x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იახსარი - ქართული მითოლოგია
იახსარი - ქართული მითოლოგია


იახსარი არის ღვთისშვილი, მორიგე ღმერთის ნასახი (გაჩენილი), კოპალას და ბაადურის თანამებრძოლი ბოროტ ძალებთან ომში, ღვთაებრივი მადლით ძალმოსილი გმირი წარმართული ქართული რწმენით. სამოცდასამ ღვთისშვილში გამორჩეული, დევებთან და ქაჯებთან მორკინალი ბერი, რომელიც მაღლით მოვლენილა, მაგრამ სხვა ანტიკური ღმერთების მსგავსად ადამიანთა შორის ტრიალებს, მათი შემწე და ქომაგია. ხან მათებრ სუსტი, ხანაც ღმერთივით ძლიერი. საწესო ლექს-ლოცვებში ასრულებს შუამავლის როლს გამწყრალი ხახმატის გიორგის წინაშე, როცა ხატის გულის მოგება უნდათ. იგივე ფუნქცია ეკისრება გიორგის დობილ სამძივარას.


იახსარი - ქართული მითოლოგია


ზოგჯერ თვით იახსარის გულის მოგებას ცდილობს "ღილიანი სამძივარა", ქაჯის ღილი რომ უელავს გულისპირზე. იახსარი მავედრებელ მოდეს (დას) უწყრება - "მომშორდი, წაედ ქაჯის ქალო, ნუ მემბი კაბის კალთაზე", მაგრამ სამძივარა ვედრებას არ იშლის, შეიბრალეო ხორციელი. ამ ვედრებაში უმეცარ მლოცველს აღარც ძღვენი რჩება, აღარც სანთელი და იახსარს შესთხოვს, არ წამერთვას შენი ნაღვარე, ჩემი ტაძარიო. იახსარს ეძღვნება შესანიშნავი ლექსი "ღვთის კარზე შევიყარენით ანგელოზები თავნიო". აქ იახსარის ბრძოლა დევებთან მითსაც ემსგავსება, ზღაპარსაც და საგებსაც. სამოცლიტრიანი სასწორ-ჩარექი დაუდგა ღმერთმა 63 ღვთისშვილს.



იახსარი - ქართული მითოლოგია


"მაგას იახსარ აიღებს, არაგვის მხრიდან არია!". მართლაც აიღო, დამბადებელმაც მას დაულოცა თავისი მშვილდი და ისარი. "ფალავნად გამოიყვანეს ღვთის შვილთა, იახსარიო". მაშინვე "შეიყრებიან დევები, სადაც დიდ მოედანია". ერთმანეთს მხარი მისცეს და დაიწყო დიდი ომი. ეს მოხდა დევთა ქორწილში. გამოჩნდა დევთა დედა: "დედა ჰყოლიყო ცხრათავი, ცხრა ვაჟის დედა-ქალია.. სალუდე ქვაბი თავს ადგა, ა, ამან შამდვა ზარია. დავბრუნდი უკან, ამბობდეს, შეშინდა იახსარია". გმირს შერცხვა, გაბრუნდა, ლახტი ესროლა დევს, თავს დააქცია ბანია. შემდეგ "ერთ კიდევ გამამივარდა, არ მივუბრუნე თავია, საგმირო წამავიმაღლე, კლდეს მააფარა ტანია. კლდე ოთხად დავანაფოტე, დევს წამოვთხარე თვალია." დევმა თავი ხევსურეთში მდებარე აბუდელაურის ტბას შეაფარა. სხვა ვერსიით "ტბაში ჩაცვივდნენ დევები, ჩაჰყვა და შიგ ჩარჩა იახსარიც (ჩახტა და ვეღარ ამოხტა, სისხლი დადგება მყრალია). ვეღარ იხსნეს. მაშინ თავადვე შეიბერტყა მხრები და თავი გამოიხსნა. სოფელ კარატემდე შიბი (თოკი) იყო გაჭიმული, ამ თოკზე გავიდე ხევსური ჰეროსი ("მტრედივით შემოვღუღუნე მენა ვარ იახსარია").


იახსარი - ქართული მითოლოგია


გაღმა, კარატეში ცხრა ძმა დევი ქვას ეზიდებოდა, კარავს აგებდა, თავს ვერ ადგამდა, იახსარმა ის ლოდი ერთმა აიღო. დევებმა თქვეს, ეს ჩვენზე ძლიერიაო. თათბირი გამართეს და კოპალასა და იახსარის მოკვლა განიზრახეს, მაგრამ ხვთისშვილნი უკვდავნი არიან. არსებობს მრავალი ვერსია. მთიულური ვერსიით, იახსარი ზღვაში ჩავარდა. უმრავლეს შემთხვევაში კოპალას მოკვლის განზრახვას, იახსარი შლის და ფუშავს (სამთა ძობის ქართული ტრადიცია), დევებს თვითონ უსწორდება (მიხ. ჩიქოვანის ფშაური ჩანაწერი). მრავალ ვერსიაში სამთა ძმობა საზიაროა, ერთად ომობენ, ხოცავენ ბარდას, ბეღელას, მუსას. "ხაშრულა იმდენ არ იყო, რაც იმათ სისხლი სდიოდა."


იახსარი - ქართული მითოლოგია


იახსარის და იახსარ-კოპალას ციკლის ყველა ლექსი რიტუალურ-საწესო ხასიათისაა, მთიულურია, თუშ-ფშავ-ხევსურეთშია ჩაწერილი, მთის ეპოსის ფრაგმენტებია. ეს "საოცრად გამძლე ნაწარმოები" (მ. ჩიქ.) თითქმის სრულად წარმართული სახითაა მოღწეული გარკვეული შენარევების მიუხედავად. თვით თამარიც აქ ღვთისშვილადაა გამოყვანილი - ხალხის სათაყვანებელი დედა მითოლოგიურ სამოსელშია გახვეული. შეად. ნართების ეპოსის ახსარი.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0