x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433823
კომპიუტერული ტექნიკა და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

მედია ყველგანაა, კომპიუტერი და ვიდეო თამაშები ხშირად იპყრობენ ბავშვის ყურადღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხი, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს გაჯეტთან ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე და სასარგებლოა თუ არა ადრეულ ასაკში (6 წლამდე) ბავშვისთვის ტექნიკასთან წვდომა, კარგად იყოს შესწავლილი. ამ თემასთან დაკავშირებით მშობელთა აზრი ძირითადად ორად იყოფა: ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მათ ჰქონდეთ კონტაქტი, რათა მეტად დაუახლოვდნენ თანამედროვე ცხოვრებას და განვითარდნენ, რადგან მომავალი ტექნიკის გარეშე პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა, სხვების აზრით, ბავშვი კომპიუტერული გაჯეტების დახმარების გარეშეც შეძლებს სრულყოფილად განვითარებას. ერთის მხრივ, ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიასთან კომუნიკაცია აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, თუმცა მეორეს მხრივ, მსგავსი მიდგომა შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის განვითარების მრავალ ეტაპსა და იწვევდეს ძლიერ მიჯაჭვულობას, რის შედეგადაც შესაძლოა მრავალ პრობლემას წააწყდნენ მშობლები, რისი გაკონტროლებაც მათთვის ძალიან რთულია. რასაკვირველია, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა დასკვნის გამოსატანად, აუცილებელია განვიხილოთ ის ნაკლები და უპირატესობები, რომლებიც შესაძლოა მოიტანოს ციფრულ ტექნოლოგიასთან ბავშვის ურთიერთობამ.image

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბავშვები საშუალოდ 7 სთ-ს ატარებენ მედია-გასართობებთან, როგორიცაა: ტელევიზორი, კომპიუტერი, აიპადი, სმარტფონი და სხვა (AAP, 2012); შედეგად ხშირად ვხვდებით ბავშვების მოტორულ და ფსიქო-ემოციური განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით კი-განვითარების საწყის ეტაპზე, როდესაც ბავშვის გარემოს შესწავლითაა დაკავებული. 3-4 წლამდე აუცილებელია ბავშვი შეეხოს, გასინჯოს, იმოძრაოს და ამდაგვარად შეისწავლოს სამყარო, ტექნოლოგიასთან წვდომა კი, არღვევს ბავშვის კოგნიტური ფუქნციონირებას, კერძოდ კი- ხელს უშლის მეხსიერების, ყურადღების, წარმოსახვის განვითარებასა და სთავაზობს მზა ხატებს. ბავშვს ვესტიბულური, პროპრიოცეპტული და ტაქტილური სისტემის განვითარებისთვის აუცილებლად ესაჭიროება დღეში 2-3 საათით აქტიურობა და თამაში, რათა ადექვატურად განავითაროს სენსორული სტიმულაცია, ხოლო შეხება- ამავდროულად ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც ამცირებს შფოთავსა და ადრენალინის დონეს და თავისუფლად შეიძლება ამას დავუკავშიროთ ე.წ გამონათქვამი, რომ ‘’მწვანე ფერი ადამიანს ამშვიდებს’’ (Rowan, 2017). როგორც აღვნიშნე, გაჯეტებთან ბავშვის ხანგრლივმა ურთიერთობამ, შესაძლოა მრავალ ასპექტზე მოახდინოს გავლენა, შევეცდები მეტად დავაკონკრეტო თუ, კერძოდ, რა პრობლემები შეიძლება შეხვდეს მშობლებსა თუ პედაგოგებს მსგავს შემთხვევებში.image

პირველ რიგში, აუცილებელია განვიხილოთ ტექნოლოგიასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ბავშვები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ტექნიკასთან, ხშირად თავს არიდებენ სათამაშო მოედნებზე თამაშს, პარკში სეირნობასა თუ სხვა სახის გარე აქტივობებს, შესაბამისად ბავშვებს შესაძლოა არ განუვითარდეთ მიდრეკილება, სურვილი, რომ სპორტით დაკავდნენ, რაც მომავალში ხშირად იწვევს არაჯანსაღ ფიზიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტილს. დაბადებიდან უახლოესი 2-3 წელი ბავშვები გარემოს შეიცნობენ შეხებითა და მოსინჯვის მეთოდებით, მათი მოტორული განვითარებისთვის აუცილებელია სირბილი, ხტომა, დაცემა და სხვა სახის სპორტული აქტივობები. დღესდღეობით ბავშვების მიერ მსგავსი სახით სიამოვნების მიღება და აქტიური ცხოვრების სტილი სულ უფრო მეტად მცირდება, რასაც ხშირად უკავშირებენ ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას (healthresearchfunding, 2015). ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ტელევიზორთან თუ ტელეფონთან, შეიძლება ვთქვათ, რომ არ მოძრაობენ, რაც იწვევს მრავალი სახის ჯანმრთელობის პრობლემას და მათ შორის განაპირობებს სიმსუქნესაც. თავის მხრივ კი ჭარბი წონა, ასევე იწვევს მრავალ რთულ დაავადებას: გულს-სისხლძარღვთა, დიაბეტი და სხვა.

ტელევიზიასთან, ტელეფონთან კავშირი ასევე უარყოფითად აისახება ბავშვის ბიოლოგიურ განვითარებაზე და დღესდღეობით ხშირად ვხვდებით მხედველობის პრობლემებს, განსაკუთრებით-მიოპიას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი კომპიუტერთან დიდი დროის გატარებაა. სტატისტიკის მიხედვით ამერიკის ოჯახებში ბავშვების 94%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, ხოლო 2009 წლის მონაცემებით 12-დან ზევით ასაკის ბავშვებში მიოპიის პრობლემა 59, 8 %-ს წარმოადგენს, რადგან მსგავს შემთხვევაში, ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვა უწევს თვალის შიგნით არსებულ კუნთებს, რომ სწორად მოახდინოს ინფორმაციის აღქმა (Heiting; 2017).

კიდევ ერთი მიზეზი თუ, რატომ შეიძლება უარყოფითად მივიჩნიოთ ბავშვის მიერ ტექნოლოგიასთან ხანგრძლივი დროის გატარება არის ბავშვის კოგნიტური და ემოციური ფუქნციონირების შეფერხება. ტელევიზია თუ სხვა მედია-საშუალება ხელს უშლის პატარის წარმოსახვის განვითარებას და სთავაზობს მზა, ფრაგმენტულ ხატებს, შესაბამისად მათ აღარ რჩებათ ადგილი საკუთარი ფანტაზიისთვის. კომპიუტერული თამაშები ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული თვისებების არასწორ ჩამოყალიბებას. მათ აღენიშნებათ სიმულირებული კმაყოფილება, როდესაც ვირტუალურ სამყაროში აღწევენ რაიმე მნიშვნელოვანს და ივითარებენ უნარებს. ბავშვი, რომელიც ძალიან კარგი მშვილდოსანია ვირტუალურ სამყაროში, იგებს სხვადსხვა შეჯიბრს, მედლებს, სინამდვილეში შესაძლებელია, სულაც არ იყოს ძლიერი სპორტსმენი, ეს კი იწვევს რეალურ ცხოვრებასთან პრობლემებს და ყოველთვის, როდესაც ისინი აწყდებიან სირთულეებს, გამოწვევბს, ბავშვები გამოსავალს ეძებენ სიმულირებულ სამყაროში, რაც ხშირად მიუღწეველი და უშედეგო შესაძლოა აღმოჩნდეს და კიდევ უფრო დააშოროს მათ სინამდვილისგან (healthresearchfunding, 2015).

მრავალი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად ტარდებოდა, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ცვლილებები ბავშვის განვითარებაში. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები არ არის დადებითისკენ მიმართული. გამოვლინდა, რომ დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტ ბავშვს აღენიშნება განვითარების პრობლემები, უფრო მეტნი არიან დამოკიდებულები და ბევრად მეტ ბავშვს აქვს დასმული ფსიქიატრიული სახის დიაგნოზი დასმული. ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტი, კოორდინირების პრობლემები, შფოთვა, სენსორული გადამუშავების დარღვევა, დეპრესია და კიბერ-ბულინგი/ დაჩაგვრა- ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბავშვებში ყოველდღიურად იმატებს და რისი მთავარი წამახალისებელი ფაქტორიც კომპიუტერთან ხანგრძლივი ურთიერთობაა (healthresearchfunding, 2015).

ახალი ტექნოლოგიები შესაძლებელია ასევე ჩავთვალოთ სოციალური უნარების შეზღუდულობის მიზეზად. ადამიანები ხდებიან ჩაკეტილები, ვერ უგებენ სხვებს, არ აქვთ გამომუშავებული ლოდინის, მიმღებლობის უნარები, რაც იწვევს მათი სურვილის გაქრობას, რომ ჰქონდეთ რაიმე სახის რეალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან (John Papiewski, 2017).

კომპიუტერთან ემოციურად დატვირთული ბავშვი ხშირად ვერ გრძნობს დაღლას და კვლავ განაგრძობს თავის საქმიანობას, რომელიც შესაძლებელია არ იყოს სასწავლო პროგრამა და იყოს უბრალოდ გასართობი, კომპიუტერული თამაში, რაც ხშირად აღაგზნებს ბავშვებს და იწვევს მრავალი სახის პრობლემას, როგორიცაა: აგრესიულობა, ძილის ჰიგიენის დარღვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძილის სირთულეები, რადგან მშობლების უმრავლესობა ვერ ახერხებს გააკონტროლოს მათი შვილის მიერ ტექნიკის მოხმარების დრო, აქიდან გამომდინარე, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას როდის იძინებენ და როდემდე მოიხმარენ ციფრულ ტექნიკას. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით ძილის სირთულეების გამომწვევი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორი ლურჯი ეკრანის გამოსხივებაა, რომელიც ხელს უშლის ჰორმონ მელატონინის წარმოქმნას ტვინში, რაც ჩაძინებაზეა პასუხისმგებელი (COLWELL, 2017). კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარების შედეგად ბავშვები ხშირად არიან უმართავები, მუდმივად აგზნებულები, და ნაკლებ დროს უთმობენ სწავლას. კომპიუტერზე დამოკიდებულება ხშირად იწვევს სხვადასხვა სახის ოჯახურ კონფლიქტს, როგორიცაა გაუგებრობა, პრობლემები მეგობრებთან, სკოლაში, მშობელებთან თუ სხვა ადამიანებთან.

მეორეს მხრივ, აუცილებელია აღინიშნოს ის დადებითი მხარეებიც, რომლებიც გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიასთან წვდომას. ბევრი თანხმდება, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ საგნებს, მაშინ ჩვენ მივიღებთ სასურველ შედეგებს. მსჯელობა, რომ კომპიუტერთან ურთიერთობას მრავალი ნეგატიური თვისება აქვს და ამის გამო, სასურველია ავკრძალოთ კომუნიკაციის ეს მეთოდი ზღუდავს ბავშვის განვითარების მრავალ ეტაპსა და იწვევს ძლიერ მიჯაჭვულობას, რის შედეგადაც მრავალ პრობლემას აწყდებიან მშობლები, როგორიცაა- ინფორმაციული ჩაკეტილობა, სასურველი მასალების სწრაფად მოძიება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მომავალი პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტექნიკის გარეშე, შესაბამისად, მნიშნელოვანია შეგვეძლოს მათი სწორად გამოყენება. კომპიუტერი, ტელეფონი, სხვადასხვა ვიდეო თამაში ბევრ უნარს ავითარებს, როგორიცაა: ენის შესწავლა, ხელისა და თვალის კოორდინირებული მოქმედება, ვიზუალურ-სივრცითი უნარები.

დასკვნის სახით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა სასურველია გავითვალისწინოთ ის ასაკი, როცა ვიწყებთ ტექნიკის მოხმარებას და იმ პერიოდში განსავითარებელი უნარებზე ვიმუშაოთ. არავინ დავობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არ ჩამოვრჩეთ დროს, გვქონდეს კავშირი და ვიცხოვროთ იმ სამყაროში, სადაც ვითარდებიან და ცდილობენ ტექნოლოგია გამოყენებადი გახადონ. მიმაჩნია, რომ ციფრული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში და ამის გარეშე არსებობს ძალიან რთული წარმოსადგენი შესაძლოა იყოს, თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ რა ეტაპზე, რომელ ასაკში და რა ხანგძლივობით ვატარებთ დროს ტექნიკასთან.image

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0