საზოგადოებრივი არგონავტები 2019, 30 ნოემბერი, 11:07 არგონავტები (Argonauts), იგივე გემ არგოს ნაოსნები, ელინთა რჩეული გმირები, რომელთაც "კარგად შეკრული" არგო გამართეს და კოლხეთს გამოილაშქრეს, რათა ოქროს საწმისი, ძალით თუ ნებით საბერძნეთში წაეღოთ. ეს მოხდა რამდენიმე ათეული წლით ადრე ტროას ომამდე. სალაშქროდ მიმავალ გმირებს თვალით აცილებს ტროას ომის მომავალი მთავარი გმირი, მაშინ ჯერ კიდევ ყრმა აქილევსი, რომელიც ამ დროს ხელში ჰყავდა აყვანილი მის გამზრდელ კენტავრ ქირონს. ამრიგად, მეცნიერთა ვარაუდით არგონავტების ლაშქრობა უნდა მომხდარიყო ძვ.წ. 1350-1300 ან 1263-1257 ან 1189-1180 წლებში და უდავოდ ასახავს კოლხეთ-საბერძნეთის იმდროინდელ კონტაქტებს. არგონავტების ამბავი იმდენად ძველია, რომ თვით ჰომეროსი (ძვ.წ. IX - VIII სს.) შთააგონა შეექმნა "ილიადა". ასე ვარაუდობენ მაღალ პოეტურ რანგში აყვანილი ცნებებისა და სიუჟეტური დეტალების საფუძველზე, რომელტა პირველადობა აშკარაა. თესალონიურ-ბეოტიური თქმულება შემდეგ იონურ ნიადაგზე გადამუშავდა. ბეოტიის ქალაქ ორქომენიდან ფრიქსეს კოლხეთს გამგზავრება უდავო ანარეკლია ბერძენთა პირველი მოგზაურობისა საქართველოში. ყველაზე სრულად და კარგად ანტიკური მითოლოგიის ეს ერთ-ერთი უდიდესი ამბავი აპოლონიოს როდოსელმა (ძვ.წ. 295-215 წწ.) აღწერა. ესაა ელინისტური ხანის ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი. ამის მიხედვით მოგვითხრობენ არგონავტების ამბავს. თესალონიის ქალაქ იოლკოსის მეფე პელიასმა ტახტი წაართვა ღვიძლ ძმას ესონს, რომელმაც მცირეწლოვანი შვილი, იაზონი მთებში გადამალა (ან ესონმა სიკვდილის წინ შეავედრა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იაზონი, პელიასმა კი მაინც მთელი მისი ოჯახის ამოწყვეტა განიზრახა). როცა იაზონი დავაჟკაცდა, იოლკოსში ჩავიდა და ბიძას მამის კუთვნილი ტახტი მოსთხოვა. გზად მიმავალმა, ანავროსის წყალში დაკარგა ცალი სანდალი, როდესაც დედაბრის სახით მოვლენილ ქალღმერთ ჰერას ეხმარებოდა მდინარეზე გადასვლაში. ამით შეიცნო პელიასმა ცალფეხშიშველი ძმისწული, ვინაიდან გაახსენდა მისნის ნათქვამი წინასწარმეტყველება: "ტახტს ის წაგართმევს, ვისაც ცალი სანდალი აცვიაო. როგორც კი პელიასმა ძმისწული იცნო, ჰკითხა: როგორ მოექცეოდი ქვეშევრდომს, რომელიც მისნის სიტყვის თანახმად, შენთვის საშიშია?" იაზონმა ამაზე უპასუხა: "ოქროს საწმისის საძებნელად გავგზავნიდი". და ამით საკუთარ თავს გამოუტანა კიდეც საბედისწერო განაჩენი, რადგან გადარჩენის მიუხედავად ის ლაშქრობა მისთვის მაინც საბედისწერო გამოდგა. პელიასმა იაზონს შეჰფიცა მამის ტახტს დაგიბრუნებ, თუკი ოქროს საწმისს ჩამოიტანო. მოხუცმა ტყუილიც იკადრა - ორაკულმა პირადად მითხრა, საწმისის ცამოტანით ფრიქსეს სული მოისვენებს და ქვესკნელის ღმერთების რისხვა დასრულდებაო. მე საამისოდ ძალა აღარ შემწევს და შენ აღასრულეო. ასე უთხრა იაზონს ბიძამ, დარწმუნებულმა, რომ ტახტის მოწილეს ან მოგზაურობა შეიწირავდა, ან კოლხები მოკლავდნენ. მეფის ნებას იაზონი ვერ გადავიდოდა და მაშინვე დაიწყო სალაშქრო სამზადისი. მთელი საბერძნეთი გამოეხმაურა. 50 უპირველესი ვაჟკაცი მხარში ამოუდგა (ასეა არგოს ნიჩბების რიცხვის მიხედვით, თუმცა გემის გასვლისას გმირთა რიცხვი მეტია, 55-მდე). უძველესი ვერსიით ისინი მხოლოდ თესალიელები და ბეოტიელები არიან, მინიელებად წოდებული ტომისანი, მაგრამ მერე ცნობილი ხდება, რომ რჩეული გმირები მთელი საბერძნეთიდან მოგროვდნენ. პინდარე იაზონის გარდა ათს ასახელებს (პინ. 4), ესქილესა და სოფოკლეს ჩამონათვალი დაკარგულია, აპოლოდორე 46 გმირს გვაცნობს, მაგრამ საკმაოდ დაუდევრად, ვინაიდან ბევრი მათგანი არაა არგონავტი. ჰიგინის მიხედვით მათი რიცხვი არის 67. ყველასთვის უდავო კი არის 28 არგონავტი. ჩვენ სხვაზე მეტად როდოსელ მეცნიერს ვენდობით. როდოსელის მიხედვით, ეს გმირები არიან: ორფევსი, ასტერიონი, პოლიფემე, იფიკლე, ადმეტე, ერიტე, ექიონი, ეთალიდე, კორონი, მოპსოსი, ევრიდამანტი, მენეტიოსი, ევრიტიონი, ეიბოტე, ოილევსი, კანთოსი, კლიტოსი, იფიტე, ტელამონი, პელევსი, ბუტე, ფალერე, ტიფისი, ფლიასი, ლეოდოკე, ტალაოსი, არეიოსი, ნავპლიოსი, იდმონი, პოლიდევკე, კასტორი, ლინკევსი, იდასი, პერიკლიმენე, ამფიდამანტი, კეფევსი, ანკეოსი (არკადიელი), ავგიე, ასტერიოსი, ამფიონი (სამოსელი), მელეაგრე, ლაოკოონი, პალემონიოსი, იფიტე, ძეტე, კალაისი, აკასტე (პელიასის ძე), არგოსი, თვით იაზონი, ჰერაკლე და ჰილასი - სულ 51 არგონავტი. მოგვიანებით ეს სია გაიზარდა, თუმცა როდოსელის წყარო უფრო სარწმუნოა. ახალი არგონავტები ანუ შემდგომში დამატებულნი: ამფიარაოსი და თეზევსი. მოგვიანებით ჩამატებულნი ასევე არიან: მელეაგრე, ბორეადები, ტიდევსი და ორფევსი. ამათაც თუ დავამატებთ, არგონავტების რიცხვი 57 გამოდის. ავტორთა უმრავლესობა არგონავტების მეთაურად თავიდანვე იაზონს თვლის. დიოდორეს აზრით კი, სარდალი ჰერაკლე იყო, მაგრამ როდოსელიც და დანარჩენებიც ამაზე გარკვეულ პასუხს იძლევიან: ჰერაკლე საერთოდ არ ჩასულა კოლხეტსი, გზად დარჩა. დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ამბის სუსტ მხარედ მიგვაჩნია ის, რომ ეგზომ ძლიერი ქვეყნიდან განძის გასატაცებლად სულ 50, თუნდაც ღვთაებრივი გმირი ჩადის და ეს მაშინ, როცა ტროას ომში მარტო ორმა აიანტმა მეომრებით სავსე 52 გემი წაიყვანა (თუმცა ჰერაკლემაც მცირე ჯარით ილაშქრა და აიღო აუღებელი ტროა). თვითონ ეპოსი გვაუწყებს კოლხი მეფის - აიეტის დავალებებს, რომელთაც მედეას დაუხმარებლად ვერცერთი ბერძენი გმირი ვერ შეასრულებდა (ცეცხლისმფრქვეველი ხარებით ხოდაბუნის გადახვნა და სხვ.). ცხადია, გართულების შემთხვევაში კოლხებს ვერ გაუმკლავდებოდნენ არგონავტები და ვერც მათი არგო გადაურჩებოდა კოლხურ ფლოტს. დოდონას მუხის რჩევით, არგომ ამავე მუხას მოაჭრა ტოტი, ჰერას თავი დაამზადა და ეს გამოსახულება გემს წინამოზე დააჭედა. მსხვერპლის შეწირვისა და დამშვიდობების შემდეგ, ორფევსის ქნარის დაკვრით აღფრთოვანებული მეხომალდეები პაგასეს უბიდან ღია ზღვაში გავიდნენ, შემოუარეს ქალკედონის ნახევარკუნძულს, მიატოვეს სამოთრაკია, მერე ქარიშხალში კუნძულ ლესბოსზე მოხვდნენ, სადაც ქალებს მამაკაცები გაეწყვიტათ და თავად განაგებდნენ კუნძულს (ზოგი ავტორი მათ შეცდომით თვლის ამაძონებად). მოლაშქრეები იქ ატარებდნენ დროს ქალებთან (თვით იაზონი დედოფალ ჰიფსიპილეს სასახლეშია), ვიდრე ბოლოს ჰერაკლე გაკიცხავს და კვლავ სალაშქროდ მოუწოდებს. მეგობრულად იღებენ დოლიონებიც კუნძულ კიზიკოსზე, სადაც არგონავტები გეას ნაშობ ექვსხელა ბუმბერაზებს ხოცავენ, მერე კი ქარისხლისაგან უკუგდებული გემით ბნელ ღამეში ისევ მიადგებიან მიზიას, კიოსის შესართავთან. აქ ხოფისათვის ტყეში წასულ ჰერაკლეს გმირი პოლიფემე ატყობინებს, რომ ჰილასი დაიკარგა. ჰილასს წყლის ნიმფები გაიტაცებენ, ძებნით გართულ ჰერაკლეს არგონავტები, დაუდევრობით იქ ტოვებენ. იქვე რჩება პოლიფემეც. ტელამონი ბრალს დებს იაზონს. დავას წყვეტს მისანი გლავკოსი - ყველაფერი ზევსის ნებით მოხდაო. პირველი წიგნის დასასრულს არგო ბითვინიას მიადგება. ერთი ვერსიით, ჰერაკლე თესალიაში დატოვეს იმის გამო, რომ მეზღვაურები ჩიოდნენ, მძიმეაო. მეორე წიგნის დასაწყისში არგონავტებს ვხედავთ ბებრიკების ქვეყანაში. ბებრიკთა თავხედი მეფე ამიკოსი კრივში იწვევს უცხოელებს. გადის პოლიდევკე, ამარცხებს და მეფე ამიკოსს კლავს. გმირები უკუაქცევენ მეფის მოკვლით განრისხებულ, შეტევაზე გადმოსულ ბებრიკებს და შედიან ბოსფორის სრუტეში. კუნძულ თინიასზე, თრაკიაში, გმირებს მასპინძლობს ბრძენი მეფე, ფინევს აგენორის ძე, ცნობილი მისანი, რომელსაც ჰარპიები ტანჯავენ, სანოვაგეს უსანსლავენ და სუფრას უყროლებენ. ბორეადები იხსნიან მეფეს და ამის შემდეგ მადლიერი მეფე გაანდობს გმირებს მათი ცურვის ბედ-იღბალს. არგონავტები გზას განაგრძობენ, გაივლიან ფილირთა, მაკრონთა და სხვა კოლხური მოდგმის ტომთა სამფლობელოებს და სეცურავენ ფაზისში (რიონში), მარცხნივ კავკასიონი და დიდებული ქალაქი კვიტაისია. მესამე წიგნში პოეტი მუზა ერატოს სთხოვს დაეხმაროს ამბის ღირსეულად გადმოცემაში. მართლაც, ეს წიგნი მხატვული ღირსებითაც საუკეთესოა და ფსიქოლოგიური რომანის პირველ ცდასაც წარმოადგენს მსოფლიო ლიტერატურაში. ჰერას, ათენასა და აფროდიტეს დახმარებით ეროსი სიყვარულის ისრით დაჭრის მედეას, რომელსაც ამის შემდეგ გაგიჟებით შეუყვარდება უცხოელი, დაეხმარება აიეტის მძიმე პირობის აღსრულებაში, მოდრეკს ცეცხლისმფრქვველ კოლხურ ხარებს - ხალკოტავრებს და გადახნავს ხოდაბუნებს, დათესავს კოლხური დრაკონის - ხოლკიკოსის კბილებს და დახოცავს მათგან ნაშობ, ხნულში ამოსულ ბუმბერაზ კოლხ მეომრებს - სპარტებს. ამის შემდეგ იაზონი ისევ მედეას დახმარებით გაიტაცებს ოქრო საწმისს (ვერსია: იაზონმა მოკლა ხოლკიკოსი, პინადრე, პით. ოდა 4, 249) და მედეაც თან მიჰყავს (ზოგი ვერსიით აფსირტესაც). მეოთხე წიგნში მოთხრობილია მედეას განცდები გემზე, აიეტის რისხვა, კოლხთა მეფის დევნა აიეტის ძის, აფსირტეს წინამძღოლობით. არგონავტებმა გაჭირვებით დააღწიეს თავი მდევარს, ვერაგულად მოკლეს აფსირტე. აჰყვნენ ისტროსის ნაკადს და მიადგნენ კუნძულ აიაიას, სადაც კირკე - აიეტის და ცოდვისგან წმენდს იაზონსა და მედეას. არგო უვნებლად ჩაუვლის სირინოზების კუნძულს (მას იხსნის ორფევსი ქნარზე დაკვრით), პლანქტებს, სცილასა და ქარიბდას. ამის შემდეგ მიადგებიან თრინაკიას, ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფე ალკიონე მედეასა და იაზონს დააქორწინებს. მდევარი კოლხების იქვე დარჩებიან (აიეტის რისხვის ეშინიათ). მედეას დახმარებით არგონავტები კრეტაზე კლავენ სპილენძის ბუმებრაზს ტალოსს. ქარიშხალი ამის შემდეგ არგოს ლიბიაში რიყავს, სირტში აგდებს და დაღუპვას ქალღმერთთა დახმარებით გადარჩებიან. ქალღმერთთა რჩევითვე გემი არგო ("დედა") არგონავტებს საკუთარი მხრებით გადააქვთ ტრიტონის ტბამდე. გაივლიან ლიბიის უდაბნოს, გადიან ღია ზღვაში, კრეტისა და მთელი ეგეოსის ზღვის გავლით ჩავლენ პაგასეში. რა გზით დაბრუნდნენ უკან არგონავტები? ამ საკითზე არ არის აზრთა ერთიანობა. ჰეროდოტესა (ძვ.წ. 484-425 წწ.) და ზოგი სხვა ავტორის ცნობით, იგივე გზა გაიარეს, რაც კოლხეთში მოსვლის დროს. ჰეკატეოს მილეტელის (ძვ.წ. 550-476 წწ.) ცნობით კი, მალე გადაუხვიეს ფაზისიდან და აღმოსავლეთით, ოკეანეში გადაცურეს, ნილოსში თუ წითელ ზღვაში მოხვდნენ. ამას უარყოფს არტემიდორე ეფესოელი და სავსებით საფუძლიანადაც. ჰეკატეოსის გეოგრაფიული ცნობების შეუსაბამობაზე ჰეროდოტეც წერს - სასაცილოდ მიმაჩნია ზოგიერთების აზრი, თითქოს ოკეანე დედამიწას უვლიდესო გარშემო. ერთი ვარიანტთი, არგონავტებს აიაეტი დაედევნა და ბრძოლაში დაიღუპა ან მედეამ თან წაყვანილი პატარა ძმა აფსირტე დაკეპა და ნაწილ-ნაწილ გადაყარა ზღვაში, რათა აიეტს აეკრიფა, დაემარხა და ამასობაში კოლხი მდევრები ჩამოეტოვებინა, მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ აფსირტე იაზონმა მოკლა. არც მედეას მიერ შვილების მოკვლაზეა რაიმე ნათქვამი ძველ გადმოცემაში. როდოსელს ეს არ უწერია. არგონავტების მითში აისახა ბერძენთა პირველი ურთიერთობა კოლხეთთან, რომელიც ძველთაგანვე ცნობილი იყო ოქროთი, სიუხვითა და ძლიერებით. რაც დრო გადის, დასტურდება, რომ დიდ ეპოპეაში ასახულია მითიზებული დიდი სინამდვილე. მითი დაუმუშავებიათ ესქილეს, სოფოკლეს, ევმელეს, პისანდრეს, სენეკას. ჩვენამდე მოაღწია აპოლონიოს როდოსელის ერთადერთმა დიდმა ნაწარმოებმა - "არგონავტიკამ". აგრეთვე ფსევდოორფევსის ეგრედ წოდებულმა "ორფიკულმა არგონავტიკამ" (ქართულად ნათელა მელაშვილის თარგმანი აკაკი ურუშაძის რედაქციით, 1977). და ვალერი ფლაკუსის თხზულებამ არგონავტებზე ლათინურად. ლაშქრობის ამბავი პინდარეს მეოთხე პითიურ ოდაშიცაა მოთხრობილი. ძველ ქართულ მწერლობაში კარგად იცნობდნენ არგონავტების მითსა და მასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს. ექვთიმე ათონელის, იგივე ექვთიმე მთაწმინდელის (955-1024) განმარტება ორიგინალურია, მაგრამ არასწორი. მას არგონავტი ესმის არა როგორც არგოს ნაოსნები, არამედ როგორც "უქმნი მენავენი", "რამეთუ არას იქმოდესსხუასა საქმესა, არამედ ტყუენვიდეს და მისგანვე იყო საზრდელი მათი" (გერმანე პატრიარქის ნაშრომი, "თხრობაი სასწაულთატვის მთავარანგელოზისა მიქაელისათა". თარგ. 1010-1020). სიტყვა "Argos" ნიშნავს სწრაფს, არგოსის მიერ აშენებულ სწრაფ ხომალდს. ათონელმა კი გაიგო, როგორც "Aergos", რაც უქმნს ან უსაქმოს ნიშნავს ბერძნულად. შინაარსი კი სწორადაა მოთხრობილი. მამაცმა არგონავტებმა ბებრიკთა ამაყი მეფე დაამარცხეს, ცით მოვლენილი ძლიერება საზარელი მათ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. სვანეთში იციან მითის ძველი ვერსია, ნაპოვნია ოქრო ვერძის ქანდაკი (ენგურის სათავესთან). ეფრემ მცირემ თარგმნა "ელინთა ზღაპრობანი", სადაც მოთხრობილია მითი "ვეშაპის დელფინის" კბილთა დათესვისა და იქიდან აღმოცენებულ გოლიათთა დაღპვის შესახებ. სხვა ავტორების გარდა ეფრემი იცნობს "აპოლონიოს არღონავტიკონს". ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით მეგრელნი (რამეთუ ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა ეგრი), ევროპულად იწოდებიან კოლხებად, "სადიდამ იაზონ წარიღო ოქროს რუნი ანუ საწმისი." დავით ბატონიშვილმაც კარგად იცის, რომ იაზონმა, თესალიის მეფის ძემ "შეწევნითა მედიასითა" იშოვა "ოქროს მატყლოსანი" "და ამან მედეამ ვეშაპნი იგი ეშმაკურობითა თვისითა დააძინა" (მ. ჩულკოვის მოკლე მითოლოგიური ლექსიკონის თარგმანი" 1767). კიდევ უფრო კარგად იცნობს მითს იოანე ბატონიშვილი. (კალმასობა, ლაშქრობა არღონავტთა, კოლხიდა მისი თქმით, იგივე ოდიშია). თეიმურაზ ბატონიშვილი საქართველოს ისტორიის დასაბამ თავში წერს: "მოსვლისათვის კოლხიდად საბერძნეთით მირმიდონთა, თესალონიკელთა მეფის ძის, იაზონის შოვნად ოქროს მატყლოსანისა ცხოვარისა, ხოლო იაზონს თანა ჰყვეს დიდი იგი ჰერკულეს და სხვანიცა მრავალნი დიდებულთა ძენი საბერძნეთით. უწოდებენ მათ არღონავტთა, ვინაიდან ნავსა მათსა ნახელ ედვა არღონ." ("ისტორია დაწყებითგან ივერიისა" 85-100). 1780 წელს გაიოზ რექტორს უთარგმნია "ტროიანელთა ისტორია", გვიდო დე კოლუმნის "მატიანე" (პოპულარული შრომიდან VIII საუკუნე). შემდეგ იგივე შრომა დაუმუშაებია რექტორის მოწაფე თეიმურაზ ბატონიშვილს, რომლის "ივერიის ისტორიაში" ბევრი ორიგინალური ცნობაა არგონავტებზე (ყველაზე ვრცელი ძველ ქართულ მწერლობაში იხ. აკაკი ურუშაძე, არგონავტიკა, 1948, 24-25). უწინ ეს შრომა რუსულიდან გადმოღებული ეგონათ. ე. ამაშუკელმა საკანდიდატო დისერტაციაში დაამტკიცა, "რომ მისი წყაროა რომელიღაც ძველი ბერძნული შრომა", შემდეგ ლ. ახობაძემ გამოარკვია, რომ გამოყენებულია გვიდო დე კოლუმნის წიგნი. თეიმურაზის ცნობებიდან საინტერესოა, რომ არგონავტების კოლხეთს ლაშქრობის თარიღად ასახელებს ძვ.წ. 969 წელს; ;აშქრობაში მონაწილეობს ჰერაკლე. დაბრუნების შემდეგ ჰერაკლემ და იაზონმა ილაშქრეს ტროას წინააღმდეგ, რასაც ბერძნული მითოლოგია არ იცნობს, მედეა ბრუნდება კოლხეთში და სხვ. თეიმურაზის საყურადღებო შრომა ხშირად ემთხვევა დიოდორე სიცილიელის ცნობილი შრომის "ისტორიული ბიბლიოთეკის" გადარჩენილ წიგნებს (პელიასის ძის აკასტეს, იაზონის კორინთოში ცხოვრების ამბებს და სხვ.). მასვე განმეორებული აქვს დიოდორეს ცნობა: გემის სახელია რგო აღებულია ბერძნულიდან, "ვინაიდან ძველისა ელინურისა ენითა ნიშნავს მსწრაფლს." თეიმურაზ ბაგრატიონი იზიარებს მედეას მიერ აფსირტეს მოკვლის გავრცელებულ ვერსიას, მაგრამ არ იმეორებს შვილების მოკვლის შეთხზულ ვარიანტს, რაც ევრიპიდეს მოგონილია. მისი აზრითაც მედეას შვილები კორინთელებმა მოუკლეს შურისძიების მიზნით (გ. შარაძე "არქეოლოგიური ძიებანი", "განათლება", 1973, 129-149). ნ. გურ. გაბუნია, კრებ. ქუთაისი, 1973. არგონავტების ამბავი პოეტთა, დრამატურგთა და ხელოვნების ოსტათტა მარადიული თემაა. ვაზებზე, ტილოზე, გობელენებსა და ქვაში ამ ლაშქრობის ეპიზოდები თუ გმირთა სახეები უთვალავ ხელოვანს აუსახავს. უძველესი და საუკეთესოა პოლიდევკეს გამარჯვება ამიკოსთან ორთაბრძოლაში (გრაფიკული გამოსახულება, რომი). გმირთა ცურვა ასახულია სიკიონის საგანძურის მეტოპებზე (დელფო). ფინევსის გათავისუფლება (ვერცბურგი). მედეას მოლაპარაკება, ხარების ძლევა, საწმისის გატაცება და ქორწილი - რომაულ სარკოფაგებზე (ვენა, პარიზი). ტალოსის მოკვლა - ტალოსი ვაზაზე. არც შუა საუკუნეებში შენელებულა ევროპაში ინტერესი კოლხ მედეასადმი. ბურგუნდიული წიგნის გრაფიკა დამშვენებულია მრავალი ილუსტრაციით (მე-15 საუკუნე). 1429 წელს დაარსდა "ოქროს საწმისის ორდენი" და ფილიპე კეთილმა (Philip III the good - Duke of Burgundy) თავის წინაპრებად მედეა და იაზონი გამოაცხადა. არგონავტებისადმი ინტერესი გაცხოველდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენის ეპოქაში (პადუას მუზეუმის ნახატები). 1799 წელს შესრულდა ა. კარსტენსის მონუმენტური ნახატები (კოპენჰაგენი, კოხის გრავიურები). შესანიშნავია აგრეთვე მაქს ბეკმანის ტრიპტიქი (1952). 1963 წელს არგონავტებზე დონ ჩეფმიმ გადაიღო ფილმი "იასონი და არგონავტები" (Jason and Argonauts). 1986 წელს საბჭოთა კავშირში გადაიღეს ფილმი არგონავტებზე სახელწოდებით "საშიში საზღვაო მოგზაურობის გასაოცარი ქრონიკები". 2000 წელს გადაიღეს ტელესერიალი "იასონი და არგონავტები". 2008 წელს კი გამოვიდა ვიდეოთამაში "არგონავტების აღზევება" (The rise of the Argonauts). წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე1593 1-ს მოსწონს
|