ბიოგრაფია გრიგოლ რასპუტინი - ყველაზე იდუმალებით მოსილ ადამიანს 150 წელი შეუსრულდებოდა 2019, 21 იანვარი, 12:37
150 წლის წინ, 1869 წლის 21 იანვარს სოფელ პოკროვსკოეში, ტიუმენის მაზრაში, დაიბადა რუსი გლეხი, მკურნალი, მღვდელი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და უბრალოდ ავანტიურისტი გრიგოლი რასპუტინი, ადამიანი, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა და ლეგენდები დღესაც გრძელდება.დღეს ფაქტობრივად ძნელია გაარკვიო, რა იყო მითი და რა სიმართლე, ერთი კი უდავოა, უბრალო ციმბირელი მეეტლის შვილმა საოცარი ქარიზმის წყალობით შეძლო იმპერატორის ოჯახში შეღწევა და ფაქტიურად განუსაზღვრელი უფლებების მოპოვება. იმასაც ამბობენ, რომ თვით იმპერატორ ნიკოლოზ II -ს მეუღლესთან, ალექსანდა თედორეს ასულთანაც ჰქონდა კავშირიო, განსაკუთრებით ბოროტი ხმები დადიოდა, იმპერატრიცას საუკეთესო მეგობარზე ანა ვირუბოვაზე, რომელიც რასპუტინის მხურვალე თაყვანისმცემელი იყო(გარდაიცვალა 1964 წელს. ცნობილია თავისი ჩანაწერებით და მამუარებით), თუმცა მოგვიანებით ოფიციალურად ჩატარებულმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ვირუბოვა საერთოდ ქალწული იყო.
1904 წელს რასპუტინი, სავარაუდოდ, არქიმანდრიტ ფეონის დახმარებით, მოხვდა პეტერბურგში, სადაც მაღალი საზოგადოების ნაწილში მოიპოვა „ბერის“, „საღვთო კაცის“, „წმინდანის“ სახელი. სწორედ მამა თეოფანემ მოუყვა „მოგზაურის“ შესახებ ჩერნოგორსკის პეტროვიჩის დინასტიის დიდებულის (შემდეგში მეფის) ნიკოლოზ ნეგოშას ასულებს - მილიცასა და ანასტასიას. სწორედ ხსენებულმა დებმა შეატყობინეს იმპერატორის მეუღლეს ახალ რელიგიურ განთქმულ პიროვნებაზე. იმპერატორის ვაჟი ალექსი ჰემოფილიით იყო დაავადებული, რომლის წინაშეც უძულური იყო მედიცინა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, რასპუტინის სეანსები ბიჭს შველოდა(ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა იმპერატორის მეუღლე ალექსანდრა). რამდენიმე წელიწადში რასპუტინი რუსეთში ითვლებოდა „საღვთო კაცად“ და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებად. მაინც რა იყო მიზეზი, რომ ავანტიურისტმა რასპუტინმა ასე თავისუფლად შეძლო თვით იმპერატორის კარზეც კი დიდი ზეგავლენის მოხდენა და უმაღლეს წრეებში კი ეს გლეხის კაცი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა? ერთ-ერთი მთვარი მიზეზი იყო ის, რომ იმდროინდელი რუსული არისტოკრატია გატაცებული იყო მისტიციზმით და ოკულტიზმით და იოლად დაიჯერა "ღვთიური ადამიანის"არსებობა. თუ წერილების მიხედვით ვიმსჯელებთ, იმპერატორის მეუღლე ალექსანდრა თედორეს ასული მას ბრმად ენდობოდა, თუმცა ბევრი ჭორი რასპუტინის შესახებ ანტიმონარქისტებმა და რევოლუციონერებმა გაავრცელეს. ფოტოზე:რასპუტინი თაყვანისმცემლებთან ერთად 1914 წელი ნიკოლოზ II-ის ოჯახის ექიმი ევგენი ბოტკინი ამბობდა, რომ არ ყოფილიყო რასპუტინი, ისინი მაინც შექმნიდნენ დემონს ვინმე სხვისგან. ამ უცნაურ ადამიანზე ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ ის აბანოში კურნავდა ქალებს ვნებისაგან, აწყობდა ორგიებს თავის ბინაში, ფლობდა ჰარემს და ატარებდა ჯადოქრულ რიტუალებს. არისტოკრატი ქალები მის წინაშე თავმოყვარეობას კარგავდნენ და მზად იყვნენ, მისი ჩექმის ძირიც კი აელოკათ. ის კი, გათამამაბული დაუსჯელობით, ქალწულ გოგონებს სახალხოდ ჩქმეტდა და ეღლაბუცებოდა. ასევე ჰყვებოდნენ, რომ ის ხშირად თვრებოდა რესტორნებში და აწყობდა დებოშს, ავლენდა სექსუალურ ფსიქოპათიას და სახალხოდ იშიშვლებდა გენიტალიებს. საოცარი იყო მისი მკვლელობის ისტორიაც. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, რასპუტინის თავგასულობას უკვე საზღვარი არ ჰქონდა. 1914 წელს ნიკოლოზი ომში მოწინავე ხაზზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რასპუტინი ითხოვდა, რუსეთს თავი აერიდებინა კონფლიქტისთვის. მეფის წასვლასთან ერთად, მისი გავლენა იმპერატორის ცოლზე, ალექსანდრა თედორის ასულზე გაიზარდა. რასპუტინს სურდა მხოლოდ მისი მეგობრები ყოფილიყვნენ სასახლის კარზე, ხოლო ოპონენტები მოეშორებინათ. იმპერიული სასახლის გარეთ იგი აცხადებდა, რომ თავად იყო ნამდვილი იმპერატორი, რაც სიმართლეს ჰგავდა. მისი აზრები და რჩევები კანონის სახეს ღებულობდა, ის წყვეტდა ათასობით ადამიანის და ბოლოს მთელი ქვეყნის ბედსაც კი, რამაც ბოლოს და ბოლოს, მოთმინებიდან გამოიყვანა არმია, ხალხი და არისტოკრატია. 1916 წლის 19 ნოემბერს პოლიტიკოსმა ვლადიმერ პურიშკევიჩმა მიმართა რუსეთის პარლამენტს და ქვეყნის ყველა პრობლემაში რასპუტინი დაადანაშაულა. პურიშკევიჩი ამტკიცებდა, რომ რუსეთს თავი უნდა დაეღწია რასპუტინისგან და დაესრულებინა მისი გავლენა მათ ანგლო-გერმანელ იმპერატრიცაზე. მის აზრებს იზიარებდა პრინცი ფელიქს იუსუპოვი, მეფის ძმისწული. 1916 წლის 30 დეკემბერს იუსუპოვმა რასპუტინი სახლში მიიწვია, იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე, პრინცესა ირინა, ნიმფომანიით იყო ავად. რასპუტინი ანკესს წამოეგო და პრინცს არწმუნებდა, რომ მას შეეძლო ქალის განკურნება. იუსუპოვმა ისეთი რაოდენობის ციანიდი შეურია ნამცხვარში და ჩაუყარა წითელ ღვინოში, რომ ცხენსაც კი მოკლავდა, თუმცა როგორც იუსუპოვი იხსენებს, ორი საათი ჭამდა და სვამდა გრიგოლი, თუმცა უშედეგოდ – მას მოწამვლის არაფერი ეტყობოდა. გაღიზიანებული თავადი ზემოთ ავიდა, სადაც მას პურიშკევიჩი და დიდი თავადი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ელოდნენ. იუსუპოვმა აიღო ბრიტანული რევოლვერი Webley 455, დაბრუნდა სარდაფში და რასპუტინს მუცელში ესროლა, მაგრამ როდესაც იუსუპოვი დაიხარა სანახავად, რასპუტინმა მას ხელი ჰკრა, კიბეებზე ახოხდა და გარეთ გაიქცა. კონსპირატორები დაედევნნენ და იუსუპოვმა კვლავ ესროლა, მაგრამ რასპუტინი ხოხვას აგრძელებდა. მათ სცემეს და დანით დაჭრეს რასპუტინი, დააბეს, ათრიეს პეტროვსკის ხიდზე და მალაია ნევას მდინარეში გადააგდეს. ორი დღის შემდეგ რასპუტინის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს, დადგინდა, რომ ის წყალში გადაგდების შემდეგაც კი გარკვეული ხანი ცოცხალი იყო, სანამ გაყინულ წყალში საბოლოოდ დაიხრჩობოდა. რასპუტინი მასობრივ კულტურაში და კომერციაში.(არასრული სია, მხოლოდ მნიშვნელოვანი ) ფილმები: Rasputin and the Empress(1932 წელი) -ისტორიული დრამა აშშ; Rasputin, the Mad Monk(1967 წელი)-ფილმი საშინელება 1967; J'ai tué Raspoutine(1967 წელი)-ბიოგრაფიული ფილმი, იტალია-აშშ; Raspoutine(2011)-ბიოგრაფიული ფილმი საფრანგეთი-რუსეთი. Григорий Р(2014)-სატელევიზიო ფილმი 8 სერიად, რუსეთი; მუსიკა:Boney M-Rasputin-1978 წელი;Александра Малинин «Григорий Распутин-1992;Metalium-«Rasputin»-2002; არაყი Rasputin-კომპანია Dethleffen გერმანია;ლუდი Old Rasputin-კომპანია North Coast Brewing Co, კალიფორნია, აშშ;ლუდი Rasputin-კომპანია «Brouwerij de Moler»-ჰოლანდია;სიგარეტი "Rasputin black"» და "Rasputin white" აშშ. ამის გარდა აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში არსებობს რამდენიმე ბარი და ღამის კლუბი, რომლესაც სახელი "რასპუტინი" ჰქვია, ხოლო სან-ფრანცისკოში მუსიკალური მაღაზია "რასპუტინი" და პროდუქტების მაღაზია Rasputin International Food. 1425 8-ს მოსწონს
|