x
მეტი
  • 25.03.2019
  • სტატია:87791
  • ვიდეო:338116
  • სურათი:449304
უპატრონოდ მიტოვებული ნიკა პაპა

" - ელიკო, ჩემო ელიკო! გახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი? წყაროზე გნახე პირველად. შენ ერთი შემომხედე, მერე გაიქეცი და მას შემდეგ გულში ჩამივარდი... ეეჰ!"

ასე იწყებოდა ყოველი საღამო ნიკას სახლში. ნიკა, ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც სოფელში ყველას უყვარდა და ნიკა პაპას სახელით იყო ცნობილი. ჰყავდა ცოლი - ელიკო, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა, დარჩა შვილი, გიორგი.

ცოლის გარდაცვალების შემდეგ ყოველ საღამოს, ნიკა პაპა დაანთებდა ბუხარს, დაჯდებოდა მის წინ და ხმამაღლა ლაპარაკობდა:

- "ელიკო, სტუმრები მოვიდნენ, დატრიალდი შენებურად, გახსოვს, ჯვარი რომ დავიწერეთ, ის დღე? როგორი ცუდი ამინდი იყო და მაინც გვიხაროდა..."

გიორგი ერთხანს უსმენდა. შემდეგ მივიდა მოხუცთან და უთხრა:

- მამა, ვის ელეპარაკები, დედა ხომ გარდაიცვალა?

ნიკა პაპამ შეხედა შვილს და ხმა არ გასცა.

ასე მეორდებოდა დიდხანს. გიორგიმ იფიქრა, ალბათ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჭკუიდან შეიშალა საწყალიო. მოუყვანა ექიმები. მათაც თავები გადააქნიეს და გადაწყვიტეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეწვინათ. ნიკა პაპას წინააღმდეგობა არ გაუწევია. თავისი ფეხით წაჰყვა. იქ დიდხანს არ უცოცხლია. მალე გარდაიცვალა. გიორგიმ დიდებული ქელეხი გადაუხადა. მთელი სოფელი მოვიდა მის დაკრძალვაზე. ყველა ერთსა და იმავეს გაიძახოდა:

- რა დიდებული კაცი იყო და ცოლის გარდაცვალებამ როგორ შეშალა ჭკუაზეო.

ისე დაკრძალეს, არც მაშინ და არც მერე, არავის მოსვლია აზრად, რომ იგი ჭკუიდან კი არ შეიშალა, არამედ, იმდენად უყვარდა ელიკო, რომ როდესაც ბუხართან მარტო დარჩებოდა, სულ მასთან ერთად გატარებულ წლებზე ფიქრობდა და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფიქრებს გადმოსცემდა ხმამაღლა.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0