საზოგადოებრივი თორღვა ძაგანი - ქართული მითოლოგია 2019, 16 დეკემბერი, 4:11 თორღვა ძაგანი ხევსურული მითოლოგიის გმირია, ზესკნელ-ქვესკნელში ერთგვარად გამოჩენილი, შეუპოვარი, მოუსვენარი, დაუდგრომელი, მეამბოხე, იმდენადვე მამაცი, რამდენადაც დროდადრო მოძალადე და მოიერიშე თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ "თავის სიცოცხლე ვაჟკაცმა რო ვერ დაცადოს, ბრალია". ხევსურულ პოეზიაში ხშირად გვხვდება ეს სახელი. შესაძლოა სხვადასხვა, მაგრამ ზოგად ხაზებში მაინც მსგავსი ვაჟკაცებისა, რომელიც მითურსა და ისტორიულ მონაცემებს აერთიანებენ. თორღვას მუცლიდანვე დაჰყვა მზისა და მთვარის გამოსახულებანი ბეჭებზე, მათ შორის ჯვარიც. მარჯვენა ხელი კი სისხლისფერი ჰქონდა დაბადებიდანვე. ეს არაა შემთხვევითი ატრიბუტები. თორღვა თავისი არსით, მაინც სახალხო გმირია. მან მოკლა მოძალადე ლეკი ვაზუზი, ჩაიდინა სხვა საგმირო საქმენი, შემდეგ კი, შუმერ-ბაბილონელთა თამუზის (დუმუზის) მსგავსად ჩადის ქვესკნელში: თეთრ ყორანს მისდევს მთებში, რადგან გველის ჯადოსნური თვალის თანაბარი ხვითოა (ყორანი და გველი, აპოლონის თეთრი ყორანი განსაკუთრებით ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც დაკავშირებულია ერთმანეთთან). უეცრად თორღვა მყინვარის ნაპრალში ჩავარდა, იქ ვეშაპმა ჯადოსნური ჯაჭვი აჩუქა. ვერავითარი მახვილი ვერ დაჭრიდა მის მფლობელს (მთელი ჯაჭვი იქ მიიხვეტებოდა თუ მოგროვდებოდ, სადაც ხმალს დაჰკრავდნენ). ამის შემდეგ უკვე უძლეველად ქცეულმა თორღვამ მთელი ფშავ-ხევსურეთი დაიმონა და ხარკი დაადო. ერთხელ თორღვა ძაგანი წყალში ჩავიდა (წარომავლობის სიმბოლო) და ჯაჭვისგან განიმოსა და ნაპირზე დატოვა. ვიდრე ბანაობდა, გრძნეულმა ჯაჭვმა თავი აიხსნა, წყალში ჩაცურდა და ქვესკნელს დაუბრუნდა, დაიკარგა, რის შემდეგაც თორღვა ფშაველმა ჩოთამ მოკლა ისრით (თუმცა, მის ძარღვებშიც გველეშაპის სისხლი დუღდა). ესაა მოძალადე გმირის აღსასრული. წინააღმდეგობებით აღსავსე მითოლოგიური სახე თორღვა ძაგანისა ბედისწერის ძალას ემორჩილება, თუმცა მტკიცე წინააღმდეგობასაც უწევს არსთა გამრიგეს (შეხვედრა ბერძ. ბედისწერასთან), ქვესკნელშიც იბრძვის. თორღვა ძაგანის მითოლოგიურ სახეს შეხვედრები აქვს ხოგაის მინდიასთან. ორივე სრულყოფილ, ღვთაებრივ გმირად იქცევა გველთან კონტაქტით - გველის ხორცის ჭამის გზით მინდია, ხოლო ყორნის დევნაში ქვესკნელს ჩავარდნითა და იქ გველეშაპის ნაჩუქარი აბჯრის წყალობით - თორღვა. მოხვდება თუ არა თორღვას ფშაველი ჩოთას ისარი, მაშინვე უქრება ბეჭებზე მზისა და მთვარის გამოსახულებები, ორივე სიცოცხლის სიმბოლო. ქრება ჯვარიც, სიმბოლო წარმართული და ქრისტიანული, უცივდება სისხლისნიშნიანი მარჯვენა მკლავი. სიმბოლო იმისა, რომ ბოროტის მსახურია, თუმცა სიკეთის საწყისებიც შეიცნობა ამ რთულ სახეში. ჯვარი გიორგის და მთვარის სიმბოლოა (ასეა სვანეთშიც), რაც მზესთან და მთვარესთან ერთად, არ შეიძლება ბოროტების ნიშანი იყოს. თორღვა, ესა ბრძენი კაცი, მეამბოხე ნაწილიანი, თეთრ ყორანს რომ ასდევნებია. ძაგანის და ხოგაის მინდიას სიკვდილსაც მთელი ბუნება შეიცხადებს. ამ ორ გმირს ნამდვილი ორეული ძნელად მოეძებნება. მამუკა წიკლაურმა დაამუშავა თორღვას სახე (პოემა "თორღვა ძაგანი"). წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე269 1-ს მოსწონს
|