საზოგადოება ერთი სადარბაზოს ისტორია, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა 2018, 7 აგვისტო, 9:06 ერთი ჩვეულებრივი სახლის I სართულზე, 97 წლის ჩვეულებრივი მოხუცი ქალბატონი ცხოვრობდა. ასაკის მიუხედავად, თავი ყოველთვის მხნედ ეჭირა. ის ძალიან კონტაქტური, სათნო ქალბატონი გახლდათ, სახიდან ღიმილი არასდროს სცილდებოდა. მან ფანჯრის რაფებზე, სადარბაზოს შესასვლელში და სართულის უჯრედში ქოთნის ყვავილები დადგა და სართული გაალამაზა. მომდევნო დღეს ყველაზე ლამაზი მცენარეები, კოკრებით და გაშლილი ყვავილებით, მოიპარეს და იქვე, მეტროს სიახლოვეს, გასაყიდად გაიტანეს. მეზობლებმა ეს რომ გაიგეს, სადარბაზოს შესასვლელ კარზე საკეტი და ვიდეოდომოფონი დააყენეს. მოხუცმა კი ისევ მორთო სართული ყვავილებით და კედლებზე ჩარჩოში ჩასმული, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები - ციტატები - ჩამოკიდა. იმავე საღამოს, სადარბაზოში ადგილობრივი მოზარდები შეიკრიბნენ. მოხუცმა მათი ხმა რომ გაიგო, ბინიდან გამოვიდა და... მათ ჩაი შესთავაზა. ბავშვები ამ წინადადებამ ძალიან გაახალისა, დიდხანს იცინეს, ყვავილები დაგლიჯეს, ჩარჩოები გადააბრუნეს და სადარბაზოდან გავიდნენ. მომდევნო დღეს მან ისევ დადგა ყვავილები, გაასწორა ჩარჩოები, სადარბაზოში პატარა მაგიდა დადგა, ზემოდან წიგნების თარო მოათავსა და მინიბიბლიოთეკა მოაწყო. წიგნების უმრავლესობა კლასიკა იყო. ისევ მივიდნენ მოზარდები. ისევ ისე ახმაურდნენ, როგორც წინადღეს. მოხუცი ისევ გამოვიდა… ბავშვებს ჩაი შესთავაზა, ფუნთუშებით. სახლიდან ისეთი სუნი იფრქვეოდა, რომ ბავშვებმა უარი ვერ უთხრეს თავაზიან ქალბატონს და როდესაც მისი სახლი დატოვეს, სადარბაზოდან გასვლამდე, წიგნები აიღეს და მოხუცს პირობა მისცეს, რომ წაიკითხავდნენ. ყვავილებს და ჩარჩოებს ხელი არ ახლეს. მომდევნო დღეს მოხუცმა სახლიდან წყლით სავსე პლასტიკატის ბოთლები გამოიტანა და იქვე დადგა, რომ ყველას, ვისაც სურვილი ექნებოდა, ყვავილებისთვის წყალი დაესხა. ხოლო თარო ახალი წიგნებით შეავსო. საღამოს მოზარდები მივიდნენ, ბოთლები აიღეს, ერთმანეთი გაწუწეს, იცინეს, იხმაურეს... და ისევ გაიღო მოხუცის კარი. ქალმა ბავშვები ისევ სახლში შეიპატიჟა, ისევ გაუმასპინძლდა ჩაით და ფუნთუშებით, ბოთლები ისევ წყლით აავსო და ბავშვებს ყვავილების მორწყვა სთხოვა. ბავშვები სადარბაზოში ყოველდღე მიდიოდნენ, მეზობლები აღშფოთდნენ და პოლიციაც კი გამოიძახეს. მაგრამ მოხუცმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ და წიგნების სათხოვნელად დადიოდნენ. ამის შემდეგ, სადარბაზოში წიგნების კარადა და მის გვერდით, განცხადება გაჩნდა: «გთხოვთ! თუ სახლში საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნები გაქვთ, თქვენ მიერ უკვე წაკითხული, – გაგვიზიარეთ! ხოლო მათ, ვინც წიგნი წაიღო და უკვე წაიკითხა, თუ შეიძლება დააბრუნეთ, ის შეიძლება სხვისთვისაც მნიშვნელოვანი და საჭირო იყოს!» კარადა წიგნებით შეივსო, ხოლო ქოთნის ყვავილები ყველა სართულზე გაჩნდა. კედლებზე სხვებმაც ჩამოკიდეს ლამაზი ჩარჩოები, ციტატებით. საღამოობით, სადარბაზოს კარს ღიას ტოვებდნენ. I სართულზე მოზარდები ისევ იკრიბებოდნენ, მაგრამ აღარ ხმაურობდნენ – ისინი წიგნებს კითხულობდნენ და წაკითხულს განიხილავდნენ. მოხუცმა სადარბაზოში რამდენიმე ფარანიც გამოიტანა, რომ ის ჩვეულებრივზე მეტად ყოფილიყო განათებული და ბავშვებს თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ. მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მის ბინაში, ბავშვებისთვის კლუბი გაიხსნა, ბიბლიოთეკით და მწვანე კუთხით, რომლის სიმბოლო ფარანი გახდა… თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:მთავარია ვინმემ დაიწყოს... (იგავი) მართალი ყოფილა, ბოდიში წამალი არ არის უდიდესი სიბრძნე (იგავი) ძველი აღმოსავლური ანდაზა წესრიგის დამყარებაზე 301 7-ს მოსწონს
|