საზოგადოებრივი ლომისა - ქართული მითოლოგია 2019, 18 დეკემბერი, 0:43 ლომისა მთიულეთში წინარექრისტიანული ღვთაება იყო. მის სახელწოდებას ტრადიციისამებრ, უკავშირებენ ლომახარს. მოგვიანებით ამ ღმერთის კულტი მთვარეს დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება გახლდათ. მთის გაქრისტიანების შემდგომ მთვარის, ლომისას ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ტაძარი ააგეს. წარმართული კულტის ნიშნები კი როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში წმინდა გიორგის დაუკავშირდა. ამის შემდეგ ლომისა დარჩა მეომრად, მაგრამ ქრისტეს მხედრად. ხარი, როგორც მისი სახე-სიმბოლო შენარჩუნდა. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის დიდი ღმერთი, ხოლო ქრისტიანობის გავლენების შემდეგ ისევ უმთავრეს სალოცავად დარჩა. აქვე წტდებოდა უამრავი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო საკითხი ადგილობრივ საყმოებში. ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ადგილობრივი მითოლოგიის მიხედვით, ლომისას ეს ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოიტანა დიდად ცოდვილმა ვინმე დადიანის ქალმა. სხვა ვერსიით კი წმ. გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია ძღვენად. ცნობილია ასევე მთიულეთში მოპოვებული ტექსტით (მთქმელი ჯღუნა ნარაიძე. ჩამწერი ელ. ვირსალაძე): "ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია, ბებერი ქალი ატირდა - ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია. სიკვდილის ჟამსა ნათქომი დაბარებულიც მისია - ისეთმა ყმამან შაირტყას, ვინცა ხმარების ღირსია". ლომისის სასწაულმოქმედი ხატი ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის მომნიჭებელია. მანვე შეკრა ხორასნის ქვეყანა, საქონელი გააბერწა, უნაყოფო მიწა დასკდა და ხალხი დაიმშა. ასე მუსრავდა ხორასანს "ეგვიპტის ჭირი", ვიდრე სულთანმა დატყვევებული შვიდი ათასი ქართველი არ გაათავისუფლა. აქ ისტორია, მითი, სალოცავი და ფოლკლორული მასალა თავისებურადაა გადაჯაჭვული. ლომისობა ჰქვია ამ ღვთაების სადიდებლად დღემდე მოღწეულ უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რომელიც მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართებოდა უძველესი დროიდან დღემდე. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. ქურუმები (შედეგ კი დეკანოზები) გამოსვენებდნენ დროშას და "ფერხისას", სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული, და ოთხსავ ბოლოზე სოლარული ანუ მზის სიმბოლოები - ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. ლომისის წმინდა გიორგის ხატის შესახებ არსებობს სხვადასხვა საინტერესო გადმოცემა, მითი. ერთ-ერთი გვიამბობს, რომ მე-13 საუკუნეში საქართველოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე დაუწყევლია და იმ მიდამოებში მიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი კი გაბერწდა და შვილიერება შეწყდა. ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა. თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია, მათ კი მოუხსენებიათ, რომ უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანმა მისი დაწვა ბრძანა. ხატი საკირეში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებლად, ჰაერში აიწია და ისე ამოვიდა, შემდეგ კი იქვე მდგარი, გამორჩეული, თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამ არ დაიძრნენ ადგილიდან, სანამ გაოგნებულმა სულთანმა ყველა ქართველი ტყვე არ გაათავისუფლა. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია, ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 თავისუფალი ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია აღმართული. ლომისას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალს სინათლეს და ა.შ.არავინ იცის სადაა ახლა ლომისის სასწაულმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი გამოაჭედინეს, გადამალული ხატი კი ვეღარ იპოვეს. ასლი ახლა მლეთის ტაძარშია დაბრძანებული. გადმოცემა ასევე საუბრობს ლომისის სალოცავის კარის შესახებ. ეს კარი მუხის ხისგანაა დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. ერთხელ, მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით, ლომისის კარი ჩამოუხსნიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავდა. მეთაური ლომისას შეევედრა, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და შენს ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ლოცვა შესმენილი იქნა, ჯარისკაცებს თვალი აეხილათ და სარდალმაც შეასრულა დადებული სიტყვა და მადლობის ნიშნად ეს კარი შეაბა ტაძარს, რომელიც მას ახლა აქვს. წყარო 1: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. წყარო 2: Georgiantravelguide.com კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე200 1-ს მოსწონს
|