x
image
გემი დალანდი
მითები და სინამდვილე მარილზე

image


მიუხედავად იმისა, რომ მარილის ავკარგიანობაზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს, იგი მაინც ჩვენი სამზარეულოს შეუცვლელ პროდუქტად რჩება. იყო დრო, როდესაც მარილს ოქროს ფასი ედო, მის საშოვნელად კი ადამიანებს ზოგჯერ
თვეობით უწევდათ სახლ-კარის მიტოვება. ბუნებრივია, ასე, წვალებით ნაშოვნი პროდუქტის მიმართ დაუდევრობის გამოჩენა და დაპნევა, უსიამოვნებას გამოიწვევდა. ცრურწმენაც, რომ მარილი თუ დაგეპნევა, ჩხუბი გელისო, სწორედ აქედან მოდის.


ამ ცრურწმენის გარდა, მარილთან დაკავშირებული სხვა მითებიც არსებობენ.გაგაცნობთ მათ:


მითი №1-მარილი თეთრი საწამლავია

სინამდვილეში, მარილი ბუნების ძვირფასი საჩუქარია.მისი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის შეუფასებელია.მისი ქრონიკული უკმარისობისას კი შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს. ადამიანის ორგანიზმი 70%-მდე წყალს შეიცავს, ნატრიუმის ქლორიდი, ანუ მარილი, წყლის ბალანსს ინარჩუნებს. ქლორი, თავის მხრივ, აუცილებელია მარილმჟავას, კუჭის წვენის ძირითადი კომპონენტის წარმოსაქმნელად.ის ასევე ასტიმულირებს ნერვული სისტემის მუშაობას და ცხიმების გაცვლას.
ნატრიუმის გარეშე კი შეუძლებელია სისხლით ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების გადატანა, ნერვული იმპულსების გადაცემა და კუნთების მოძრაობა.
სწორედ ამიტომ, პოლ ბრეგის(ავტორი წიგნისა “შიმშილობის სასწაული) მოსაზრება, რომ მარილი სხვა არაფერია, თუ არა შხამი(რასაც ბევრი ეთანხმება) და აუცილებელია მისი ამოღება კვების რაციონიდან, ნამდვილად არაა მართებული.




მითი №2-უმარილო დიეტა

დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ გახდომის მსურველებს მარილზე უარის თქმას, მაგრამ ასეთი დიეტის ხანგრძლივობა ორ კვირას არ უნდა აღემატებოდეს.როგორც წესი, ამ დროს ადამიანები ნამდვილად კარგავენ 4კგ-მდე ზედმეტ წონას.მაგრამ ეს ხდება არა ცხიმების დაწვის, არამედ სითხის დაკარგვის ხარჯზე, რაც მარილის შეზღუდვას მოჰყვება. სითხესთან ერთად კი, ჩვენი ორგანიზმი კარგავს სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტებს:კალციუმს, კალიუმს და მაგნიუმს.შედეგად, ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, აღინიშნება სწრაფი დაღლა, ძალების დაკარგვა, კანისა და თმის სიმშრალე.მარილზე უარის თქმა- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევებს, ანორექსიას და დეპრესიასაც კი იწვევს.სწორედ ამიტომ, არ შეიძლება მარილის სრულად გამორიცხვა ჩვენი რაციონიდან.


მითი №3-მარილი იწვევს მარილების დაგროვებას

მარილები-ეს ქიმიური ნაერთების ჯგუფია, რომელშიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნატრიუმის ქლორიდიც შედის.ორგანიზმში კი, როგორც წესი, კალციუმის, ფოსფორის და სხვა მარილები გროვდება.ანუ, სუფრის მარილს ამ პროცესთან საერთო არაფერი აქვს. ჯანმრთელი ორგანიზმი მარილების მხოლოდ მისთვის საჭირო რაოდენობას ითავსებს, დანარჩენი კი გამოიყოფა. თუ ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, ეს ზედმეტი მარილები ჩვენს ორგანიზმში იწყებენ დალექვას, სისხლძარღვებში, თირკმელებში ან ნაღვლის ბუშტში. გახსოვდეთ, როდესაც ლაპარაკია მარილების დალექვაზე, იგულისხმება ის მარილები, რომელთაც ქსოვილები შეიცავენ, და არა სუფრის მარილი.


მითი №4-მარილი მავნებელია კბილებისთვის


დიახ, თუ თქვენ მარილის კრისტალების ღეჭვას დაიწყებთ, ეს ნამდვილად დააზიანებს თქვენი კბილების ემალს.ხალხური მედიცინა მარილის გამოყენებას გვირჩევს კბილების გასამაგრებლად, ღრძილების და პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ, მაგრამ აუცილებლად ხსნარის სახით.ხოლო ის მარილი, რასაც ჩვენ საკვებიდან ვიღებთ, არავითარ ზიანს არ უქადის ჩვენს კბილებს.


მითი №5-მარილი მაღლა სწევს არტერიულ წნევას


თუ თქვენ ნორმალურ წნევას ატარებთ, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ მარილიანი საკვები.უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მარილს არაფერი აკავშირებს ჰიპერტონიის ჩამოყალიბებასთან.
საქმე ისაა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მაღალი წნევა აწუხებთ, მარილიანის მოთხოვნილება უჩნდებათ(ეს მითიც აქედან გაჩნდა).მარილის ზედოზირებამ კი არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.სწორედ ამიტომ უზღუდავენ ექიმები ჰიპერტონიკებს მარილის მიღებას.


რათქმაუნდა, მარილმა უარყოფითი გავლენაც შეიძლება იქონიოს ჩვენს ორგანიზმზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში როდესაც ჭარბად მოვიხმართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, არ გადავაჭარბოთ დღე-ღამეში 5 გრამს, რაც გადასწორებულ ჩაის კოვზს შეესაბამება, მაგრამ ამის გაკონტროლება ძნელია, რადგან მარილს ყველა მზა პროდუქტი შეიცავს. უმჯობესია, მიირთვათ ზღვის პროდუქტები, რომლებიც მარილს ბუნებრივად შეიცავენ, ხოლო კერძების მომზადებისას ცოტა მარილი გამოიყენეთ.უმჯობესია მარილი დააკლოთ, ვიდრე მეტი მოგივიდეთ.
მარილი, როგორც ვთქვით, წყალს იკავებს ორგანიზმში.თუ მას დიდი რაოდენობით მოვიხმართ, სხეულში ზედმეტი სითხე დაგროვდება, რაც უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემას ვნებს, ხელს უწყობს ახალ დაავადებათა წარმოშობას და უკვე არსებული ქრონიკული სნეულებების გამწვავებას.მარილის ჭარბი მოხმარება ასევე ხელს უწყობს თირკმლის ქრონიკული დაავადებების, ოსტეოპოროზის, კუჭის კიბოს განვითარებას და ამძიმებს დიაბეტს. მარილიანი საკვების მიღება, დროთა განმავლობაში, ასუსტებს გემოს რეცეპტორებს და საკვები უგემური გვეჩვენება.


გამოიჩინეთ ზომიერება, აუცილებელია ბალანსის დაცვა და გახსოვდეთ, სწორი და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია.


0
516
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0