x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბავშვის როლი მშობლის აღზრდაში - ნოდარ დუმბაძის მოსაზრებები
ნოდარ დუმბაძემშობლისა და შვილის აღმზრდელობითი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მშობლის მიერ შვილის აღზრდით. დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელი ხშირად შვილისგან სწავლობს. ნოდარ დუმბაძე მისთვის დამახასიათებელი იუმორით წერს იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც შვილმა შეიძლება კარგი გაკვეთილი ჩაუტაროს მშობლებს.

"მამებო! არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითხოს:

- ბაბუ, მამაჩემს რომ ყელში ამოუხვედი და კისერზე დააჯექი, ბევრი გასეირნა?

- რას ამბობ შვილო?


- გუშინ მამამ დათიკო ბიძიას უთხრა, მომაშორე ეგ ბერიკაცი, თორემ ყელში ამომივიდა, სამი დღეა ჩემს კისერზე ზისო.

ბაბუას ჩიბუხი უვარდება ხელიდან, მამას კი აგონდება, როგორ კამათობდა ძმასთან, თუ ვინ უნდა არჩინოს ასი წლის მამა, რომელსაც დღეში ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ნაჭერი პური ჰყოფნის.

ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ მივა შვილი მამასთან და სერიოზული სახით ჰკითხავს:

- მამიკო, რატომ არ ღრუტუნებ?

- რატომ უნდა ვიღრუტუნო, შვილო?

- იმიტომ, რომ შენ ღორი ხარ, ასე თქვა ბაბუამ!

რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგის შემდეგ ბავშვს საგრძნობლად უწითლდება ყვრიმალები და ყურის ბიბილოებიც უსივდება, მაგრამ მამა მაინც უფიქრდება თავის საქციელს და გარკვეულ მუშაობას ატარებს გაღორებული ავტორიტეტის აღსადგენად.

დედებო! ძალიან ადვილი შესაძლებელია ანალოგიური ამბავი თქვენც დაგემართოთ: ერთ მშვენიერ დღეს მიუახლოვდეს თქვენი შვილი ბებიას (თქვენს დედამთილს) და სთხოვოს:

- ბებო, კუდი მაჩვენე რა!

ბებოს გაოცებისაგან სათვალე გაუვარდება, თქვენ კი გაგახსენდებათ, რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხარით, დედაშენი კუდიანიაო. ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ მოვა თქვენივე შვილი, მოგაწოდებთ საპონს და გთხოვთ:

- დედიკო, პირი დაიბანე, თორემ ბებია ამბობს, რომ შენ პირშავი ხარ.

თქვენ აღარაფერი გაგონდებათ, პირიქით, გავიწყდებათ... და იწყება ოთახში დიდი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პოემის "რძალდედამთილიანის" ინსცენირება".

ვფიქრობ, ეს მაგალითები ბევრ თქვენგანს დააფიქრებს და მსგავს შემთხვევებს გაახსენებს. ასე რომ, იყავით მეტად დაკვირვებულები და გაიაზრეთ, რას ლაპარაკობთ ბავშვის თანდასწრებით.

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0