x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ნეტამცაი მამკლამცაი"
image



აფეთქდი.დაიყვირე და შეუცნობელი დეტალები შეიცანი..
ადექი..მყარად დადგი ნაბიჯი და მერე ყველა იმ ფურთხს გადააბიჯე, რომელიც გზაში შეგხვდება..
მერე ხერხემალგადატეხილი ტიტანივით შიშველი სხეულით გადაუარე ყველა შენობას, დაანგრიე და საკუთარი სიძლიერე გაითავისე..
ბოლოს მაღალ გორაკზე მდგარს დიდი ორმო შეგხვდება, მაგრამ ფრთები მოისხი და მეორე მხარეს გადაფრინდი...
იყავი ის, ვინც ხარ..

25.02.1964

-ნელა მივუყვები შენგან დავიწყებულ ეგერ-აგერ, უსწორმასწოროდ დადგმულ ნაბიჯებს და ჩემი პატარა ზომის ფეხებით უზარმაზარ ნაბიჯში ვეფლობი.ცრემლებით ვასველებ შენს ნაჩუქარ გულსაბნევს და მინაში ჩასმული შემოდგომის ქალი ქოლგას იშველიებს რომ არ დასველდეს.ხელებს ნეკნებზე შემოვიხვევ და საკუთარ დასაფლავებას შენით გაჯერებული თვალებიდან ვუყურებ.მივაბიჯებ..დუმს ქალაქი და ამინდიც უსამძიმრებს ჩემს ტკივილებს.წვიმს.არაფრად ჩაგდებული გრძნობები მაქვს შემოხვეული ტანზე რომ არ შემცივდეს.მივაბიჯებ..ერთი..ორი..სამი..ნაბიჯებს ვითვლი..ისე, როგორც ადრე..როგორც მაშინ, როცა არც კი გიცნობდი.მაშინ, როცა ჩემი თავი არაფერს წარმოადგენდა, ისე როგორც ახლა.


უცებ ყველაფერი ჩერდება.ლილიანისთვის არაფერი არსებობს..

-ნეტამცაი, მამკლამცაი..

-ნეტამცაი, მამკლამცაი..

-ნეტამცაი, მამკლამცაი..

ლილიანი ბოლო ხმაზე გაჰყვირის ამ სიტყვებს და საკუთარი ხმის ექოს ემუდარება გაჰკვეთოს ქარი.ზღვას ეხუტება და თითოეულ წვეთს სულში იგროვებს.სამუდამოდ ცდილობს, დაიმახსოვროს.

27.02.1966

-ჩაიკეცები ზღვის პირზე და ფრჩხილისძირებში ჩაბეტონებული მიწიანი თითებით ბინძურ თმას ბინძურად ჩაეჭიდები.იხოხებ ასფალტზე და ზომბივით უემოციო თვალებით, რომლებიც უკვე ვერაფერს ხედავს, გზას მიიკვალავ..ძალაგამოცლილი, გადატყავებული ფეხის თითებით ნერვულად იფხეკ ძველი ნატკენისგან დარჩენილ „ხოპოს“ და სისხლს ყელის ხორცის წინ გამოწევით ეხვეწები, სწრაფად იდინოს ჭრილობიდან, რადგან ისე გინდა ფიზიკური ტკივილის განცდა, როგორც ნარკომანს ყველაზე ძლიერი ნარკოტიკის გასინჯვა...
იდაყვებით მიიკვალავ გზას ზღვის მარილიანი წყლისკენ და ყველა ქვას, რომლის თითოეული გამონაზარდი ზეპირად იცი, რიტორიკულად „აბიჯებ“..
თავით ხტები წყალში, რომელიც დაახლოებით 8 მეტრს აღწევს..ერთი წუთის განმავლობაში შენი კივილისგან წყლისქვეშ გაჩენილ ბუშტების რაოდენობას ითვლი და გრძნობ, როგორ გეხუჭება თვალები..როგორ მიდიხარ კოსმოსში და როგორ გიბრუნდება წამიერად გრძნობები..როგორ ეჭიდავები საკუთარ თავს...საკუთარ მუხლებს კოცნი, თვალებს ხუჭავ და......
ხედავ, როგორ იხრჩობი...

-ლილიანის წარმოსახვებს საზღვარი არ ჰქონდა.საცოდავად მიგდებული, ძალაგამოცლილი მისი სული ფრთებშესხმული ჰაერში ვიპოვნე.ორგანიზმში გავიჯინე და მისი ფიქრებითა და გრძნობებით სავსემ იმ ადგილებს მივაშურე, სადაც მარტო დადიოდა.“ის“ ყველაზე მეტად უყვარდა.“მისით“ ივსებოდა და გრძნობებს, ტანზე უბრალოდ შემოხვევის ნაცვლად, სულში ყლაპავდა.ლილიანი ყველაზე განსხვავებული ადამიანი იყო.მას ღამით სეირნობა უყვარდა.უყვარდა, როცა ქარი თმებს უწეწავდა.უყვარდა „მისი“ თვალები.“მისი“ ტუჩები და „მისი“ ხელები...ლილიანი დეპრესიისა და მელანქოლიის სიყვარულის ნაყოფი იყო.ემოციის ნათლული.ის ვერ ერგებოდა დედამიწის საათს და ცდილობდა ადამიანივით ეცხოვრა.მის სულში ერთი გასაღებით ჩაკეტილი ადგილი რომ ვნახე ვერ მოვთმინე და საკეტი გავტეხე.ბოლო ჩანაწერი იყო:

03.02.1967

ჩვენ გავივლით თითქოს დაძველებულ მიწაზე, რომელსაც ერთი სული აქვს, შთანთქოს საწოლს საბელით მიბმული მელანქოლიკური, საკუთარ დეპრესიულობაზე შეყვარებული ადამიანი.ჩვენ მკაცრად გავივლით იმ ადგილას, სადაც სიცოცხლემობეზრებული ყვავილები მაინც ამაყად ეჩურჩულებიან ზემოთხსენებული მიწისაგან გაყვითლებულ, საცოდავად დატოვებული შლანგისაგან მომავალ გამწარებულად ატირებულ წყალს, რომელიც მათ აბინძურებს, მაგრამ მაინც სიცოცხლეს უნარჩუნებს..
გავივლით იქ, სადაც ერთმანეთზე ტირიან ტირიფები..სადაც, მაგნოლიის ერთადერთი ფოთოლი, ფუღუროგაკეთებულ ხეს ფესვებს უკოცნის და ცრემლად იღვრება.
დავსხდებით იქ, სადაც ტალღების უცნაური გამომეტყველება მიგვახვედრებს ჩვენს არასწორ საქციელზე და მაინც ჩვენეული უცნაური ვონდერლენდებით მივალთ იქ, სადაც ბუნების წესები უბრალოდ სიბნელეში იქნება დაკარგული და გზას ის ბაბუაწვერა გაგვინათებს, რომლითაც სურვილი ჩაიფიქრე.ნეტამცაი მამკლამცაი.ნეტამცაი მამკლამცაი.ნეტამცანი მამკლამცაი.


და მე ვიპოვნე ის.დედიშობილა.ზღვაში.ულამაზესი.თოვლის ფიფქივით თეთრი და ბამბასავით ფაფუკი.

მე რომ „ის“ ვყოფილიყავი არასოდეს მივცემდი ამის უფლებას.

არასოდეს მივცემდი ზღვას ლილიანის წართმევის უფლებას.არასოდეს მივცემდი უფლებას ჭადრების ფოთლებს, ლილიანის გარეშე ჰაერში ეფრინათ.არასოდეს მივცემდი უფლებას მზეს, ლილიანის გარეშე გაენათებინა დედამიწა.არასოდეს მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ ერთი წამითაც არ მყვარებოდა მისი ძოწისფერი თმა და არასოდეს მივატოვებდი საკუთარ სულში მწერალ ადამიანს....

ლილიანი ლილიანი იყო.

ლილიანი იყო.

ვაი, რომ იყო.


0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:სალომე კვატიძე
სალომე კვატიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0