x
image
worldsport.ge
რაფა ნადალი: “იმედია, გულშემატკივრებს კარგ ადამიანად დავამახსოვრდები”

image2014 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, რაფა ნადალმა პირველი ტურნირი გასულ კვირას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მოიგო. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებით მალიორკელმა მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ლეგენდარულ ჩოგბურთელებს, ამერიკელ პიტ სამპრასსა და შვედ ბიორნ ბორგს გაასწრო, ამასთან გრუნტისსაფარიან კორტზე მოგებულ ტურნირთა რაოდენობით არგენტინელ რეკორდსმენ გილერმო ვილასს გაუტოლდა. რაფას და გილერმოს ამ საფარიან კორტზე 46 ტიტული აქვთ მოგებული.
- ბუენოს აირესის ტურნირის ფინალში გამარჯვების შემდეგ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მოგებულ მატჩთა რაოდენობით ბიორნ ბორგსა და პიტ სამპრასს გაასწარით. თქვენთვის რომელი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანია, ტურნირის მოგება თუ ლეგენდარულ მოთამაშეთა უკან მოტოვება?
- ყველა ტირული განსაკუთრებულია, არგენტინის დედაქალაქში მიღწეული შედეგი კი ორმაგად სასიხარულოა - მე ხომ დიდი ხნის განმავლობაში უტიტულოდ ვიყავი. იმედია, ეს წარმატება სამომავლოდ კორტზე გასვლისას მეტ დამაჯერებლობას მომიტანს. სამპრასსა და ბორგთან შედარება კი ჩემთვის ძალიან საპატიოა.
- ბუენოს აირესში მიღწეული წარმატების შემდეგ მსოფლიო კლასიფიკაციაში კვლავ მესამე პოზიციაზე დაბრუნდით. ხომ არ გეგმავთ რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურებას?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კლასიფიკაციის სათავეში დაბრუნება ჩემი უპირველესი ამოცანაა. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის დაწევა მეტად რთული საქმეა. ჩემთვის უმთავრესი კვლავ მაღალ დონეზე თამაშის ჩვენებაა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- ამასწინათ განაცხადეთ, რომ გრუნტისსაფარიან კორტებზე ტურნირების რაოდენობის მომხრე ხართ...
- გრუნტი ჩოგბურთის კორტის ისტორიული საფარია და ამ შეჯიბრებების მინიმუმ შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ. რაც უფრო მეტი შეჯიბრება გადადის გრუნტიდან ჰარდზე, მით უფრო უჭირთ ჩოგბურთელებს ფიზიკურად. დააკვირდით, რამდენი მოთამაშეა ტრავმირებული. ჩემი აზრით, ჰარდსაფარიან კორტზე ასპარეზობა ჩოგბურთელის ჯანმრთელობას ხელს არ უწყობს. თანაც, ჯანმრთელობის შენარჩუნება აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც ხომ მეტად მნიშვნელოვანია.
- თქვენთვის პროფესიული ურთიერთობა მეტადაა მნიშვნელოვანი თუ წმინდა ადამიანური?
- მშვენიერია, როდესაც კარიერაში ბევრს მიაღწევ, მაგრამ ადამიანები უფრო პიროვნული თვისებებით გაფასებენ. იმედია, ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ გულშემატკივრებს კარგ ადამიანად დავამახსოვრდები. ნამდვილი წარმატება ისაა, როდესაც ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს უყვარხარ და გაფასებენ. გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები კარგია, მაგრამ ახლობელ ადამიანთა სიყვარულს არაფერი შეედრება.
- რადგან ოჯახი ახსენეთ, გკითხავთ, დაქორწინებას როდის აპირებთ?
- ოჯახური ტრადიციის მიმდევარი ვარ. ასე გამზარდეს მშობლებმა და საკუთარ ოჯახს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვეკიდები. ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. ისე კი, ბავშვები ძალიან მიყვარს და საკუთარ პირმშოებზეც ვოცნებობ.



გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0