x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს?
ადამიანის ბუნება საოცრად იდუმალი, ამოუცნობი და მისტიკურია. ძნელია პიროვნების სულის მთელი სირთულე მოიხელთო. ადამიანის შინაგან სამყაროში მოქმედი სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი ძალების ურთიერთკავშირს და ცვალებადობას ჩასწვდე. ანდა მშვიდად უყურო იმ ფაქტს, თუ როგორ გადადის ჭეშმარიტი გზიდან და თანდათან ემსგავსება ადამსა და ევას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგოს ღვთისბოძებული სისრულე დ არა მხოლოდ დამდაბლდეს, არამედ ცოდვის მიერ ძლეული დამხობილი იქნეს.

ზოგადად უამრავი მიზეზი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს. ერთის მხრივ, ნებისმიერი სულიერის ბუნება ასეა მოწყობილი. ჩვენ ხომ ადამისა და ევას შვილები ვართ, რომლებმაც დაივიწყეს თავიანთი პირველქმნილი ბუნებითი უბიწოება, ანუ “ღვთის ხატება'' სწორედ რომ ცოდვის გამო დაკარგეს, ხოლო დაკაგული ღვთის ხატების ნაცვლად, მათ ბუნების მთელ სიღრმემდე უმძიმესი ხრწნადობა დაეუფლათ.

შესაძლებელია, ბევრს სურდეს საკუთარი თავიდან აღმოფხვრას ის უმანკო თვისებები, რომლის საფუძველზეც ჩვენმა წინამორბედებმა დაკარგეს სამოთხეში ყოფნის პატივი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული მომენტია. მიზეზი კი ერთია. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთია ყველა ადამიანის მეგზური და ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სატანაც არ გვანებებს თავს. ის ცდილობს დაამხოს ესა თუ ის პიროვნება, ჩაითრიოს ცოდვის მორევში, ხოლო თუ ღვთის სიყვარული არ მძვინვარებს ამ ადამიანში, ეშმაკიც აღწევს თავის მიზანს, შესაბამისად, ამ მდროს იღუპება ძე ღვთისა.

უდიდეს ზეგავლენას ახდენს ცხოვრების მიმართულების ჩამოყალიბებაზე გარემო პირობები.


დამეთანხმებით, რთულია ზურგზე აკიდებული მძიმე ტვირთის ტარება. შენ ღვთის წინაშე ხარ ვალდებული იცხოვრო სამართლიანად, მაგრამ როცა თავად ამ ცხოვრების დაუწერელი კანონები მოქმედებს შენ წინააღმდეგ, ალბათ გაგიჭირდება ცოდვასთან თავის არიდება. რთულია ამ დროს აკონტროლო საკუთარი ინსტიქტები და ძნელბედობის ჟამსაც კი შეინარჩუნო ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც დაგეხმარება ზეცისკენ სწრაფვაში.

ცნობილია ის ფაქტი, რომ სიღატაკე საოცრად აბოროტებს ადამიანს. ამ დროს გიჩნდება სურვილი ჩაიდინო რაღაც საზარელი, გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი და ზოგადად, ყველაფერი გააკეთო საკუთარი მიზნის მისაღწევად.

სამწუხაროდ, ხშირად სოციალური უთანასწორობა უბიძგებს ბავშვს დანაშაულისკენ, თუ მას გაცნობიერებული ექნება, რომ მისი ქმედება ცოდვაა და უფლის წინაშეა იგი დამნაშავე, ალბათ ნაკლები საქმე ექნებათ სამართალდამცველ ორგანოებს. ჯერ კიდევ შოთა რუსთაველი გვასწავლის “ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს''.

სწორედ ეს აზრი იკვეთება გურამ გეგეშიძის ერთ-ერთ ნაწარმოებ “შურისძიებაში''. მაშინ, როცა უკიდურეს სასოწარკვეთაში გადავარდნილი რეზიკო დაუფიქრებლად ჩადის ცოდვას და რაც მთავარია, საშინლად სტკენს გულს საკუთარ ძმას.

რეზიკოს ცხოვრება სხვა ადამინებისგან რადიკალურად განსხვავებულია. როგორც ჩანს, ის ვერ დაუსხლტა თვალბედითი ბედისწერის კლანჭებს, მან ვერ აიტანა მხრებზე დაწოლილი ტვირთის სიმძიმე და შესაბამისად ცხოვრებისგან გაბოროტებულმა დანაშაულიც ჩაიდინა.

ხშირია შემთხვევები, როცა “წარბზე ტყვიადაკრული'', ცხოვრებისგან დაღდასმული, სოციალურად დაუცველი ბავშვები ეშმაკის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო მათი ტანჯვა, მიუსაფარობა და მიტოვებულობა ააშკარავებს, რომ ადამიანთა ცხოვრება სიყვარულზე, გულისხმიერებაზე არ არის დამყარებული, რომ ეს ქვეყანა არაჰუმანური და ამდენად არანორმალურია.

საზოგადოებისგან გარიყული, ერთგვარად უარყოფილი ბავშვები კი გაუცნობიერებლად ცვივდებიან ცოდვის მორევში და უჭირთ იმ ბადედან თავის გამოგება, რომელიც ეშმაკმა დაუგო მათ ცხოვრების სავალ გზაზე.

ჩემი აზრით, თანამედროვე საზოგადოებას აკლია ქრისტიანული კაცთმოყვარეობა. ეს კი ტრაგიკული სიმწვავით ვლინდება დღევანდელობაში.

მართალია, უცუდველი არავინაა, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა შეგწევდეს იმის ძალა, რომ გულწრფელად მოინანიო საკუთარი დანაშაული და არ დაკარგო “ხორცის სიწრფელე'', რაც იმაში გამოიხატება, რომ ცოდვის დაცემის მიუხედავად. სიკეთის კეთების, თუნდ შეზღუდული, მაგრამ გარკვეული შესაძლებლობა გაგაჩნდეს.

ვწერ ამ წინადადებებს და მებადება სურვილი, რომ რჩევის სახით ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი.

ვეცადოთ, არ დავკარგოთ სულიერი სიმხნევე, ამაში ჩვენ ღმერთი დაგვეხმარება. ვიაროთ ჭეშმარიტ გზაზე და არ მოგვაკლდება ის მადლი, რომელსაც იესო ქრისტე გზავნი ზეციდან. ავაპყროთ თვალები ცისკენ და ჩვენი ბაგეებიდან დაცდენილი ყოველი სიტყვა ღვთისადმი სიყვარულით იყოს აღსავსე.

ვეცადოთ, დავემსგავსოთ იესო ქრისტეს, რომელმაც ძნელბედობის ჟამსაც კი არ დაივიწყა თანაგრძნობისა და თანაგანცდის საოცარი უნარი.

შევუნდოთ ცოდვები სხვებს და მათგანაც მიგვეტევება. სიყვარულით ავავსოთ დედამიწა და ჩვენს გულებში ავანთოთ დაუშრეტელი სანთელი. ეს ყველაფერი კი თავისთავად დაგვეხმარება მოვიპოვოთ გარკვეული რაოდენობის სულიერი საზრდო. ღმერთი კი ძალას მოგვცემს, რომ საკუთარ თავში აღვადგინოთ დაცემული ადამი და ამაღლებული ცნობიერებით კვლავ დავემკვიდროთ ზეცის სასუფეველში.

“მოდგმავ ადამის, უფლის შვილო,

ჩემო კეთილო,

ჰყავ სიყვარული-

შენივ ღმერთის ხატად შექმნილო!

სძლიე სიკერპეს,

თავსა შენსა ნუ განადიდებ,

სუფევა ღვთისა გიხაროდენ,

იგი ადიდე!''



მარიამ კუსრაშვილი (26.02.2014)

0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კუსრაშვილი
მარიამ კუსრაშვილი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0