საბუნებისმეტყველო ძველი სამყაროს ჯავშნოსანი წარმოუდგენელი მახასიათებლებით 2019, 22 თებერვალი, 16:45
გსმენიათ რამე გლიპტოდონის შესახებ?
ეს ცხოველი იმდენივეს იწონიდა, რამდენსაც იწონის თანამედროვე საშუალო ზომის მსუბუქი ავტომობილი: 1400 კილოგრამს! წარმოიდგინეთ 3 მეტრის სიგრძის, 1400-კილოგრამიანი კუ, ძროხასთან შეჯვარებული ცხვრის თავით და ჯავშნით დაფარული ვეებერთელა კუდით. დისტოპიაში მცხოვრები შეშლილი მეცნიერების მიერ ლაბორატორიაში გამოყვანილ ფუტურისტულ არსებას ჰგავს, არა? კუდი გლიპტოდონს თავდაცვის მიზნით სჭირდებოდა. მისი ერთი მოქნევა და მტერი წელში იყო გაწყვეტილი, ძვლებჩალეწილი და სასიკვდილოდ გადადებული. სამხრეთი ამერიკის ველებზე მობინადრე ამ ცხოველის ჯავშანში ვერ ატანდა ვერცერთი სხვა ცხოველის ან ფრინველის ეშვი და კლანჭი. ახლა წინა ფეხებზე გამოზრდილ კლანჭებს აღარ იკითხავთ? ამ კლანჭებით გლიპტოდონს თავისუფლად შეეძლო მაშინდელი სამყაროს უძლიერესი ცხოველების გამოფატვრა. გლიპტოდონს ტიტანისიც კი ვერაფერს აკლებდა თავისი ნაჯახივით ნისკარტით. მაგრამ პლეისტოცენის მსგავსმა უძლიერესმა ჯავშნოსანმა ცხოველმაც კი ვერ დაიცვა თავი და გადაშენდა სულ რამდენიმე ათას წელიწადში მას შემდეგ, რაც ბერინგის სრუტით ამერიკის კონტინენტზე ფეხი ადამიანებმა დადგეს. ადამიანები გლიპტოდონზე აქტიურად ნადირობდნენ. ისინი შუბს ურჭობდნენ ცხოველს ნაკლებად დაცულ კისერში, რის შემდეგაც ჯავშნოსანი პრეისტორიული ძუძუმწოვარი მალევე იღუპებოდა ხოლმე სისხლის დაკარგვით გამოწვეული შედეგებისგან. ბოლოს გლოპტოდონიც 12 000 წლის წინ შეუერთდა იმ ცოცხალ არსებათა გრძელ ჯაჭვს, რომელთა გადაშენებაში ადამიანს მიუძღვის ბრალი. ადამიანი დღემდე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ცხოველთა უამრავი სახეობის გაქრობაში, რაც სპობს არამარტო თავად ამ სახეობას, არამედ მასზე მონადირე ცხოველებსაც, რაც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ბუნებაში, მნიშვნელოვნად ცვლის სამყაროს უარესობისკენ და თანდათან სიცოცხლისთვის უვარგისს ხდის ჩვენს პლანეტას. 276 1-ს არ მოსწონს
|