x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
აია
აია


აია (Aaia) იყო მონადირე ქალის სახელი, რომელიც მდინარის ღმერთს, ფაზისს გაურბოდა და ღმერთებმა თავისი სახელობის კუნძულად აქციეს (აპ. როდ., 3, 1074, სქოლ.), აქედ. აიაია; აია ასევე ჰქვია ქალაქს თესალიაში; აია არის ასევე კოლხეთის ძველი სახელწოდება (ჰერ., სოფ.). აქედან გაიტანეს ოქროს საწმისი. ეს საარაკო ქვეყანა, მზიური მხარე, რომლის შუქისა და სიმდიდრის სიმბოლო სხივთამთოველი ოქროს საწმისია, თავიდანვე იყო "ყოველი მხრიდან მრისხანე უნაპირო ზღვით გარემოცული მიწა", მერე კი მითიური კუნძული შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთში.


აია


აღმოსავლეთ აიაში მმართველობს აიეტი, დასავლეთ აიაში კი - კირკე (ჰეს. თეოგ. 1011). ბერძნულად აია (გაია, გეა - Gaia) მიწაა (ტაძრის სახელი აია სოფია, ჰაგია სოფია, ბერძ. "წმინდა სიბრძნე").


აია (ეა) უნდა იყოს ძირი მისი მეფის სახელისა: აია - ეა - აი - ეთისი - ეეტესი (ბერძ. აიეტეს), როგორც უფლისი, ბედისი, ეგრისი, ურბნისი, უბისი, მთვარისა, მზია (მზისი) - ქართული სუფიქსით.


აია


ჰომეროსის მიხედვით, დასავლეთ კ. აიაია ჰელიოსის ასულის, აიეტის დის, კირკეს სამყოფელია (ოდ. 1213 და 10, 135). ნავარაუდევია ისიც, რომ ჰელიოსი (მზე) აღმოსავლეთ აიადან ამოდის და დასავლეთ აიაში ჩადის. აიას, სადაც ღვთაებრივი იაზონი მივიდა, სტრაბონიც აღმოსავლეთში აქცევს. აიეტიცა და კირკეც აღმოსავლეთში ე.ი. კოლხეთში, აიაში ცხოვრობდნენ, მერე კირკე ჰელიოსმა მზის ეტლით დასავლეთში გადაიყვანა, ტირენის ზღვაში (არგ., ჰეს.).


აია


სრულ უცოდინრობაზე იყო აგებული ზოგი მკვლევარის აზრი, რომ აია იტალიის მახლობლად მდებარეობდა. ამას უარყოფს თვით არსი და მთელი სიუჟეტი "არგონავტიკისა". ეს ბერძენი გმირები გამოივლიან ყველა ზღვასა და სრუტეს, განიცდიან ათას ძნელბედობას, ვიდრე კოლხეთ-აიაში ჩამოვლენ. იტალია კი სულ სხვა, მოპირდაპირე მხარესაა. არც აიას მითიურობაა სწორი. მართალია, მითების ბურუსშია გახვეული, მაგრამ მითები კიდევ მეტია შექმნილი არგოსზე, თებეზე, მთელ საბერძნეთზე და ეს სულაც არ მეტყველებს ამ ადგილების მითურობაზე. აია რომ კოლხეთია, ამას დადგენილ ჭეშმარიტებად თვლიან ევროპის ხალხები (ნ. მაგ. ანტიკის ლექსიკონი, ლაიფციგი, 1971; მაიერის ახალი ლექსიკონი).


აია


ჰეროდოტე სულ ერთად ახსენებს აიასა და კოლხეთს. ჩანს, ერთი მითურად მიაჩნია, მეორე - რეალურად. რ. გორდეზიანი საფუძვლიანად აბათილებს იმ მეცნიერთა აზრს, რომელთაც ეს მიაჩნიათ იმ დროის თვალსაზრისთა განსხვავების ნიშნად (ჰომ. ეპოსის პრობლემები, 208). სვანურ ენაშიც აია მიწასთან დაკავშირებული ღვთაებაა.


აია


პირველი მწერლები, რომელნიც სრულიად აიგივებენ აიასა და კოლხეთს, იყვნენ ევმელოს კორინთოელი (ძვ.წ. VIII ს.) და ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425 წწ.) მიმნერმეც, სტრაბონის აზრით, აიაში კოლხეთს გულისხმობს. ესაა ძველი საქართველო, შავი ზღვის პირას გაშლილი ვრცელი სამეფო კოლხთა და სვანთა, ქვეყნად ერთ-ერთი უძველესი და უსრულქმნილესი ანბანის (უკეთ - ანბანთა) შემქმნელი, მაშვრალი, მამაცი, დახელოვნებული ხალხი, რომელსაც უმდიდრესი საზღვაო ტერმინოლოგია აქვს, საკუთარი და არა ნასესხები. მტკიცედ დამკვიდრებულ სიტყვა "აიას" მითშივე აქვს საფუძველი: ესაა მონადირე ქალი, რომელსაც მდინარის ღმერთი ფაზისი (ფასისი, რიონის ღვთაება) დაედევნა და იქცა თავისი სახელობის კუნძულად (აპ. როდ. 4, 559).


აია


ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.) ამტკიცებს: აიაში მოსახლე კოლხთა ტომი ეგვიპტელები არიან, რომლებიც აქ ფარაონმა სესოსტრისმა ჩამოიყვანაო; ძლიერი ფარაონი ევროპიდან აზიაში გადავიდა, დაიპყრო სკვითები და თრაკიელები, "აქედან სესოსტრისმა სამხრეთით შეუხვია და როცა მივიდა მდინარე ფაზისამდე, იქ თავისი ჯარის ნაწილი დატოვა" (ან დაღლილი ჯარი იქ თავისი ნებით დარჩა). "კოლხები ხომ, ეტყობა ეგვიპტელები არიან, - განაგრძობს ჰეროდოტე. - ეს ადრევე გავიგე, როცა სხვებმა მითხრეს. მერე დამაინტერესა ამ ამბავმა და გამოვიკითხე როგორც კოლხიდაში, ასევე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო ნათელი მოგონებები დარჩენიათ ეგვიპტელებზე, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე. ისე კი, ეგვიპტელებიც მეუბნებოდნენ, რომ კოლხები სესოსტრისის შთამომავლები არიან." (ჰეროდ. 2, 102 - 104).


აია


საბუთად ასახელებს ზეპირ გადმოცემებს, ხუჭუჭ თმას, შავგვრემანობას და წინადაცვეთის ტრადიციას. ამ ცნობას იმეორებს აპ. როდოსელიც "არგონავტიკაში" - "აია, დღესაც ურღვევი" დგას ისევე, როგორც დიდი მოლაშქრის ჟამსო (IV, 277); "კოლხეთ-აია ხომ კიდეშია!" (II, 917) და სხვ. - აქ ეჭვიც კი არ რჩება, რომ აია იგივე კოლხეთია. მთავარი ქალაქით - კვიტაისი - ქუთაისი. ხოლო ანალოგიური აიაია კი - ის კუნძულია, სადაც მედეას მამიდა, დიდი გრძნეული კირკე ცხოვრობს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.

ფოტოები აღებულია ფეისბუქ-გვერდიდან - "აია კოლხეთი / AIA Colchis".

ნახატ "მედეა"-ს ავტორი - დათო სიმონია.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
210
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
210
  
2019, 31 დეკემბერი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1