x
image
თორ ნიკე
ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი
ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი


ტალოსი (Talos) იყო სპილენძის ბუმებრაზი, რომელსაც თავიდან ტერფებამდე ერთადერთი ძარღვი დაუყვებოდა, ტერფთან კი ხვრელი ჰქონდა ლურსმნით დაცობილი. თუ აქ ვინმე მახვილს მოახვედრებდა, ან სამსჭვალს გამოაძრობდა, სისხლი ღვარად წამოვიდოდა და ბუმბერაზი დაიღუპებოდა. იფნის ხისაგან შობილი მოდგმის სპილენძის ფესვის ეს ნაშიერი იშვა სპილენძის საუკუნეში და მიეთვალა ნახევრად ღმერთებს (აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, 4, 1640-41; ორფიკ. არგ. 1351; აპოლოდ. 1, 9, 26). ეს ხელოვნური გიგანტი, თავისებური ანტიკური რობოტი, ზევსმა თუ ჰეფესტომ აჩუქა ევროპას თუ მინოსს. მისი დანიშნულება იყო კრეტის დაცვა (მინოტავრივით).


ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი


დღეში სამჯერ ზრიალით შემოუვლიდა კუნძულს, არავის გააჭაჭანებდა. თუ უცხო გამოჩნდებოდა, ზღვაში ლოდებს სტყორცნიდა, დალეწავდა. ხმელეთზე კი ცეცხლში ჩახტებოდა, მერე გავარვარებული ეცემოდა მოწინააღმდეგეს, მოეხვეოდა და შეხებითვე კლავდა (სოფ. გრაფ. 164). ამ დროს ტკივილისგან თვით ტალოსს სახე ეკრუნჩხებოდა და ღვარძლიანად იცინოდა. ასეთ სიცილს ბერძნები და ლათინები უკვე ეძახდნენ სარდონიულს (ბერძნულად სარდანიოს, საირო - "კბილთა კრეჭა"; ან კ. სარდინიის შხამიანი ბალახისაგან, რომელიც ასეთი სიცილით კლავს ადამიანს). საირო ღვარძლიან სიცილსაც ნიშნავს.



ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი


როცა არგონავტები კრეტას მიუახლოვდნენ, ტალოსმა არგოს ლოდები დაუშინა და ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ მედეამ შორით შეულოცა, დააძინა, მთა კაცმა ლოდებს ფეხი წამოკრა, სუსტი ადგილი, რომელიც დაცობილი ჰქონდა და რომელიც ზევით ვახსენეთ გაეხსნა, ფეხიდან სისხლი წასკდა და გრიალ-ზრიალით გადაეშვა ზღვაში.


სხვა თქმულებით, არგონავტმა პეანტმა (პოიასმა) მოკლა, (არა "პენატებმა"), ფილოქტეტეს მამამ, მოკლა ჰერაკლეს მშვილდით. ისარი ქუსლში მოახვედრა (შეადარეთ აქილევსის ქუსლი. დეტალები საერთოდ, ბევრ მითში მეორდება). მაგრამ თვით პეანტის არგონავტობა საეჭვოა. ტალოსის ძლევა მიეწერებათ დიოსკურებს და ბორეადებსაც, მაგრამ ესეც ნაკლებად სარწმუნოა.


ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი


სწავლულებს უჭირთ მითში ასეთი ქანდაკის არსებობის ახსნა. უდავოდ, უფრო სარწმუნო ეს ვარაუდია: ბერძნები, რომელთა პირველი ქანდაკებანი ხის იყო, გააოცა კრეტაზე სპილენძის ქანდაკის ხილვამ და ეს მითში ასახეს. კრეტა ხომ უძველეს მელითონეთა ერთ-ერთი კლასიკური მხარეა, კოლხთა, ხალიბთა მსგავსად.


ტალოსის გამოსახულებანი შემორჩენილია მონეტებზე, ვაზებზე: ქვებს უშენს გემებს. უფრო ცნობილია წითელფიგურიანი "ტალოსის კრატერი" (გვიანდელი კლასიკა. ძვ.წ. 410), სადაც მედეას ჯადოთი წამოქცეული ბუმბერაზი კასტორს და პოლუქსს უჭირავთ. ტალოსის ცეცხლში წვა - მსხვერპლის სიმბოლიკაა.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ტალოსი - მედეას მიერ მოკლული კრეტელი ბუმბერაზი


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი II)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0