x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
2018-2024 წ. ეროვნული სასწავლო გეგმა არის ჩარჩო დოკუმენტი , რომელიც სკოლაში უზრუნველყოფს სწავლა–სწავლების ხარისხს

image

2018–2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა ( ამოქმედდება 2018 წლის 15 სექტემბრიდან ), ისევე როგორც ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა, ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ.
2018–2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა სტრუქტურულად შედგება სამი კარისაგან, კერძოდ :
I კარში წარმოდგენილია სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები, მათ შორის : ზოგადი განათლების საფეხურები, მათი მისია და მიზნები; განათლების ენები და ენობრივი განათლება; ეროვნული სასწავლო გეგმის საგანმანათლებლო პრინციპები; მეთოდიკური ორიენტირები; სასწავლო წლის კალენდარი სკოლაში და ა.შ
II კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება და საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით.
III კარში კი წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების საგნობრივი პროგრამები კლასების მიხედვით. საგნობრივი პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და შეძლოს მოსწავლემ და როგორ უნდა იქნეს მიღწეული საგნობრივი სტანდარტის შედეგები.
ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით გათალისწინებული საგნობრივი სტანდარტი მოიცავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს, ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. განსხვავებით ამჟამად მოქმედ ეროვნული სასწავლო გეგმისაგან 2018–2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტი მეტად მოსწავლეზე ორიენტირებულ და რელევანტურ მიზნებს მოიცავს და აერთიანებს სწავლა-სწავლების სამ კომპონენტს: შედეგებს, შინაარსსა და შეფასებას, ასევე განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს (საფეხურის ბოლოს მისაღწევ შედეგებს) და წარმოადგენს ორიენტირს, რომლისკენაც უნდა წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი . 2018–2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტი ორგანიზებულია შემდეგნაირად:
ა) დაწყებითი საფეხური – I-IV კლასების სტანდარტი და V-VI კლასების სტანდარტი;
ბ) საბაზო საფეხური – VII-IX კლასების სტანდარტი;
გ) საშუალო საფეხური – X-XII – კლასების სტანდარტი.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ძალაში შედის 2018 –2019 სასწავლო წელს, შესაძლებელობას აძლევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნები მის მიერვე შედგენილი საგნობრივი პროგრამის მიხედვით განახორციელოს. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს შესაბამის საგნობრივ სტანდარტთან. დასაშვებია ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება როგორც ყველა, ასევე რომელიმე საგანში/საგნებში. ასეთ შემთხვევაში საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი პროგრამა შესათანხმებლად წარმოადგინოს სამინისტროში და თავად უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით უცვლელი რჩება ზოგადი განათლების სამ საფეხურიანი სისტემა და მოიცავს
ა) დაწყებითი – I-VI კლასებს;
ბ) საბაზო – VII-IX კლასებს;
გ) საშუალო – X-XII კლასებს.
უცვლელი რჩევა ასევე დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულოობა, თუმცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით დაკონკრეტდა, ის თუ რას გულისხმობს სრული ზოგადი განათლების მიღება, კერძოდ თუკი მოქმედ ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში, ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმა იგივეს ტოვებს იდეას, თუმცა ცვლის ფორმულირებას და ამბობს, რომ სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას, სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.
რაც შეეხება სწავლა-სწავლების მიზნებსა და საგანმანათლებლო პრინციპებს, თუკი მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა საუბრობს სამივე საფეხურის ამოცანებზე, რომელიც ალბათ ზედაპირულია იმ მიზნების განცორციელების ეტაპზე, რასაც უნდა ისახავდეს ეროვნული სასწავლო გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინდივიდუალურად ხაზს უსვამს თითოეული საფეხურის მისიას და აკეთებს ჩარჩო ჩანაწერს, რომ დაწყებითი საფეხური ხელს უნდა უწყობდეს საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას ; საბაზისო უნარების – წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების, ასევე სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდას და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის.
საბაზო საფეხური ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობას და საფუძველების შექმნას განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.
საშუალო საფეხური კი საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით ხელს უნდა უწყობდეს სისტემური ცოდნის კონსტრუირებას ასევე მოაზროვნე, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.თითოეუილი საფეხურის მისია არის ის ხერხემალი, რაზედაც არის აგებული მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმაცა და სასკოლო პროცესიც.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი დანამატია განათლების ენები და ენობრივი განათლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად განათლების ენები მოიცავს: სწავლა-სწავლების ენას, რომელზედაც მიმდინარეობს სასკოლო საგანთა სწავლა და სწავლება ასევე მოიცავს საგნის ენას, რომელზედაც მიმდინარეობს კონკრეტული საგნობრივი შინაარსის სწავლება. საგნის ენა არის სწავლა-სწავლების ენის სახესხვაობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ენობრივი ნორმებით და მოიცავს ენას, როგორც საგანს, რომლის მიზანი ენის სწავლებაა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეთ საგნებს წარმოადგენს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ენები.

სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით კერძო სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 34 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 33 კვირაზე ნაკლები. ხოლო ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის რედაქციის თანახმად კერძო სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმითვე მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით განისაზღვრა სარეკომენდაციო დატვირთვის(გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური
რაოდენობა შემდეგი სახით :

კლასი I II-III IV-V VI-VIII IX X-XII მაქსიმალური დასაშვები საათები (ასტრონომიული) დღეში 3 4 4 5 5-6 5-6

ეროვნული გეგმის თანახმად აღნიშნული საათები ხაზს ვუსვამ, არის სარეკომენდაციო და სკოლის მიერ საათების დამატების შემთხვევაში, რეკომენდებულია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს სრულფასოვანი კვება და დასვენება.
ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად საჯარო სკოლაში პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით; II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად).
ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის რედაქციამ შეცვალა მიდგომა და თქვა, რომ საჯარო სკოლაში IV-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II და III კლასებში – 40 წუთით.

ამჟამდ მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. ამასთან, იმ საჯარო სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ერთ ცვლაზე, გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენება უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი, ხოლო სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ორ და მეტ ცვლაზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სარეკომენდაციოა თითოეული ცვლისთვის.

ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის ამ მიმართულებითაც დაკონკრეტდა . აღნიშნული დოკუმენტის თანახმად საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები, ხოლო მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთისა. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
ამჟამად მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობს ჩანაწერი რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. ასეთ დროს დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. აქვე არსებობს ჩანაწერი რომ 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად კი საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 25 მოსწავლით. ასეთ შემთხვევაში დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.
ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმაში დარჩა ჩანაწერი რომლის მიხედვითაც 2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. .

ასევე პრინციპულად შეიცვალა კლასის გაყოფის შესაძლებლობაც, კერძოდ აჟამად მოქმედ ეროვნული სასწავლო გეგმის მე–4 მუხლის მე–9 და მე–10 პუნქტების თანახმად კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში კლასის გაყოფა დასაშვებია მე-6 კლასში კომპიუტერების რაოდენობისა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შეუსაბამობის (მაგ.: სამ მოსწავლეზე 1 კომპიუტერის) შემთხვევაში.

ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ ენის ფლობის დონეების მიხედვით


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად კი კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, უცხო ენაში კი – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.

იგივე რჩება კლასკომპლექტის შექმნისა და სწავლების მეთოდის პრინციპები უბრალოდ თუკი მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კლასკომპლექტის ფარგლებში სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV, V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.). ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე, რომელშიც რა თქმა უნდა შედის მუსიკაც და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც, შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV, V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.). ანუ შინაარსობრივად ამ მუხლში არაფერი შეცვლილა .

ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმით კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩაიშალა სკოლაში საერთო კულტურის ცნება და განიმარტა, რომ სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს:
ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
ბ)ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას

გ)კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას

დ)ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას

ე)გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის

ვ)კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას

ზ)სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას

უნდა აღინიშნოს რომ მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შედარებით სასკოლო კულტურის მნიშვნელობა უფრო მეტად სიღრმისეულად და მიზნობრივად არის წამოწეული წინა პლანზე, რაც მოსწავლეზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ამჟამად მოქედი ეროვნული სასწავლო გეგმის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დამრიგებელი ვალდებულია რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. ამავე მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად დამრიგებელი ვალდებულია დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე . სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
ახალმა ეროვნულა სასწავლო გეგმამ შეცვალა მიდგომა და დააკონკრეტა როგორც დამრიგებლის მოვალეობები ასევე სადამრიგებლო საათის ჩატარების პერიოდულობა კერძოდ:
ახალი ეროვნული სასაწავლო გეგმის მე–19 მუხლის მე–4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დამრიგებელი ვალდებულია დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე – არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.

ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სკოლაში კათედრების შექმნისა და მათი ფუნქციონირების წესში . ახალ ეროვნული სასწავლო გეგმით კათედრის ფუნქციებს დაემატა სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენის ვალდებულება, ასევე დაკონკრეტდა ჩანაწერი კათედრის შეხვედრებთან დაკავშირებით და ჩაიწერა, რომ კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე..ამჟამად მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობდა შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, რომ კათედრა იკრიბებოდა სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეკრებილიყო სასწავლო წლის დაწყებამდე.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით უცვლელი რჩება სკოლის მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულება და შემადგენელი ნაწილები. სასკოლო სასწავლო გეგმა კვლავ უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის მისიას რომლის მიხედვითაც სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა სკოლის მისიის განსაზღვრა; სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება; საგნის/საგნების მიხედვით საგნობრივი პროგრამების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამებისგან განსხვავებული პროგრამით მუშაობას; დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა; სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა და სხვა . სასკოლო სასწავლო გეგმა კვლავ უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე. უცვლელი რჩება სასწავლო სასკოლო გეგმის საჯაროობის პრინციპი, თუმცა თუკი ამჟამდ მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლის დირექცია ვალდებულია დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის ძირითადი საკითხები, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, გააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებს და უზრუნველყოს ამ დოკუმენტის სრული ვერსიის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ დააკონკრეტა და თქვა, რომ სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის საჯაროობა (გარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა), აღნიშნული ჩანაწერით ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ უზრუნველყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის სოციალური ინტერესები .

თითქმის არაფერი იცვლება სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის შეთავაზებულ დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებში . სკოლას კვლავ უფლება აქვს, შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ან ფაკულტატური (წრის) სახით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული არ არის. სკოლამ, ასეთი სახის მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, თავად უნდა განსაზღვროს იგი.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით უცვლელი რჩევა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი, კერძოთ : IX და XI კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ ჩასატარებელი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგის თანახმად : 8 გაკვეთილი უნდა ჩატარდეს – IX კლასში, ხოლო 4 გაკვეთილი – XI კლასში. ამასთან ერთად სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა აისახოს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განრიგი: მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში ექსკურსიების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების განრიგიც ;

ეროვნულ სასწავლო გეგმაში საათობრივი ბადის ანალიზის თვალსაზრისით საათობრივი ბადე კვლავ განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას; მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმიდნარე ეროვნული სასწავლო გეგმის მე–13 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს საგნებს შორის. ახალი რედაქციის ეროვნულ სასწავლო გეგმის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად კი საჯარო სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, კონკრეტული საგნის წლიური ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს სხვა საგნებს შორის. ოღონდ აღნიშნული გადანაწილება უნდა იყოს დასაბუთებული. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დაწყებით საფეხურზე სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებზე. გამონაკლისი დაიშვება ობიექტური გარემოებების არსებობისას სამინისტროსთან შეთანხმებით.

სკოლაში საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების თვალსაზრისით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამჟამად მოქემდი ეროვნული სასწავლო გეგმისაგან განსხვავებით უფრო მეტად დაკონკრეტებულია გაძლიერებული სწავლების სტატუსის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა . თუკი მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად სკოლას საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მისაღებად სამინისტროში უნდა წარედგინა : სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი გაძლიერებული სწავლების საგნის/საგნების სასწავლო პროგრამები და სწავლის პროცესში გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი, ახალი რედაქციით ამ ჩამონათვალს დაემატა ინფორმაცია შესაბამისი ადამიანური რესურსის შესახებ, რითაც დაზუსტდა რომ გაძლიერებული სწავლების საგნის/საგნების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ასევე სამეურვეო საბჭოს თანხმობა და გაძლიერებული სწავლების დანერგვის სამწლიანი გეგმა.
ახალი რედააქციის დოკუმენტით გაძლიერებული სწავლების სკოლებისთვის გაძლიერდა კონტროლის მექანიზმიც რაც გამოიხატება იმაში, რომ სტატუსის მინიჭებიდან 3 სასწავლო წლის შემდეგ საჯარო სკოლამ სამინისტროს უნდა წარუდგინოს გაძლიერებული სწავლების დანერგვის გეგმის შესრულების ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლისთვის სტატუსის გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე.

საჯარო სკოლის მიერ საგანმანათლებლო რესურსების შერჩევის თვალსაზრისით ახალ ეროვნული სასწავლო გეგმის რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სკოლა უფლებამოსილია სსსმ მოსწავლის სწავლება განახორციელოს ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე. სსსმ მოსწავლეების სწავლებისას შესაძლებელია გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი, გამოყენებულ იქნეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებზე მორგებული სხვა საგანმანთლებლო რესურსები/სერვისები.

სკოლაში მოსწავლის შეფასების მიზნების, პრინციპებისა და ამოცანები შედარებითი ანალიზის შედეგად ირკვევა რომ მცირეოდენ ცვლილებას განიცდის შეფასების სტრატეგიაც, კერძოთ შეფასება კვლავ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში, ხოლო განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა ახალი რედაქციის დოკუმენტით უფრო სიღრმისეულად ჩაიშალა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა .სიღრმისეულად განიმარტა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მიზნები, ამოცანები, წარამტების კრიტერიუმები და შეფასების ფორმები .იგივე რჩება შეფასების ათ ქულიანი შკალა.
ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. ახალი რედაქციის დოკუმენტში კი გაჩნდა ჩანაწერი რომლის მიხედვითაც I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში არ გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასება (ანუ არ იწერება ქულები) . ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
ამაჯამად მოქედმი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით. ხოლო ახალი რედაქციის დოკუმენტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი რომლის მიხედვითაც V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10. უნდა აღინიშნოს რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად დაკონკრეტებულია მოწავლეთა შეფასების კომპონენტები . საზუსტდა თუ რომელ კლასში შეფასების რომელ კომპონენტში გამოიყენება განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასების სისტემა .

I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი საბაზო-საშუალო საფეხურები მიმდინარე საშინაო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება მიმდინარე საკლასო დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება შემაჯამებელი დავალება განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმისაგან განსვავებით საგნის წლიური ქულა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განმარტებულია შემდეგნაირად, რომ საგნის წლიური ქულა – ეს არის სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.ხოლო გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.

ახალი რედაქცის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცვლელი რჩება ქულების გამოანგარიშების წესი
ასევე ახალი რედაქციით უცვლელი რჩება კლასისა და საფეხურის დაძლევის სტანდარტები.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით დაკონკრეტდა სემესტრული გამოცდის ჩატარების მიზნით მშობლის / კანონიერი წარმომადგენლის მიმართვიანობის წესი, კერძოთ ამჟამად მოქედი რეედაქციის ეროვნულ სასწავლო გეგმით სემესტრული გამოცდის დანიშვნის მიზნით მშობელი / კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს განცხადებით სკოლის დირექტორს ხოლო განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანი იყო, რადგან შეუძებელი იყო განგესაზღვრა მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის პერიოდულობა . აღნიშნული საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით პრობლემატური გახლდათ, ვინაიდან თორიულად მშობელს შეეძლე განცხადებით მოემართა ზუსტად სემესტრის დასრულებიდან 2 კვირის თავზე, დირექტორს კი იმავე დღეს უნდა დაემუშავებინა შემოსული კორესპონდენცია და მოემზადებინა წინადადება სემესტრული გამოცდის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე, რაც ძალიან ხშირად დროში გაწელილი პროცესია . თუმცა აღნიშნული საკითხის პრობლემატურობა შეაფასა და გადაჭრა ახალი რედაქციის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და მიუთითა, რომ სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული.
რაც შეეხება წლიური გამოცდების დანიშვნას .
დანიშვნის/ არდანიშვნის საკითხს კვლავ წყვეტს საჯარო სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმაში ასახვით .
ამჟამად მოქემდი სასკოლო სასწავლო გეგმის რედაქციის თანახმად სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც (მაგ. თუ სკოლამ მე-7 კლასში დანიშნა წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საგანში ვეღარ დანიშნავს წლიურ გამოცდას). ახალმა რედაქციამ კი ხაზგასმით თქვა, რომ ეს ჩანაწერი არ ვრცელდება იმ საგანზე/საგნებზე, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული;
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაკონკრეტდა წლიური გამოცდების დროს მოსწავლეებისათვის შეთავაზებული დავალებების შინაარსშიც და აღნიშნა, რომ დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების მიწოდება. აღნიშნული ირიბად გათალისწინებულია ამჟამად მოქედი ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, თუმცა ამ ახალი რედაქციით კიდე უფრო დაკონკრეტდა რომ სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებები შესთავაზოს .

რაც შეეხება ინკლუზიურ განათლებას უნდა აღინიშნოს რომ ამ მიმართულებით ცვლილება თითქმის არ არის . ინკლუზიური განათლების პრინციპად კვლავ რჩება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
ახალი რედაქციის ჩანაწერის თანახმად ინდივიდუალირი სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად . ახალი რედაქციით ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა აქ საუბარი არაა იმ მოსწავლეებზე, რომელთა სპეციალური საჭიროება უკვე იდენტიფიცირებულია . ახალი რედაქციის დოკუმენტიდან არ იკითხება თუ რა ვადაში უნდა შეიქმნას უკვე იდენტიფიცირებული მოსწავლეებითვის ინდივიდუალური სასაწავლო გეგმა . ვფიქრობ რომ აღნიშნული ხარვეზია და ვიმედოვნებ რომ დოკუმენტის ძალაში შესვლამდე ეს ხარვეზი გასწორდება

უცვლელი რჩება სკოლაში საგნების დაჯგუფების მთავარი პრინციპებიც. საგნობრივი ჯგუფები კვლავ მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე არჩევით საგნებს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება კვლავ რვა საგნობრივ ჯგუფში, ესენია : სახელმწიფო ენა; მათემატიკა; უცხოური ენები; საზოგადოებრივი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ტექნოლოგიები; ესთეტიკური აღზრდა და სპორტი.ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა განსხვავებით ამჟამად მოქედისაგან, ხაზს უსვამს დაწყებით საფეხურზე საგნებს შორის ინტეგრაციის ხარისხის გაცილებით მაღალ სტანდარტს და ამ მიზნის მისაღწევად რეკომენდაციის სახით განმარტავს, რომ დაწყებით საფეხურზე სხვადასხვა საგანს უმჯობესია ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლიდეს.

უცვლელი რჩება სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში შემავალი სავალდებულო და არჩევითი საგნების ნუსხა.
სავალდებულო : ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში); აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);
ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება I-XII კლასებში).
არჩევითი: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.
ასევე უცვლელი რჩება მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში შემავალი სავალდებულო და არჩევითი საგნების ჩამონათვალი
სავალდებულო: მათემატიკა – ( ისწავლება I-XII კლასები )
არჩევითი : ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).

რაც შეეხება უცხო ენების საგნობრივ ჯგუფს, თუკი ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნებში შედიოდა პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში) და მეორე უცხოური ენა (ისწავლება V-XII კლასებში), ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ გაზარდა სავალდებულო საგნების ჩამონათვალი და დაამატა მესამე უცხო ენა, რომელიც ისწავლება X-XII კლასებში.
ამჟამად მოქედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან. ახალი რედაქციის ეროვნული სასწავლო გეგმა ამ მიმართულებით დაკონკრეტდა და თქვა, რომ საჯარო სკოლა უფლებამოსილია, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს მესამე კლასიდან.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაქრა ამჟამად მოქემიდი ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერი, რომლის ხედვითაც საშუალო საფეხურის დასრულებისას ერთ-ერთ უცხოურ ენაში მოსწავლე უნდა ფლობდეს სIII-სVI დონეს (B1), ხოლო მეორე უცხოურ ენაში – სII დონეს (A2), თუმცა განიმარტა, რომ უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
ახალი რედაქციის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემცირებული და შეცვლილია საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულ საგანთა ნუსხა. საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნებში დამატებულია მე და საზოგადოება, რომელიც ისწავლება III-IV კლასებში ხოლო ამოღებულია სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება რომელიც ისწავლებოდა IV, VIII და XII კლასებში, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება, რომელიც ისწავლებოდა XI კლასში; ასევე ამოღებულია საქართველოს ისტორია რომელიც ისწავლება IX კლასში და შესავალი ისტორიაში, რომელიც ისწავლებოდა X კლასებში;
ახალი რედაქციის დოკუმენტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სავალდებულო საგანთა ნუსხა ამგვარად გამოიყურება :

ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);

ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);

გ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII-XII კლასებში);

გ) გეოგრაფია (ისწავლება VII-VIII კლასებში);

დ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);

ე) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);

ვ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);

ზ) სამოქალაქო განათლება (ისწავლება VII-X კლასებში);

შეიცვალა სავალდებულო საგნების კლასებში სწავლების პერიოდულობა, კერძოდ თუკი საქართველოს და მსოფლიო ისტორია ისწავლებოდა VII- VIII, XI -XII კლასებში ახალი რედაქციის დოკუმენტით საგანი ისწავლება VII-XII კლასებში ;
თუკი სამოქალაქო განათლება ისწავლებოდა IX-X კლასებში ახალი რედაქციის დოკუმენტის თანახმად იგი ისწავლება VII-X კლასებში.

უცვლელი რჩევა საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ ჯგუფში შემავალი არჩევით საგანთა ნუსხა : არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკა და სახელმწიფო, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება.

უცვლელი რჩება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნობრივ ჯგუფში შემავალ სავალდეულო საგანთა ჩმონათვალი :
ა)ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (ისწავლებაVII კლასში);

გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში);

დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში);

ე) ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

თუმცა ახალი რედაქციის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებს დაემატა ახალი საგანი : გარემო და მდგრადი განვითარების სახით .

უცვლელი რჩება ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო და არჩევითი საგნების ნუსხა და მოიცავს
სავალდებულო : ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) (ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე);
არჩევითი : კომპიუტერული მეცნიერება, მულტიმედია და დიზაინი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).


გარკვეული ცვლილებაა შესული ესთეტიკური აღზღდის საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგანთა ნუსხაში, კერძოთ თუკი ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში სავალდებულო საგნების სახით გაერთიანებულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, რომელიც ისწავლება I-IX კლასებში; მუსიკა, რომელიც ისწავლება I-IX კლასებში და ქართული ცეკვა რომელიც ისწავლება IV კლასში.ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნებიდან ამოღებულ იქნა ქართული ცეკვის სწავლება
უცვლელი რჩება ზემოთაღნიშნული საგნობრივი ჯგუფის არჩევითი საგნების ჩამონათვალი და მოიცავს : თეატრალური ხელოვნებას, სახვითი და გამოყენებით ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკულ კურსს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკულ კურსს, ხელოვნების ისტორიას, ფოლკლორულ ანსამბლს, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსს, მულტიმედიასა და დიზაინს ასევე კინოხელოვნებას.


ცვლილება განიცადა სპორტის საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნებმაც, თუკი მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად სპორტის სავალდებულო საგნობრივ ჯგუფში შედიოდა საგანი სპორტი, რომელიც ისწავლება I-XII კლასებში, ახალი რედაქციი დოკუმენტის მიხედვით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ფიზიკური აღზრდა, რომელიც ისწავლება I-VI კლასებში და ფიზიკური აღზრდა და სპორტი რომელიც ისწავლება VII-XII კლასებში;

ახალი რედაქციის ეროვნულ სასწავლო გეგმაში უცვლელი რჩება ე.წ „აბიტურის საათები“ მე–12 კლასის საათობრივ ბადეში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეს თითოეულ კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებას სკოლის გამოსაშვები გამოცდისთვის განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.

რაც შეეხება საათობრივ ბადეს აჟამად მოქედ ეროვნული სასწავლო გეგმისაგან განსხვავებით ქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმამ განიცადა ცვლილება და პირველი კლასისთვის სულ კვირეული საათობრივი დატვირთვა ნაცვლად 22 საათისა პირველ სემესტრში განისაზღვრა 21 საათით ხოლო მეორე სემესტრში 22 საათით
მეორე კლასის კვირეული საათობრივი დატვირთვა ნაცვლად 22 საათისა ორივე სემესტრში განისაზღვრა 23 საათამდე

მესამე კლასის კვირეული საათობრივი დატვირთვა ნაცვლად 23 საათისა პირველ და მეორე სემესტრში განისაზღვრა 25–25 საათით
მეოთხე კლასის კვირეული საათობრივი დატვირთვა ნაცვლად 23 საათისა პირველ და მეორე სემესტრში განისაზღვრა 25–25 საათით
უცვლელი რჩება მეხუთე და მეექვსე საათის კვირეული საათობრივი დატვირთვა და შემოიფარგლება თითოეულ სემესტრში 28 საათით, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ გაზრდილია მეხუთე კლასის მეორე სემესტრში მათემატიკის კვირეული დატვირთვა 4 დან 5 საათამდე .
„ჩვენი საქართელოს „ კვირეული საათობრივი დატვირთვა მეხუთე კლასის პირველ და მეორე სემესტრი ნაცვლად 3–3 საათისა განისაზღვრა 2–2 სააათით .

ცვლილება განიცადა ასევე საათობრივმა ბადემ არაქართულენოვან საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისათვის.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე სიღრმისეულად განსაზღვრავს საგნობრივ სასწავლო გეგმებსა და ზოგად სტანდარტებს. დოკუმენტში განსაზღვრულია სახელმწიფო ენების სწავლების მიზნები და ამოცანები, სახელმწიფო ენების სწავლების ორგანიზების პროცესი, შეფასებისა და შემაჯამებელი დავალებების კომპონენტები და სხვა .

0
5926
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა ვირსალაძე
ბექა ვირსალაძე
5926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0