საზოგადოებრივი სამძივარა 2020, 5 იანვარი, 23:45 სამძივარა (სამძივარი) ნადირობის ქალღმერთია, სვანური დალის ხევსურული სახე. წარმართული ქართული პანთეონის ბუნდოვანი ქალ-ღვთაება, მონადირეთა და მწყემსთა მფარველი, თუმც ეს ფრაგმენტულად შემორჩენილ ლექსებში არ ჩანს, ფოლკლორში კი ყოვლისმცოდნეა, ლამაზი მაქცია. უბრალოდ იცვამს, სოფლად დაიარება, ბიჭებს ხიბლავს (იღებს ამირათ ქალის, ჯუათ ელენეს და სხვათა სახეს). მაქციობის გამო ქაჯის ქალად თვლიან. დალის მსგავსად, ეცხადება ლამაზ ვაჟკაცებს და სატრფიალო კავშირით ეკვრის, რაც ვაჟისათვის ხშირად საბედისწეროდ მთავრდება - ამითად, დასავლელი დალის აღმოსავლელი ორეულია, თუმცა შესაძლებელია, თვითონვე მშვიდობიანად გაეცალოს კაცს, როცა სიყვარული გამჟღავნდება. სამძივარა უკავშირდება ხან გახუა მეგრელაურს, ხან ხოლიგა აბულეთაურს, ბერს, რომელსაც ქალთან კავშირი ეკრძალება, და სხვებს. შეუძლია ხატთან შეუამავლობა. ძირითადად, მაინც მითური სახეა. ვაჟა-ფშაველასთან ხახმატის წმ. გიორგის (ხატის) დობილია, შემდგომში თამარქალის სინონიმად ქცეული. სწორედ გიორგიმ გამოიყვანა სამძივარა ქაჯეთიდან და მონათლა, აშექალთან და მზექალთან ერთად, მისი მოდეა (დობილი). შუამავალია გიორგისა და ხახმატში მლოცველ ხალხს შორის. როგორც ქაჯის ქალი, ყელზე მძივს ატარებს, ამიტომაც მისი ეპითეტია ყელღილიანი, ან სამძიმარ-ხელი. უახლოვდება იახსარსაც. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი II) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. პარანორმალი 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი II) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე137 1-ს მოსწონს
|