საბუნებისმეტყველო ასტრონომებმა მზის სისტემის მსგავსი სისტემა იპოვეს 2012, 29 ივლისი, 17:29 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სისტემა "კეპლერ-30"-ში აღმოჩენილი სამი პლანეტა და თვითონ ვარსკვლავი ბრუნავენ ერთ სიბრტყეში, როგორც ეს მზის სისტემაში ხდება. ნამუშევარი გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature. აღსანიშნავია, რომ თვითონ ვარსკვლავი "კეპლერ-30" ზომებით მზეს ჰგავს. ორბიტული ტელესკოპის "კეპლერ"-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ სამი პლანეტის აღმოჩენა, რომელთაგან ერთ-ერთის დიამეტრი 4-ჯერ, ხოლო დანარჩენი ორის 10-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს. ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვის პერიოდები 29, 60 და 143 დღეს შეადგენს. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სამივე ეგზოპლანეტა ბრუნავს ერთ სიბრტყეში და მათი ბრონვის ღერძი თითქმის ემთხვევა თვითონ ვარსკვლავის ბრუნვის ღერძს. აღნიშნული აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა ვარსკვლავზე არსებულ დიდ ლაქებზე დაკვირვების შედეგად. ვარსკვლავთან ერთად ბრუნვის დროს ისინი ამცირებენ მის ნათებას ყოველ 16 დღეში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქების მდებარეობა ხშირად ემთხვევა სამივე პლანეტის მდებარეობას. გამომდინარე იქედან, რომ ლაქების ზომა ბევრად მცირეა ვარსკვლავის ზომაზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პლანეტების ორბიტების დახრილობა თითქმის ერთნაირია. აქამდე პლანეტების ორბიტების ერთ სიბრტყეში განლაგება უნიკალური იყო მხოლოდ მზის სისტემისათვის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პლანეტები გაჩნდნენ პროტოპლანეტური დისკოდან. გარდა ამისა შეიძლება დავასკვნათ, რომ პლანეტები არ განიცდიან ძლიერ გრავიტაციულ გავლენას გარედან. ერთნაირი ორბიტის ეკზოპლანეტების აღმოჩენა დაეხმარება მეცნიერებს გალაქტიკაში მსგავსი სისტემების არსებობის ალბათობის გამოვლენაში. 357 4-ს მოსწონს
|