x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ბავშვის აღზრდის 12 წესი ნოდარ დუმბაძისგან
image

ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ალბათ, თითქმის ყველა ჩვენგანს ცრემლნარევი სიცილით წაუკითხავს მისი ნაწარმოებები. მაგრამ არც ისე ბევრს ეცოდინება, რომ მწერალს მისთვის ჩვეული იუმორით აქვს ჩამოყალიბებული ბავშვის აღზრდის რამდენიმე წესი, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ, მოთხრობიდან "ემილი, ანუ აღზრდის შესახებ; როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი".

მაშ ასე:

1)თუ ბავშვი გაჭირვეულდა, შეაშინეთ ალქაჯით ან ბუათი. თუ მაინც არ შეშინდეს, უყიდეთ თბილისის არტელების მიერ გამოცემული სათამაშოები;

2) ეცადეთ, რომ ბავშვმა ძუძუს წოვის პერიოდში პაპიროსის წევა არ დაიწყოს;


3) ხუთი წლის ასაკიდან მიაჩვიეთ ბავშვი მეგობრების, დედმამიშვილებისა და ქართული სუფრის სადღეგრძელოს (პატარა ყანწით);

4) თუ 10 წლის ბავშვი უმიზეზოდ იგინება, უთხარით, რომ ეს უსამართლო მოქმედებაა;

5) ბავშვი ღამის 12 საათისთვის დააწვინეთ ლოგინში. თუ არ დაიძინა, დაიძინეთ თქვენ; წაბაძულობით შეიძლება ბავშვმაც დაიძინოს;

6) დაასწარით ბავშვი ყველა ოჯახურ უსიამოვნებას; ბავშვი თავიდანვე უნდა ერკვეოდეს - ვინ არის დამნაშავე;

7) უძახეთ ბავშვს ნიჭიერი, თუ ბავშვს ამაში ეჭვი ეპარება, დაარწმუნეთ კუთხეში დაყენებით ან ყურის აწევით;

8) ეცადეთ ხშირად ჰკითხოთ ბავშვს, ვინ უფრო უყვარს - დედა თუ მამა? თუ დედა უფრო უყვარს, მამა გაუჯავრდეს, თუ მამა უყვარს უფრო - დედა გაუჯავრდეს. თუ ბავშვი ამბობს, ორივე ერთნაირად მიყვარსო, მაშინ რას ერჩი?

9) არ დააჩაგვრინოთ ბავშვი გადამტერებულ მასწავლებელს, რომელიც "ინტერესით" უწერს ცუდ ნიშნებს თქვენს შვილს. მასწავლებელს უჩივლეთ, ხოლო ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ სხვა სკოლაში;

10) არ დაუშალოთ ბავშვს ოთხი თითით სტვენა: ეს მას სტადიონზე ან თქვენს დასაძახებლად გამოადგება;

11) 15 წლისას უყიდეთ "მოსკვიჩი" ("ვოლგა" არ არის რეკომენდირებული, ფეხით პედალს ვერ მიწვდება);

12) სასურველია, ათწლედის დამთავრებასთან დაკავშირებით ბავშვს გაუკეთოთ მოულოდნელი საჩუქარი - ოქროს ან ვერცხლის მედალი.


ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ თუ ვინმე თქვენს შვილს ეტყვის, უზრდელი ხარო, არ გამოექომაგოთ, ის თვითონვე გასცემს საკადრის პასუხს ცილისმწამებელს".


იმედია, მშობლები თუ მომავალი მშობლები მწერლის რჩევებს სწორად გაიგებენ და პირდაპირ არ დანერგავენ საკუთარი შვილების აღზრდის საქმეში :)

1
587
3-ს მოსწონს
ავტორი:Lady in blue
Lady in blue
587
  
2014, 26 აგვისტო, 21:59
კარგი იყო :))
0 1 1