x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80837
  • ვიდეო:333131
  • სურათი:438215
5 ივლისს ჰერეთში აღნიშნავენ სარწმუნოებისათვის თავდადებული წმიდა მღვდელთმოწამე მიქაელ ყულოშვილის ხსენების დღეს!

image

წმინდა სინოდის განჩინებით და ხორნაბუჯის ეპისკოპოსის, მელქისედეკის წარდგინებით, 2012 წლის 5 ივლისს, სარწმუნეობისათვის თავდადებული მღვდელი მიხეილი წმინდანად შეირაცხა და სახელად ეწოდა წმინდა მიქაელი (ყულოშვილი) ჰერეთში წამებული.

მისი ხსენების დღედ კი 5 ივლისი დადგინდა. წმინდანის საფლავი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოშია.

მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა როგორც კი ფეხი ფარდაგს დააბიჯა, ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ჰერელი ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს: “ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. დაე, მომკალით წმიდა სამებისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას – სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა. გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა…” ჯალათებმა მამა მიხეილს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. შებინდებულზე მისი გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა…

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. 1918 წლის გაზეთ “საქართველოს” მეექვსე ნომერში ვინმე “ვ-ლი”-ის ფსევდონიმით წერდა, რომ მამა მიხეილის გვამი 18 დღის ძებნის შემდეგ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველი ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებულს მიაკვლიეს.

“ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმების გამოკვლევით, ხელგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მოუშორებიათ კისერი. კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალული იქნა კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში… ეჭვი არ არის, რომ მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსლიმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს, ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან გამოცვლისთვის ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსლიმანები ქრისტიან-ჰერელთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა, ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხლავე ზომები მიიღოს ჰერელთა განსაცდელისგან დახსნისთვის, თორემ მერე გვიანი იქნება…”

წმიდანი კახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში მიასვენეს და ჰერეთის დიდი ეროვნული გმირის, ივანე-ბაბა ბულუღაშვილის გვერდით, ჰერეთის პანთეონში დაკრძალეს.


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა გერლიანი
ნანა გერლიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0