x
image
beko777
თაფლში შენახული 20 წლის ქართველი ბიჭის ამბავი
1997 წლის 6 აგვისტოს დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა სოფელი ქანდა, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოში. ძნელია, გაამტყუნო ხალხი, როდესაც თვითმკვლელობით ასრულებ სიცოცხლეს ოცი წლის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი. ხალხის დაინტერესება ამ ფაქტზე მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც გაიგეს, თუ რა გარემოცვაშია დაკრძალული აწ განსვენებული. ნათქვამია, ბევრჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო. მიუთემეტეს, რომ რედაქციაში მიღებული წერილებიდან გამომდინარე ხალხის დაინტერესება გვაძლევდა ამის საფუძველს.


თბილისი-გორის გზატკეცილზე, სოფელ ქანდის სასაფლაო გზის პირას არის განთავსებული. ამ საფლავებიდან განსაკუთრებით ერთი იქცევს გამვლელ-გამოვლელის ყურადღებას თავისი გრანდიოზულობით, შორს წაგვიყვანს მისი არქიტექტურული ნიუანსების აღწერა, იმდენად, რამდენადაც ეს მემორიალი ყველასათვის თვალშისაცემია. გრანდიოზული მემორიალის დანახვისას ხალხის ფანტაზია ათას რამეს წვდება. სიმართლე, რომელიც გამოიხატება მიცვალებულის თაფლში დაკრძალვაში - ამ ფაქტს უმატებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ თითქოს საფლავი ავტომატურად არის მოწყობილი და ღილაკის საშუალებით შეგიძლია მიცვალებულის სასახლის მიწიდან ამოტანა. ასევე ამბობენ მიცვალებულს ყოველ წელიწადს თაფლს უცვლიანო (ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია). თავი იმიტომ მოიკლა, რომ მამასთან კონფლიქტი ჰქონდაო. ნარკოტიკებსაც ეტანებოდაო, კოსმოსში მოინდომა გაფრენა, რაზეც მამამ უარი განუცხადაო და ა.შ.


ამ მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა სოფელ ქანდაში ჩასვლა და სიმართლის დადგენა. სასაფლაოზე მისულებმა შევეცადეთ მოკლე ინფორმაცია, იქ მყოფი დარაჯისაგან გაგვეგო, რომელიც ჩვენს ამოუწურავ კითხვებზე ერთი და იგივე სიტყვას იმეორებდა: „არაფერი ვიცი“. მისი ამ თავშეკავების შემდეგ ერთადერთი კონკრეტული რაც გავიგეთ, ეს იყო ზურა წიკლაურის მშობლების საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფელი. მართალია, ისინი მოსკოვში ცხოვრობენ, მაგრამ ზემოხსენებული ოჯახისკენ იმედით გავწიეთ. იქნებ ვინმე იყოს. ჩვენდა საბედნიეროდ, აწ განსვენებულის უახლოესი მეგობარი და წიკლაურების სიძე (განსვენებულის დის მეუღლე - ავტ.) დაგვხვდა. კონკრეტულ თემაზე საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტების მიმართ განაწყენება გამოიხატა. ერთი ის იყო, რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჭორის დონის ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას. მეორე კი: ამ ერთი წლის წინ გარდაცვლილის პაპა პანკისში გაუტაციათ სოლიდური თანხის გამოძალვის მიზნით და ათი დღის განმავლობაში ტანჯვა-წამებაში ჰყოლიათ. მათი სიტყვებით, ამ ფაქტს არანაირი ემოცია ჟურნალისტების მხრიდან არ მოჰყოლია, როდესაც ყველანაირი ჟურნალისტური წესით, პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით მომხდარი უნდა გაშუქებულიყო.

საბედისწერო ავტოკატასტროფა
ზურა წიკლაური დაიბადა 1977 წლის 24 აგვისტოს. დაიღუპა 1997 წლის 6 აგვისტოს. დაახლოებით ორ კვირაში მას ოცი წელი უსრულდე-ბოდა. თვითმკვლელობის ძირითად მიზეზად მის ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებენ. მას შემდეგ, როდესაც ზურას ეგონა, რომ ამ შემთხვევას სამი ბავშვის მსხვერპლი მოჰყვა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ყმაწვილმა საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა. სამწუხაროდ, ის არ დაელოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მისი მიზეზით მომხდარ ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რატომ ჩაასვენეს თაფლში
სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, მიცვალებულის თაფლში ჩასვენება იმიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მიცვალებულის დიდი ხნით შენახვის საშუალებას იძლევა. თაფლი დროთა განმავლობაში სანთლად იქცევა და ჩასვენებული გარდაცვლილის დროინდელ მდგომარეობას საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს. ამ მეთოდის გამოყენების პრაქტიკა ისტორიაში მრავლად მოიძებნება. მაგალითისათვის, გარდაცვლილის მამისთვის, საკმარისი ნაპოლეონ ბონაპარტის ფაქტი აღმოჩნდა. დღეს კი ეს ყველაფერი ბატონ ნუგზარისთვის მძიმედ აღსაქმელი გახდა, რადგან მას ხშირად სიზმარში შვილი სტუმრობს. ნათქვამია მიწა ხარ, მიწად უნდა იქცეო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზურა წიკლაურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1998 წლის 6 აგვისტოს (დაღუპვის დღე - ავტ.) წიკლაურების ოჯახს პატარა მარიამი მოევლინა.

კეთილი ადამიანები
ზურა წიკლაური სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, IV კურსზე. ქერა ცისფერთვალება ახალგაზრდა სპორტითაც იყო დაკავებული. უზრუნველი ცხოვრების მიუხედავად, არც მეგობრებსა და არც ნათესავებს არ აკლებდა სიყვარულს, სითბოს და ალერსს. ზედმეტ ყურადღებასაც კი იჩენდა ყველას მიმართ. ძნელია დაკარგო ასეთი თვისებებით შემკობილი შვილი. ბედისწერამ ნუგზარ წიკლაურის ოჯახს მწარე გამოცდა მოუწყო. მიუხედავად ამისა, დამწუხრებული მამა არ გაბოროტებულა და გაორმაგებული ენერგიით მიჰყო ხელი სიკეთის თესვას: აღადგინა წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელ ქანდას საშუალო სკოლა, რომელიც დღეს ზურას სახელს ატარებს დააფინანსა და ყოველივე სასკოლე ინვენტარებით უზრუნველყო. ბატონ ნუგზარს, არც გაჭირვებაში მყოფი ხალხი ავიწყდება და მათ შეძლებისდაგვარად დახმარების ხელის უწვდის.
ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ მართლაც კეთილმა ადამიანმა (როგორებიც მხოლოდ ზღაპრებში არიან - ავტ.) ქართველი მომღერლის, ბატონ თეიმურაზ წიკლაურის სოლო კონცერტისთვის დაფინანსებაში თავისი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მომღერალმა საღამოზე დიდი მადლიერება გამოხატა.

სიმბოლო
რამდენად შევძელით მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილება არ ვიცი, მაგრამ რესპონდენტისგან მიღებული ინფორმაციას არც რამეს ვაკლებთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ფანტაზიით ვავსებთ მონაყოლს. და ბოლოს... ამ მემორიალის აგების ძირითადი დატვირთვა მდგომარეობს იმაში, რომ არის სიმბოლური, ანუ განსვენებულის ოჯახი ახალგაზრდებს მოუწოდებს: აწონ-დაწონონ თითოეული ნაბიჯი, აფექტურ მდგომარეობაში ნუ გაუსვამენ ხაზს. ისედაც წუთიერ სიცოცხლეს და ირგვლივ მყოფ საყვარელ ადამიანებს მოუშუშებელ იარას ნუ დაუტოვებენ.


მოამზადა


შორენა ნარმანიამ (10 წლის წინანდელი მასალა)

0
1022
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1022
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0