x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
წმინდა ნინო ქართველი პოეტების შემოქმედებაში
image

2013 წელს გამოიცა ლექსების კრებული სახელწოდებით“წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში” ქრისტიანული პოეზიის III ფესტივალის “წმინდა ნინოს ჯვარი” ფარგლებში გამოიცა. აღნიშნულ კრებულში შესულია ქრონოლოგიის მიხედვით მე-9 საუკუნიდან მოყოლებული როგორც უცნობი ჰიმნოგრაფების მიერ წმინდა ნინოს შესახებ დაწერილი ლექსები, ისე ხალხური პოეიზიის ნიმუშები და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ლექსები ქართველი პოეტების შემოქმედებიდან.



სტატიაში წარმოგიდგენთ 5 პოეტის ლექსს წმინდა ნინოს შესახებ, ვეცდები, დავიცვა ქრონოლოგიაც:


image


აკაკი წერეთელი (1840-1915)
ნინოობას



იტირე მიწავ, სამშობლოვ!
ზარი აუშვი ზეცაო!
ისტორიულმა ღვთის რისხვამ
დღეს ჩვენთვის იორკეცაო!..
ენა წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რამღა გვფინოსო?
“თამარ” მონათლეს “თამარად”
“ნინა” დაარქვეს ნინოსო!
სად არის კუბო თამარის,
ქვეყნისგან ნაამბორისა?
ვის ხელში არის საფლავი
ნინო მოციქულთ სწორისა?
სადღაა ჯვარი ვაზისა,
შეკრული წმიდის თმებითა?
დასდუმდა მისი ტროპარიც
ქართული კილო-ხმებითა!
ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
“ქართველი” აღარ სწერია!
ვიტიროთ?! არა! ვაჟკაცსა
არ შვენის ცრემლით გლოვანი!..
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!”



image


ვაჟა-ფშაველა (1861-1915)
წმინდა ნინო



ვუძღვნი ქართველ ქალთა საზოგადოებას
სასახელოა ჩვენთვისა
დედათ-მთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი,
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთა-მძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მიანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შესძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლისა!



image

გრიგოლ რობაქიძე (1882-1962)
წმინდა ნინო



ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია _
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.
ღვთიური ტკივილი და არა _ წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის _
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი.
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!
ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.
დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!




ესეც ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი ლექსი:



image


ანა კალანდაძე (1924-2008)



მოდიოდა ნინო მთებით
“ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა”.
ნინო
ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი, _
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა:
– რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა:
– საქართველო არის ესე!
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
– “ნუ გეშინინ!” _ მიუგებდა იესო.
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?!
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...


image

ნოდარ დუმბაძე (1928-1984)
ეკლესია


რაზე ფიქრობ, მითხარ, რაზე, ასე დიდხანს.
რად წახრილხარ, ყავარჯენი ხომ არ გინდა,
არც სამრეკლო ზარის ხმაზე სულს არ ითქვამს...
ნინო წმინდა...
რა უყავი ის სამრეკლო, ან ზარები,
ო, იმ ზარებს თქმა თუ სურდათ კიდევ რამის,
და ზარები ისევ აღარ ზანზარებენ,
სდუმს ივერის მარიამი.
არც მე მესმის, რად დადუმდი მლოცველისთვის,
კვლავ ცრემლი გდის დახავსებულ კედლებიანს,
მაინც მოვალ და ორთავეს ცოდვებისთვის
მუხლთ მოგიყრი, ეკლესია.
“შეუნდეო”, წარსულში თუ გითქვამს ასე,
აღაღადდი, აღსარება მაინც მინდა,
ო, სადა ხარ, გეამბორო ვაზის ჯვარზე,
ნინო წმინდა.
ამ საფლავებს რომ დასცქერი შუბლშეკრული,
ჯვრებამოჩრილს, გადაბარდულს, ეკლებიანს,
შავ ფიქრებში ყორანივით შერუჯული
ჩამარხულხარ, ეკლესიავ.
ან რას იზამ, დაიქანცე,
გადადექი ამ ცხოვრების შარაგზიდან,
დაავიწყდათ ღვთისმშობელი მარიამი,
იესო და ნინო წმინდა.

0
630
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0