დომინანტ ძალად საბერძნეთის მრავალ კუნძულზე და რაც მთავარია კრეტაზე. დაახ. ძვ.წ. 1450 წელს მოხდა კუნძულ სან-ტორინიზე ვულკანის ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია კუნძულ კრეტის კოლხ-პელასგური ცივილიზაციის და სახელმწიფოს დამცრობა, ვინაიდან ხალხის საკმაო ნაწილმა დატოვა კუნძული და გადმოვიდა საცხოვრებლად მცირე აზიაში. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ კუნძულზე გადმოდიან კონტინენტური საბერძნეთიდან ბერძნები და ასახლებენ კრეტას, იქ დარჩენილ მოსახლეობასაც ირევენ და და წარმოქმნიან დღევანდელი კრეტის ბერძნებს. თუმცა ბერძნები აქ არ ჩერდებიან და ძვ.წ. მე-13 საუკუნეში უკვე ცდილობენ გადმოვიდნენ უკვე მცირე აზიაში, მაგრამ როგორც ჰერბერტ ძებიში წერს, ანატოლიაში დომინაციაში ხელს უშლით ძლიერი კოლხ-პელასგური ქალაქ-სახელმწიფო ტროა, სადაც ბერძნულ ტომებთან დამარცხდნენ ქართველური ტომები და ამის შემდეგ ბატონდება ხმელთაშუაზღვისპირეთში ბერძნული ენა და სრულდება კოლხური დომინაციის ეპოქა. უამრავი კოლხ-პელაზგი გაბერძენდა, მოახდინა ასიმილაცია, ამას იმდენად დიდი მასშტაბები ჰქონდა, რომ დღევანდელ დღესაც კი ბერძენი მამაკაცების ნახევარზე მეტს გააჩნია არა ინდო-ევროპული ჰაპლოჯგუფი (R ჰაპლოჯგუფი და მისი განაყოფები), არამედ J2, რაც სამხრეთ კავკასიური, პროტო-კოლხებისთვის და შემდეგ კოლხებისა და პელასგებისთვის იყო და არის დამახასიათებელი. პელასგთა გაბერძნების თვალსაჩინო მაგალითია თავად აქილევსიც კი. ტროას ომის მთავარი გმირი, თვისტომთა მძლეველი აქილევსი იყო პელასგი, რომელმაც იბრძოლა ბერძენთა მხარეს.


ზევსი


დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იამნაიას (ორმოს) კულტურიდან გამოსული ინდო-ევროპელი პროტო-ბერძნული ტომები თავიდან საერთოდ არ ჰგავდნენ ჩვენთვის ცნობილ კლასიკური ხანის ბერძნებს, ისინი უფრო "დოთრაკიელებს" (მხატვრული და არა რეალურად არსებული ტომი) ან სკვითებს ემსგავსებოდნენ, მეომარი, ცხენზე ამხედრებული ტომები იყვნენ, მაგრამ საბერძნეთში მოსვლის შემდგომ ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან მათ დაიწყეს საბერძნეთში დამხვდური ცივილიზაციის, კოლხ-პელაზგების კულტურის ათვისება. კლასიკური ბერძნული კულტურა მთლიანად კოლხ-პელასგური კულტურის, ფილოსოფიის, მითოლოგიის, ჩაცმულობის, ცხოვრების სტილის ბუნებრივი გაგრძელება, მიბაძვა და შემდგომი განვითარება გახლდათ. ძვ.წ. XVI საუკუნეში ბერძნები და მათს ენაზე გადასული, გაბერძნებული პელასგები, აწ უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული პელასგური ა-ხაზოვანი დამწერლობიდან ქმნიან ბ-ხაზოვან დამწერლობას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სრულად არ ერგება მოსულთა ენას, ამიტომ დაახ. ძვ.წ. მე-8 საუკუნისთვის ბერძნები ქმნიან ანბანურ დამწერლობას თავიანთი ენისთვის ფინიკიურ ანბანზე დაყრდნობით.


ზევსი


ამ ყველაფრის შემდგომ ძალიან საგულისხმოა, რომ ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთი იბადება საბერძნეთის "ყველაზე კოლხ-პელასგურ კუნძულზე" კრეტაზე და იქაც იმ რეგიონში, რომელსაც სახელად ჰქვია ლასითი და იბადება არაინდოევროპული, ანატოლიური, ძველფრიგიული ანუ მუშქური (მუშქეთი - ასე მოიხსენიებდნენ ფრიგიას ასირიელები იქ ინდო-ევროპელთა შეჭრამდე) ქალღმერთის - რეა-კიბელეს წიაღიდან.

როცა ზევსი გაიზარდა, გაძლიერდა და მამა კრონოსი ტარტაროზში ჩააგდო, ტახტისთვის ამხედრებული ტიტანები კი დაამხო, გონივრულად დაანაწილა არსი ყოველი. ქვესკნელი ჰადესს მისცა, ზღვა - პოსეიდონს, ცა და ქვეყნიერება კი თავად დაიტოვა, შეირთო ჰერა და ოლიმპოდან განაგებს ქვეყნიერების ბედ-იღბალს, თუმცა ზღვისა და ქვესკნელის საქმეებშიც ისეთივე შეუზღუდავი მბრძანებელია, როგორც იყვნენ მიკენის მეფეები თავიანთ სამეფოში. ჰერა არც პირველი მეუღლეა ზევსისა და არც ერთადერთი. ზევსის პირველ ცოლად ითვლება ადამიანური გონების განსახიერება - ოკეანისა და ტეთიდას ასული - მეტიდა (ჰეს. თეოგ. 886), მერე ლეტო - აპოლონისა და არტემიდეს დედა. ზევსი აწესებს კანონებს, ამკვიდრებს წესრიგს, იცავს სამყაროს ჰარმონიას, სასტიკად სჯის დამნაშავეებს, არჩევს კეთილსა და ბოროტს, რითაც ბედისწერას უახლოვდება, თუმცა ბედისწერას თვით ღმერთებიც ემორჩილებიან და ვერც ზევსი აღწევს თავს. შეადარეთ სკანდინავიური დონარ-თორი, ინდური ინდრა, დიაუს, იგ. ტიუ(რ)...


ზევსი


ზევსი კანონ-წესთა მცველია, თუმცა თავად ხშირად არღვევს მათ, თუნდაც ზნეობრივ სფეროში. ხან წვიმის სახით უკავშირდება მიწიერ ქალწულებს, ხან ხარის, ხან გედის სახით. მისი შვილებია არესი, ჰებე, ჰეფესტო (ჰერასაგან), ჰორები და მოირები (თემიდასაგან), მუზები (მნემოზინასთან), აპოლონი და არტემიდე (ლეტოსთან), პერსეფონე (დემეტრასაგან), აფროდიტე (დიონესგან), ჰერმესი (მაიასთან), მშვენიერი ელენე (ლედასთან), ჰერაკლე (ალკნემელესგან), ქარიტები (ევრინომესთან), დიოსკურები (ლედასგან), ეაკე (ეგინასთან), ეპაფე (იოსგან), არკადი (კალისტროსგან) და უთვალავი სხვა. პირველი მოკვდავი ქალი, რომელთანაც ზევსმა დაამყარა სექსუალური კავშირი, ფორონევსის ასული ნიობე იყო, ხოლო უკანასკნელი - ალკმენე. პირველმა აჩუქა არგოსი და ალბათ პელასგიც, მეორემ - ჰერაკლე. პირველი ცოლი, მეტისი (ჭკუა-გონება) გადაყლაპა და ათენა შვა საკუთრი თავიდან. ჰეროსებიდან ჰერაკლესა და დიოსკურების გარდა ცნობილია პერსევსი. კალისტოს არტემიდეს სახით მოევლინა და შეაცდინა.


რთულია და ნაირფეროვანი ზევსის სახე. ვარონი 300 ზევსს ითვლის, ციცერონი - სამს. აქ დიდ როლს თამაშობენ ძველი, ადგილობრივი (კოლხ-პელასგურიც და ბერძნულიც) ღვთაებები, რომლებიც კლასიკურ ხანაში (ძვ.წ. VIII - ახ.წ. VI სს.) ზევსის საყოველთაო, უნივერსალურ სახეში გაერთიანდნენ. ასე, არგოსში მეხს ძველად აგამემნონი ტყორცნიდა, თებეში ეს საქმე ამფიტრიონს ეკისრებოდა, იმ დროის ნიშნად შემორჩა ზევს-ამფიტრიონი, ზევს-აგამემნონი, ზევს-ამფიაროსი...


ზევსი


პატრიარქატის ეპოქის მიკენური ცივილიზაციის (ძვ.წ. 1600-1100 წწ.) ადგილობრივი ღმერთი პირველ ხანებში გარკვეულ რეგიონში მბრძანებლობდა როგორც ბუნების მეუფე, ქარსა და ამინდს ცვლიდა, მეხსა და ელვას სტყორცნიდა. "კაცთა და ღმერთთა მამა" (ჰეს. თეოგ. 47) უთუოდ მაღალ მთაზე უნდა მჯდარიყო (ოლიმპო, იდა, კათერონი, პარნასი, ეტა, ჰელიონი, იტ. ჰომე), თანდათან გამხდარიყო მსოფლიო ბედისა და გონების გამგებელი, სახლის და სტუმრის, ქალაქთა და ნავმისადგომთა, უცხოელთა და მავედრებელთა მფარველი.


ზევსის ხვედრია არა ოდენ ნექტარი და ამბროსია, მსგავსად ძველ ბებერ ტირანთა, საკუთარი სიამე რომ დაუყენებიათ მარად და ყველგან ყველაზე მაღლა. არა, ზევსი ღმერთების მეფეა (ილ. 15, 187), მაგრამ არ ემსგავსება საკუთარი შვილების მყლაპავ ურანოსს. ეს უფრო ნათელი, ახალი, სრულყოფილი მეუფეა, სინათლის მადიდებელი და ბნელის (ტიფონის, ტარტაროზის, გიგანტების) დამამხლობელი, განათლებულ ადამიანთა ზოგადი ოცნების ხორცშესხმული სახე. უზენაესია, მაგრამ ყოველ სფეროში საქმის გამგებელი ჰყავს და მისებრ სრულუფლებიანი მსაჯულები არიან. პოსეიდონი ზღვაზე, ჰერა ქორწინებს საქმეში, აპოლონი პოეზიის სამეფოში, ჰადესი - ქვესკნელში და ა.შ. ზევსი კი მაინც უზენაესია. თვითი პოსეიდონი მას შესთხოვს დახმარებას, როცა ერეხთევსმა შვილი მოუკლა და დასჯა მოიწადინა. ძააუფლებათა ასეთი სიუხვე და სიმრავლე სამყაროს ახალი ჰარმონიის სარწმუნო საბუთია.


ზევსი და ჰერა


ღრუბლებში აწვდილა ოლიმპოს თეთრი მწვერვალი, იქ დგას ღმერთებზე ამაღლებული ზევსის ტახტი. იქიდან ზვერავს და განაგებს, რისხავს და იწყალებს ტომებს და გმირებს, ყველა ღმერთზე ძლიერი. შეარხევს ეგიდას - ავარდება ქარიშხალი თუ მსუბუქი ქარი, დაეშვება წვიმა თუ სეტყვა - წყალობისა თუ რისხვის კვალობაზე. შემთხვევით არ არიან ჰორები მისი და თემიდას ასულები, ჟამთა და დროთა ცვლაც ბუნების მოწესრიგების შედეგია. მის სასახლეში ორი ჭურჭელი დგას, ერთი სავსეა სიკეთით, მეორე - სიავით. ვინც რას იმსახურებს იმას იღებს და თვითონ ირჩევს საჩუქრებს ყველა მოკვდავი. ეს მის ქცევაზეა დამოკიდებული (ილ. 24, 527). ადამიანთა სვე-ბედს ოქროს სასწორზე წონის, მაგრამ ეს ზოგადად. კერძოდ კი, ამ საქმეში ეხმარებიან მოირები, თანატოსი, ჰება და ა.შ. არც ზევსს ეამება ბებერი ევმენიდების სიმახინჯე, მაგრამ ვერ მოიცილეს, ეს აუცილებლობაა. როგორც ღმერთთა და კაცთა გამგებელი, მათი მომავლის მეუფეცაა, თავის ნებას გვამცნობს ხან ჭექა-ქუხილის, ხან მისნის, ხან სიზმრის, ფრინველთა ფრენის, ფოთლების შრიალის, ტალღების ხმაურის, ცხოველთა ქცევის საშუალებით და თვით მისანთა მეფე აპოლონი მხოლოდ მეტყველი პირია, რითაც ზევსი თავის ნებას ამცნობს ადამიანებს.


ზევსი


ზევსის ძალაუფლება უზენაესია, მაგრამ არა უსაზღვროდ უნივერსალური. ყველა სფეროს თავისი მესვეური და განმგებელი ჰყავს. მათ გაუნაწილა ძალა. ეს საჭირო იყო, თავად ბერძენთა პანთეონის დიდი შინაგანი წესრიგის პრინციპი ითხოვდა ამას. მართალია, ღმერთების ძალაუფლება მრავალმხრივია და ადამიანი მათ ვერ შეზღუდავს, მაგრამ თავად ღმერთები იზღუდებიან და ყოველ მათგანს თავისი გარკვეული მთავარი ფუნქცია აკისრია: ჰელიოსს მზის ეტლის ტარება, პოსეიდონს ზღვათა მეუფება, თანატოსს - სიკვდილი, მოირებს - დევნა, აფროდიტეს - სიყვარული. ამდენად, თვით ქვეყნიერების განმგებელი მეხთამტყორცნელის კრონიდის ძალაუფლება არაა შეუზღუდავი. ამ მხრივ, მეტი ბრალი ედებათ ძველ ტირანებს, მოძალადეებს, რომელთაგანაც ზოგიერთი - ყველაზე უფრო ბრიყვი და უღირსი უნივერსალურ ძალაუფლებას იჩემებს ხოლმე და არავის არაფერს ეკითხება. ზევსს შეუძლია სხვა ღმერთები დაამხოს, წაართვას ძალაუფლება, მაგრამ მაღალი ოლიმპიური შეგნებით იკავებს თავს და ამას არ აკეთებს. თუმცა უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა სხვა ღმერთი. ვიდრე თვით ოკეანე და მდინარეები. ყოველი არსი ცახცახებს მისი მეხის ქუხილზე. ყოვლისმხილველი ზევსი დინჯად ისმენს ქურუმთა - პელეიადების (მტრედების) გალობას: "ზევსი იყო, ზევსი არის და ზევსი იქნება! ო, დიდო ღმერთო, ზევსო! ნაყოფს აფრქვევს გე, ამიტომ უწოდეთ დედა გეას!". პელასგური ჟამის სიმღერები ადიდებენ ზევსს და მისდროინდელ თანამოტაძრეს - დიონეს, მის შვილთა მარჩენალ დედა-მიწას. დოდონურის მსგავსი ღვთაება იყო ძველი კრეტელი ზევსი. აქ შობილა საიდუმლოდ და "თვით დიადმა მიწა იზრუნა" მის გასაზრდელად (ჰეს. თეოგ.).


ზევსი


კრონოსს რომ არ ჩაეყლაპა, კურეტებმა ანუ კვირბანტებმა გადამალეს თავიანთ გამოქვაბულში. მის ნაცვლად კი რეამ ქვა ჩაუგდო კრონოსს პირში (ამ ქვას დელფოში ძვ.წ. II საუკუნემდე აჩვენებდნენ). მერე ყრმა ზევსს თხა ამალთეა აჭმევდა ძუძუს. მელისევსის (თაფლი-კაცის) ასულები - ნიმფები ასმევდნენ რძეს, მთის ველურ ფუტკართა ფიჭის თაფლთან ერთად. ბევრი რამ თქმულა ზევსის მარჩენალ ამალთეაზე. ჰომეროსის კომენტატორთა, ასევე ჰიგინის თანახმად, ესაა ოკეანის ან მელისევსის ასული. სხვათა ცნობით, ნიმფა, რომელიც ზევსს თხის რძითა და თაფლით კვებავდა, ზოგის აზრით კი, თვითონაა თხა (ასევე მოგვითხრობს აპოლოდორე). ორფიკების ვერსიით ამალთეა მელისევსის ცოლია, მისი ასულები ადრასტე და იდა კი - ძიძები. ჰიგინი საინტერესო დეტალს გვაწვდის: ამალთეამ ჰაერში დაჰკიდა აკვანი, ხის ტოტზე, რათა ის ვერ ეპოვათ ვერც ხმელეთზე, ვერც წყალში, ვერც ცაშ (ფაბ. 139). სადავოა ისიც, თუ სად ზრდიდნენ ზევსს ამალთეა, ნიმფები და კურეტები: დიქტეს მღვიმეში თუ იდას მთებში. რაც შეეხება კურეტებს, ისინი ზევსის ქურუმები იყვნენ. მათი ტრადიციული ხმაური ფარავდა ყრმის ტირილს, რომ ეხსნათ ის. სტრაბონის მოთხრობას ამის თაობაზე ის საფუძველი აქვს, რომ აკვანთან მავნე სულებს მართლაც ხმაურით აფრთხობდნენ და განარიდებდნენ ყრმას. ასე ზრდიდნენ კურეტებიც კუნძულ კრეტის ბუნების წიაღში სამყაროს შემზანზარებელს. "მყუდროდ შეფარებული ზევსი ისმენდა ტყის მუსიკას და თავდაპირველი სახით ბუნებასთან ერთად გაფურჩქნული, ბუნებასთან ერთად კვდებოდა: კრეტაზე ბუნების ძველი ღვთაების სამარესაც კი გვიჩვენებენ. მერე, პოეტურ წარმოსახვაში სრულყოფილი, კრონოსსა და ტიტანებს შეება. ძალა და ნაყოფიერება იყო ზევსის სტიქია, ხარის სახით რომ წარმოადგენდნენ. ხარის სახით მოევლინა ევროპას, ხარის სახით შექმნა მინოსი, რადამანთისი, სარპედონი.


ზევსი


კრეტელი ზევსის მოდევნო და მსგავსი სახეა არკადიული ზევსი. პელასგეს შვილმა აუგო ლიკაონის მთაზე საკურთხეველი და დაუკლა ღვიძლი შვილი, რისთვისაც, განრისხებულმა ზევსმა მგლად აქცია (ლიკოს - მგელია). აქ წარმართული ბარბაროსობაც ასახულია და დახვეწილი კულტურაც, ადამიანის მსხვერპლს რომ უარჰყოფს და სისასტიკეს მეხით თრგუნავს. ეს წინსვლა უმსხვერპლოდ არ მოხდებოდა. მომდევნო, ეგვიპტურ ამონ-ზევსის, სერაპისის და დოდონ-ზევსის კულტების მსგავსება მოწმობს, რომ ეს ორი რელიგია ერთიმეორეში გათქვეფილა, ერთი ძირიდან მომდინარეა. დოდონაში ზევსის მეუღლე იყო დიონე, მას მომავალს ამცნობდა წმინდა ბერმუხის ფოთლების შრიალი. სამაგიეროდ ხთონიურია, ესეიგი წმინდა აფგილობრივი - ზევსი ტროფონიოსი. მისი ლებადეის ტაძარი და ორაკული, საერთოდ ზევსის სახე და მთელი პოეტური სამყარო, პოეტებისა და ტრაგიკოსების შთაგონების წყაროა.


ზევსი ახალი, უკეთესი წესრიგის სახეა, და მაინც მიუწვდომელია ზევსის ჭირვეულობაც. მაგალითად, რისთვის დასჭირდა, რომ იონებსს საკუთარი ასული გორგე უგვანოდ შეჰყვარებოდა და მისგან ტიდევსი ჰყოლოდა? ან როგორ შეშურდა სანდო პეროფანტესი, რომელიც არწივად აქცია იმისთვის, რომ ხალხს უყვარდა? ეს რეალისტური ამბავი, სენი, რომელიც ყველა ტირანის გულს ღრღნის, არც ზევსისთვისაა უცხო და აბათილებს იმ მკვლევართა აზრსაც, რომელნიც ჰერაზე ამბობენ, ათენასი და არტემიდესი როგორ შეშურებოდაო!


ზევსი


ზევსის პირველი იარაღია მეხი და ელვა. ამიტომაც მეხთამშენი. ზევსი კრებს და ფანტავს ღრუბლებს, აქედან მოდის მისი ზედწოდება ღრუბელთამკრები (ნეფე ლეგერატა) სხვა ზედწოდებანი (ძირითადად ჰომეროსისეულია): შურისმგებელი (ალასტორ, ალისტერიოს), უბედურების განმარინებელი (ალექსიკაკოს), ოჯახის მფარველი (ელევთერიოს, ეფესტიოს), ქორწინების მფარველი (გამელიოს), გვარ-ტომის მფარველი და წინამძღოლი (გენეთლიოს), წვიმის მომყვანი (პენელენიოს), განმწმენდელი (იპატოს, კაბარზიოს), ზეთისხილის მცველი (მორიოს), თავშესაფრის მაძიებელთა მფარველი (იკეტესიოს), ლტოლვილთა მფარველი (ფიქსიოს), ქალაქთა მფარველი (პოლიოს), ელვისმტყორცნელი (ასტეროპეტეს). გადამთიელთა უღლისაგან მხსნელი და საერთოდ მფარველი და მხსნელი (მილიქიოს, ზევს სოტერ), კაცთა და ღმერთთა მამა (პატერ ანდროს ტე თეონ), უზენაესი განმგებელი, ღმერთთა შორის უდიდესი (მეგა, მეგისტოს), ყველა მადლის მომნიჭებელი, ერთგულების გუშაგ-მფარველი, ატიკის ზეთისხილის წმინდა ჭალის მფარველი (მორიოს), ძველ პელასგთა ტომის ღმერთი (ზევს პელასგიკოს)...


ზევსი


ზევსის ზედწოდებები ზ. ბასილევსი - მეფის სახით ზ. ხთონიოსი - მიწის განსახიერება, ზ. ომბრიოსი - განმანაყოფიერებელი წყლისა, უფრო კი დაკავშირებულია მაინც მეხთან (ბრონტე - მეხი; ბრონტოპოიოს, ლუკ., ზევსი ბრონტონი).

ყოველი მეფე ცდილობდა ზევსისთვის მიებაძა, ამ მიზნით მრავალი მრავლი მბრძანებელი ეძახდა თავს "დიოგენეისს" - ზევსის შვილს, მაგრამ გონების სივიწროვის გამო ცოლების გამოცვლაში უფრო ბაძავდნენ, ვიდრე სიბრძნეში.


ბერძნულ მითებს მიამიტურსა და გულუბრყვილოს ეძახიან ხოლმე, მაგრამ ფანტაზიის ამ მიამიტურ თამაშში ისეთი ჭკუა და ღრმა გააზრებებია ჩაქსოვილი, რომელთაც განსხავლული მკვლევარები ათასი - ორი ათასი წლის შემდეგ სწვდებიან და ზოგი რამ დღემდე მიუკვლეველი რჩება. მაგალითად ათენას შობა ზევსის თავიდან ასეა გააზრებული: ჭექა-ქუხილის შავი ღრუბლები წვებიან დედამიწის თავზე (ძევსი ხომ ჭექა-ქუხილის ღმერთიცაა). უეცრად იელვებს, ნათლის ნაპერწკალი გახლეჩს შავ ღრუბელს და მავნეს ეცემა ცეცხლის ისარი - მეხი. ეგიდის მპყრობელი ათენა - მეომარი ქალღმერთია, ნათელი გონების განსახიერება, ბოროტთან მებრძოლი. ღრუბლის გამხლეჩი ელვა - ესაა ჰეფესტოს ნაჯახი, რითაც მჭედლობის ღმერთი აპობს ზევსის თავს და იშობა ათენა, ან სხვა ვერსიით: ჰეფესტოსმა ნაჯახი დაჰკრა შავ ღრუბელს და გააჩინა შუქი-ათენა. თვით ჰეფესტოსის კოჭლობაც იმითაა მოტივირებული, რომ მჭედლობაც უმთავრესად ისეთი ხელოსნები დგებოდნენ, რომელთაც ჰქონდათ ღონე, მაგრამ ფიზიკური ნაკლის გამო არ გამოდგებოდნენ, მაგალითად მეომრებად, მწყემსებად.

ჰომეროსი "ილიადაში" (1, 528) იძლევა ზევსის იდეალურ სახეს, მის პირველ პოეტურ პორტრეტს.


ზევსი


ხელოვნებაში კი ზევსის იდეალური სახეა ტახტზე მჯდომარე ბუმბერაზი ღმერთი ოქროსა და სპილოს ძვლისა, კვერთხით ხელში, ფერხთით არწივია (ფიდიასი, ოლიმპია). ესაა სამყაროს მეუფე, რომელიც მოკვდავთა სათხოვარს ისმენს. ფაფარივით უხვი გრუზა ღვთაებრივი თმა მხრებზე ეცემა, წვერ-ულვაში დიდებული, შუნლი მაღალი, სახე ციური, მშვიდობისა და სიმშვიდის მაუწყებელი, ამაღლებული, 12.5 მეტრის სიმაღლისა, ზეთისხილის სამშვიდობო რტოებით შუბლდამშვენებული, დამწუხრებულისათვის შვების მომნიჭებელი, ბუმბერაზი, სამყაროს მეუფე, ქვეყნიერების ერთ-ერთი საოცრება, თითქმის 900 წელი რომ აოცებდა მნახველს, ვიდრე 900 წელს ხანძარი იმსხვერპლებდა ფიდიასის გენიის ამ შედევრს.


ზევსი


ვატიკანის ზევსი ტახტზე ზის, მარჯვენით მეხი უჭირავს, მარცხენით სკიპტრას ეყრნობა. ერთი ასეთი ასლი ერმიტაჟშია.

პიო-კლემენტინოს მუზეუმში ინახება დიდებული ბიუსტი. სხვა პლასტიკურ ქმნილებებში უფრო ახალგაზრდაა, ნაკლები თმა აქვს, მეომრული სულისკვეთება შეიცნობა ნაკვთებში. წმინდა ცხოველები და ატრიბუტები" არწივი, ხარი, მუხა, მწვერვალნი, ეგიდა, კვერთხი, ელვის ენა, საკულტო ფიალა. ხელზე ნიკე უზის - გამარჯვებისა და შეჯიბრების ქალღმერთი. ზევსს თაყვანს სცემდნენ ყველგან, მაგრამ საკულტო ცენტრები ჰქონდა ოლიმპიასა და ელიდაში. მის სახელზე ტარდებოდა ოლიმპიური თამაშობანი, რომელთაც ჩვენს დროში საყოველთაო დიდება დაიმკვიდრეს ორივე ნახევარსფეროზე. ჰომ. ტრაგ., (აპოლოდ. 1, 1, 6-7...; 3, 5-6...; 3, 40, 1-4 (7, 11) და სხვ.

ზევსის მეორე დახვეწილი სრულყოფილი სახეა გიგანტომაქიის ძალუმი ზევსი, მეხის მტყორცნელი რომ მიაბიჯებს (მონეტებზე, დოდონას ქანდაკის სახე, დაახ. ძვ.წ. 480 წ.); პარიზის და ტარენტის მუზეუმების ლარნაკთა გამოსახულებანი, ბერლინის მუზეუმის ზევსის თავიანი სტატერი (მონეტა, დაახ. ძვ.წ. 350 წ.); კარიელი ზევსი (წათიანი მეომარი), - სტრატიოსი, და სხვ. მრ.


ზევსი


რომაელთა იუპიტერი იგივე ზევსია. სახელიც ნაწარმოებია იოვის - ზევსი "ძ" ასოს ცვლის იოტა, როგორც ხშირად ხდება. ცხადია, რომში ბევრი ორიგინალური გაგება, ნიუანსი, დამატება, პოეტური იერი და ხატოვანი თქმაა დაკავშირებული ზევსის ორეულთან, მაგრამ არსებითი არაფერი.

ზევსს ვინ ახსენებდა, მაგრამ გარკვეული მკაფიო სახეები მოგვცეს ჰომეროსმა, პესიოდემ, დიდმა პოეტებმა, ტრაგიკოსებმა, კერძოდ ესქილემ მიჯაჭვულ პრომეთეში და გოეთემ ლექსში "პრომეთე" გვიჩვენეს ზევსი-ტირანი, რომელიც ძალით ახშობს თავისუფალ მისწრაფებებს და ბრმა მორჩილებას ითხოვს, რასაც წინ აღუდგა ტიტანი პრომეთე. ღმერთი, რომელსაც ქართული ამირანი შეება, წარმართულ ზევსს მოგვაგონებს.


წყარო 1: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.

წყარო 2: გია კვაშილავა. Pelasgians; Neolithic, bronze age and iron age migrations around Europe; Minoan civilization.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი II)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
596
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
596
  
2022, 4 ივლისი, 2:43
საინტერესოა, თუ რას წერდნენ კოლხებზე ძველი ბერძნები: აპოლონიოს როდოსელი (Apollonius of Rhodes, IV.277-281) თავის "არგონავტიკა"-ში წერს: "კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათა ნაწერები ამოკვეთილი კვირბებზე, რომლებზეც ირგვლივ, ყოველ მხარეს, მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი." (აკ. ურუშაძე, 1970, გვ.265; 1964, გვ.152). კვირბ არის ცხვარი. კირიბ მეგრულში მაგალითად. და ბერძნულშიც დამკვიდრებული იყო პელაზგებისგან ან კრეტელებისგან ეს სიტყვა. როგორც ჩანს ეს რუკები ჩახაზული იყო ცხვრის ტყავებისგან შექმნილ დიდ ეტრატებზე. ამიტომ დაარქვეს კირიბები, კვირბები ანუ ცხვრისები.
მაგეების გამშიფრველებს და მცოდნე ქურუმებს კი ეწოდებოდათ კვირბანტები ან კორბანტები, კორიბანტები. ეს ქურუმები იყვნენ დამწერლობის ღმერთებად მიჩნეული შემდგომში ბერძნებში და ზევსის მცველებად. მაშინ როცა კოლხურ-პელაზგურმა ქალღმერთმა რეამ, იგივე კიბელემ, ფასიანემ ანუ ნანამ შვა ზევსი კრეტაზე, ერთ-ერთ გამოქვაბულში. ჩემი მოსაზრებით, აქედან მოდის საქართველოს წილხვდომილობის ტრადიცია ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროში. საქმე ისაა, რომ ზევსის (ღმერთის) დედა, მშობელი იყო კოლხური ქალღმერთი ნანა, ფასიანე, იგივე რეა-კიბელე, რომლის ძეგლიც აღმართული იყო ისევ ბერძენი მოგზაურების პერიპლუსების მიხედვით ფაზის-ქალაქის ზღვის მხრიდან შესასვლელში. მის მიწად ითვლებოდა კოლხა. როცა ქრისტიანობა შემოვიდა, ძველი ტრადიციები და გადმოცემები შეერწყა ახალ რელიგიას და მივიღეთ წმინდა მამათა გადმოცემა იმაზე, რომ იბერია ღვთისმშობლის მიწააო.
2022, 2 ივნისი, 12:59
"კრეტაზე ჩასული პითაგორა იდას მთაზე ეახლა მარგის ქურუმებს, დაქტილებს, რომელთაგანაც მიიღო განწმენდა მეხთამტყორცნელი ქვით და რომელნიც გადაცმულნი იყვნენ შავი ვერძის ტყავში. მან იქ დაჰყო სამჯერ ცხრა დღე. იდას მთაზე პითაგორამ იხილა ზევსის საფლავი, სადაც მან წააწერა შემდეგი ეპიტაფია:
"აქ განისვენებს ზანი, რომელიც ხალხისთვის ცნობილია, როგორც ზევსი".
ლაერტელი დიოგენე - "გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება და სწავლებანი". გვ. 79.
"ზან"-ი არის იგივე კოლხი. დღემდე ასე უწოდებენ სვანები, აფსუები, ჩერქეზები და სხვა კავკასიელები მეგრელებს და ლაზებს.
2020, 10 მაისი, 4:24
წინსართები "ქვე" და "ზე" არის ნამდვილად ქართველური ენების კუთვნილება და არსაიდანაა შემოტანილი. ეს ადგილობრივი მოვლენაა. ბევრი სიტყვა ქართულ ენაში არის დაფუძნებული სწორედ ამ წინსართებზე. "ქვე" წინსართი აღნიშნავს ისეთ რამეს, რაც არის დაბლა მყოფი, მიწიერი, დამდაბლებული, უფრო დაბალი ხარისხის. ხოლო, წინსართი "ზე" აღნიშნავს ისეთ, რამეს, რაც არის აღმატებული, მაღალი ხარისხის, ზეციური.

ამ წინსართებზე დაფუძნებული სიტყვებია მაგალითად:

1) ქვევრი - ქვე-ური, ანუ მიწაში მოსათავსებელი, მიწის ქვეშ მოთავსებული. ქვეურში შემდგომში გარდაიქმნა ასო "უ", როგორც "ვ". ეს ენათმეცნიერებაში ცნობილი მოვლენაა, და ქვეური გახდა ქვევრი.

2) ქვეყანა - ქვე-ყანა, ანუ მიწიერი სამყოფელი, დედამიწა, იგივე მეგრული ქიანა. ამ სიტყვით აღინიშნებოდა ძველქართულში არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რომელიმე ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო, დედამიწა.

3) ქვესკნელი და ზესკნელი - საერთოდ "სკნელი" ძველ ქართულში აღნიშნავდა იგივეს, რასაც სკანდინავიურში აღნიშნავს "ჰაიმ", მაგალითად მანჰაიმ არის კაცთა სამყოფელი, გოთჰაიმ კი - ღმერთთა სამყოფელი. სწორედ ასევე ქართულში ქვესკნელი არის იგივე ბერძნული ჰადესი, ქრისტიანული ჯოჯოხეთი, ხოლო ზესკნელი არის ღმერთთა საუფლო, ზესთასოფელი, სკანდინავიური ვალჰალა ან გოთჰაიმ.

4) ზეკაცი - აღმატებული ადამიანი, მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი კაცი, იგივე, რაც გერმანული "იუბერმენშ".

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ უაზრობაა ახლა ამდენი წერა.

ახლა დააკვირდით ამას: ჰომეროსმა იცოდა, რომ ზევსი პელაზგურ-კოლხური კულტი იყო და არა ბერძნული, ამიტომაც ,,ილიადაში", ერთ ადგილას, ასე მიმართავდა: ზევსო, პელაზგთა მკვიდრო და უფალო". ბრიტანულ ენციკლოპედიაში (Encyclopedia Britannica) ჰერაც მოხსენიებულია პელაზგურ ქალღმერთად. შესაძლებელია, რომ ზევსი კრეტაზე იწოდებოდა როგორც "ზე", იგივე აღმატებული. სრულიად შესაძლებელია, რომ ბოლოსართი "უს" ან "ოს" დამატებული იყოს ბერძენთა მიერ, როგორც პრომეთეს, პრომეთე უს, პერსე უს (პერსე-ვს). რატომ შეიძლება რომ თავიდან ზევსს ეწოდებოდა "ზე" - იმიტომ რომ ის იყო მთავარი ღმერთი, ღმერთთაგან გამორჩეული, მათი მბრძანებელი
2020, 16 იანვარი, 17:47
ჰომეროსმა იცოდა, რომ ზევსი პელაზგურ-კოლხური კულტი იყო და არა ბერძნული, ამიტომაც ,,ილიადაში", ერთ ადგილას, ასე მიმართავდა: ზევსო, პელაზგთა მკვიდრო და უფალო". ბრიტანულ ენციკლოპედიაში (Encyclopedia Britannica) ჰერაც მოხსენიებულია პელაზგურ ქალღმერთად. შესაძლებელია, რომ ზევსი კრეტაზე იწოდებოდა "ძე"-დ. სრულიად შესაძლებელია, რომ ბოლოსართი "უს" ან "ოს" დამატებული იყოს ბერძენთა მიერ, როგორც პრომეთეს, პრომეთე უს, პერსე უს (პერსე-ვს). რატომ შეიძლება რომ თავიდან ზევსს ეწოდებოდა "ძე" - იმიტომ რომ ის იყო გამონაკლისი ვინც გადაურჩა მამას და მან ვერ შეჭამა ზევსი, როგორც ეს სხვა შვილებს გაუკეთა და შემდეგ ძემ (ძე-უს) ჩამოაგდო მამა და გადაიბარა ოლიმპოს მმართველობა. ასევე ძალიან საგულისხმოა, რომ ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთი იბადება საბერძნეთის "ყველაზე კოლხ-პელასგურ კუნძულზე" კრეტაზე და იქაც იმ რეგიონში, რომელსაც სახელად ჰქვია ლასითი და იბადება არაინდოევროპული, ანატოლიური, ძველფრიგიული ანუ მუშქური (მუშქეთი - ასე მოიხსენიებდნენ ფრიგიას ასირიელები იქ ინდო-ევროპელთა შეჭრამდე) ქალღმერთის - რეა-კიბელეს წიაღიდან. ძალიან საინერესოა ასევე ზევსის პარალელი იესოსთან. ძევსიც, ისევე როგორც ძე მამისა იესო, იბადება გამოქვაბულში უჩუმრად და ემალება სასიკვდილო საფრთხეს. ზევსი მამამისს, ხოლო იესო მეფეს, რომელიც მოსაკლავად დასდევს. ორივეს მოკვლა იმიტომ უნდათ, რომ ეშინიათ სამეფო ტახტი არ დაკარგონ მომავალში. ზევსის დედა იწოდება ათასი ღმერთის დედად და დიდ დედად. მარიამიც იწოდება ღვთისმშობლად და ცხებულ დედად.
0 1 4