x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი" - რომანი ეჭვის, რწმენისა და სიყვარულის შესახებ
image

’’თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა’’ - ასე უწოდებენ კრიტიკოსები ელიფ შაფაქის შემოქმედებას. მის მიერ წიგნებში მოთხრობილი ამბები ქალებს, ემიგრანტებს, ტრადიციებს ეხება და აღმოსავლური და დასავლური კულტურის საინტერესო ნაზავით არის გადმოცემული.

ქართველმა მკითხველმა მსოფლიოში ცნობილი და არაერთი ბესტსელერის ავტორი, თურქი მწერალი ქალის ელიფ შაფაქის შემოქმედება რომანების ’’სიყვარულის 40 წესი’’, ’’ღირსება“, ’’რწყილების სასახლე“, ’’სტამბოლელი ნაბიჭვარის“ საშუალებით გაიცნო და მათთვის გამორჩეულად საყვარელ მწერლად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ შაფაქის ნაწარმოებების მიმართ წიგნების მოყვარულთა ინტერესი ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე იზრდება. ამ მხრივ “ევას სამი ქალიშვილიც“ არ იქნება გამონაკლისი, რომელიც პალიტრა L-ის სერიის, „ლიტერე ინვენტეს“ ფარგლებში გამოიცემა.

რით იქნება გამორჩეული და საინტერესო ელიფ შაფაქის ’’ევას სამი ქალიშვილი“ ქართველი მკითველისთვის და რატომ უნდა შევაჩეროთ მასზე არჩევანი, ამის შესახებ მწერალი დატო ტურაშვილი და თავად რომანის მთარგმნელი გვანცა გარმელია გვესაუბრებიან.



image



დათო ტურაშვილი:

- ელიფ შაფაქის რომანი "ევას სამი ქალიშვილი" არის სტამბოლში დაბადებული თურქი გოგონას თავგადასავალი, რომელიც არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ჩვენთვის საკმაოდ ახლობელიც შეიძლება იყოს, რადგან წიგნის მთავარი პერსონაჟი ოქსფორდის სტუდენტი ხდება და მისი ისტორია, ძალიან ჰგავს ბევრი ქართველი სტუდენტის მთავარ პრობლემას, როცა ისინი მათთვის კულტურულად უცხო და ახალ გარემოში აღმოჩნდებიან ხოლმე. რაც შეეხება ელიფის ამ წიგნის მთავარ პერსონაჟს, მისი ეთნიკური და რელიგიური განსხვავებულობა არის ამ რომანის ძირითადი ლაიტმოტივი, რომელიც ტექსტის სიუჟეტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და შემთხვევითი არ არის, რომ ელიფ შაფაქის წიგნები მილიონობით ადამიანს იზიდავენ მთელ მსოფლიოში. მას საქართველოშიც ბევრი მკითხველი ჰყავს. ეს რომანი, განსაკუთრებით სწორედ ისეთი ტიპის მკითხველს გაახარებს, ვინც მძაფრ სიუჟეტთან ერთად, სასიყვარულო ინტრიგებსაც ეძებს მის ნაწარმოებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გამომცემლობას, რომელმაც შაფაქის უკვე რამდენიმე წიგნი გამოსცა ქართულად და რომელიც ასე ანებივრებს ამ მწერლის ქართველ გულშემატკივარს..

გვანცა გარმელია:

ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილი" მისი მეათე და უახლესი წიგნია. სამი ქალიშვილი სიმბოლურად ეწოდება რომანის მთავარ გმირს, პერის და მის ორ უახლოეს მეგობარს, შირინსა და მონას. სამივე გოგონა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა სამივე მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას.

პერის გზა უფლისა და საკუთარი თავის აღმოჩენის გზაა. ბავშვობიდან ორ სამყაროს შორის გახლეჩილი, სადღაც შუაში ცდილობს, ჭეშმარიტება იპოვოს. მამა სიმბოლოა თანამედროვე, სკეპტიკური სამყაროსი, ხოლო მისი ღრმად მორწმუნე დედა - ძველი, ტრადიციული ცხოვრების წესის. რომანში პარალელურად ორი ნარატივი მიმდინარეობს: პირველი პერის ბავშვობიდან იწყება და მისი სტუდენტობის წლებს მიჰყვება ოქსფორდში, მეორე კი დროის უფრო მცირე მონაკვეთშია - გვიყვება იმ დღეზე, როდესაც პერი შვილთან ერთად სტამბოლის ერთ-ერთ მდიდრულ სახლში წვეულებას ესწრება.

წიგნი არ გვაძლევს მზა პასუხებს, რადგან, პერის მსგავსად, ეს გზა ყველასთვის ინდივიდუალურია და თვითგამორკვევის თავგადსავალი ყველამ უნდა გავიაროთ.


ომელი თემებია ყველაზე აქტუალური რომანში?


რელიგია, იდენტობა, ფემინიზმი, ძალადობა, ტრადიციებისა და თანამედროვების ჯახი, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რაზეც შაფაქი ამ წიგნში მოხდენილად საუბრობს. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება „ევას სამი ქალიშვილის" წაკითხვა, რადგან უამრავ მსგავსებას აღმოაჩენთ მთავარი გმირის განსაცდელებთან. ის შეკითხვები, რაც მას მოსვენებას უკარგავს, დარწმუნებული ვარ, ჩვენთვისაც ახლოა.


და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, თუ რომანის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, გეძლევათ შესაძლებლობა 2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის #7) თავად დაესწროთ წიგნის პრეზენტაციას თურქული ყავითა და ნაციონალური ტკბილეულის თანხლებით, რომლითაც ღონისძიების პარტნიორი მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტი“ და კაფე-რესტორანი „Mado” გაგიმასპინძლდებათ.

ღონისძიების ბმული: https://goo.gl/FyQMXo

0
834
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
834
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0