x
image
ნინო ბაისონაშვილი
,,ისტორიული რაკურსით, კოლხეთის მიწა არის სამოციქულო, ხოლო ქართლისა -სამოციქულთსწორი,,- თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

image

თეოლოგი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, ლაშა დეისაძე - შარვაშიძე “ფესიბუქის“ პირად გვერდზე წერს :


image
“მოგეხსენებათ, ახ.სტ. 27 იანვარს აღინიშნება ხსენება წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა, ქართველთა განმანათლებლისა ნინოსი.
შეუფასებელია წმიდა ნინოს სამოციქულთასწორო ღვაწლი მართლმორწმუნე ქართველი ერის წინაშე... წმიდა დედა ჩვენი ნინო გახლავთ ქრისტეს მხოლოდჭეშმარიტი რჯულის განმაახლებელი ქართველთა შორის... თუმცა, საერთოისტორიულ რაკურსში უთუოდ უნდა აღინიშნოს უმთავრესი და ცალსახად უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ წმიდა ნინოს ქადაგება წარიმართა ქართლში (თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველო), სადაც მძვინვარებდა კერპთა თაყვანისცემის ცრუსარწმუნოება.
რაც შეეხება ეგრის-აფხაზეთს (ისტორიული კოლხეთი ანუ თანამედროვე დასავლეთ საქართველო), დადასტურებული ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქრისტეს სარწმუნოება პირველივე საუკუნეში იქადაგეს მაცხოვრის მოციქულებმა. ისტორიულ კოლხეთში, მოციქულთა მოგზაურობისა და მოღვაწეობის შესახებ, ცნობები დაცული გახლავთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ (ბერძნულ, ლათინურ, სლავურ) წყაროებში. დადასტურებულად, ისტორიულ კოლხეთში ქრისტეს სარწმუნოება იქადაგეს წმ. მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმეონ კანანელმა და მატათამ, რომელთაგან უკანასკნელი ორი საქართველოს მიწაზე, ისტორიულ ეგრის-აფხაზეთში გახლავთ დაკრძალული. ასევე, მოგვეპოვება ცნობები, რომ კოლხეთში ქრისტეს სარწმუნოება იქადაგეს წმ. მოციქულებმა: თომამ, ბართლომემ და თადეოზმა. მოგეხსენებათ, მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, აწყურში დაარსა საეპისკოპოსო კათედრა. აგრეთვე, არქანჯელო ლამბერტის ცნობით, მოციქულმა ბართლომემ დაარსა იშხნის საეპისკოპოსო კათედრა.
325 წელს, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა მღვდელმთავარი ისტორიული კოლხეთიდან, ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე. იმ დროს, როდესაც წმიდა ნინო ქრისტეს რჯულს ქადაგებდა ქართლში, ეგრის-აფხაზეთში საეპისკოპოსო კათედრა (კათედრები) მოქმედებდა და მღვდელმთავარნი მწყემსობდნენ. ყურადსაღებია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ბიჭვინთის ეპისკოპოსის მიწვევა ნათლად მიანიშნებს, აღნიშნულ მხარეში ქრისტიანობის მყარ ფესვგადგმულობას... აგრეთვე, მკაფიოა, რომ იმჟამინდელი ქრისტიანული სამყარო იცნობდა კოლხეთში საეპისკოპოსო კათედრის არსებობასა და სათანადო პატივით ეპყრობოდა მას... აღსანიშნავია, რომ ქრისტეს მოციქულები, ამ ჟამისათვის უკვე ორას წელზე მეტი ხნის აღსრულებულები გახლდნენ და ლოგიკურად, სამოციქულო ხელდასხმის ჯაჭვი, ისტორიულ კოლხეთში, უკვე სულ მცირე ორასი წლისა გახლდათ. შესაბამისად, ისტორიული რაკურსით, კოლხეთის მიწა არის სამოციქულო, ხოლო ქართლისა - სამოციქულთასწორო. თუმცა, რასაკვირველია და უდავოა, რომ ჩვენი სამშობლო - სრულიად საქართველო თავის ისტორიული და ამჟამინდელ საზღვრებში სამოციქულო ეკლესიის არეალი გახლავთ.“













1
37
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
37
  
2018, 31 აგვისტო, 18:27
ისტორიული რაკურსით საქართველო ერთიანია :))
0 1 1