x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134649
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
ცრემლებში გაბრწყინებული აფხაზეთი
მე მიყვარს აფხაზეთი


2007 წელია.


აფხაზეთში მივდივარ.წინ დიდი გზა მელოდება.

ჩვენ ერთნი ვართ, მაგრამ გაყოფილი გულის სხვადასხვა მხარეს ვიმყოფებით...ვიცი ბევრჯერ წყენა დამიმძიმებს გულს, მაგრამ მაინც


მივუყვები გზას, რომელსაც ვერ დაივიწყებ...

მინდა გავიხსენო ბავშვობა.ძალიან პატარა ვიყავი დედიკო ზურგზე, რომ შემისვამდა და გადადიოდა მამაცად იმ ხიდზე, რომლის დანახვაზეც მე სუნთქვა მეკვრებოდა...

ეს “საქანელა ხიდი'' გადაგვაგდებს ორივეს და ვერ გადავრჩებით...(ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყოველ წელს).

დედიკო კი სულ მიმეორებდა:

-ნუ გეშინია, ხელი მაგრად მომკიდე!

კიდევ ბევრი მოგონება მიფორიაქებს სულს, რა დათვლის იმ შიშებს,

რომლებიც ყოველთვის ლამაზი ზღაპარივით სრულდებოდა:

-ჩემი კეთილი ბებია, ფერადი კანფეტები და წყნარი ქუჩები...და რაც ძალიან მიტაცებდა:წიგნები, რომლებიც უსარგებლო ნივთივით ეყარა სხვადსხვა ბინებში, რომლებსაც პატრონი არ ჰყავდა...(ყველა ბინას გამოუჩნდა პატრონი, წიგნები კი, რომლებიც მე გადავარჩინე ახლა თაროებს ამშვენებს).სხვათაშორის, ამ წიგნების თბილისში წამოღება არც ისე იოლი საქმე იყო, მაგრამ ისე მიტაცებდა ეს საქმე, მახსოვს ბებო გაოცებული მეკითხებოდა:

-როგორ წაიღებ ბებო, მაგის ხელა არც ხარო.

რა თქმა უნდა, მარტო არა, მაგრამ მიმქონდა და ბავშვური ბედნიერება მახალისებდა...

მიყვარს ჩემი მოგონებები...

“დიდი ბავშვობის'' წლები ბევრად განსხვავდება იმ პატარაობისგან...

ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე?რა შევცვალო?მაშინ კი ეს ისე ბუნებრივად მოდიოდა ჩემთან...

გალში ბევრჯერ მიგვრძნია მარტოობა და სიცარიელე, მაგრამ...

ყოველთვის იყო მაგრამ...ბავშვური სისულელეები, სკოლის არდადეგები, მეგობრული ღიმილები და შემდეგ მონატრებები...ჩემი მეგობრები გაიფანტნენ, როგორც ღრუბლები ქარში...

წელს ოჩამჩირეში ვიყავი...ასეთი დიდი სიცარიელე ჯერ არსად მინახავს...

ვცდილობდი ყველაფერში კარგი მომეძებნა, მაგრამ თვალით ნანახმა მაინც სევდა შემომაპარა.

ვნერვიულობდი უცხო სახეების დანახვაზე, არასასურველ მზერაზე, რადგან ვიცოდი:

-მე ქართველი ვარ!

ქალაქი ნახევარზე მეტადაც დანგრეული იყო...მიტოვებულ ქალაქს უფრო მოგაგონებდათ...იქნებ მე ვამეტებ, არ ვიცი, მაგრამ დამწვარი სახლები, ჩაბნელებული ეზოები და შავ-თეთრი კორპუსები, სწორედ ასეთ შეგრძნებებს აღვიძებდა ჩემში...

მახსოვს, მიტოვებული ზღვა...დიახ!მიტოვებული! ივლისში!

ცხელი ზაფხული, წინ გადაშლილი ნაცრისფერ-ცისფერი ზღვა მღელვარე ტალღებით და სივრცე...სივრცე, რომელიც ასე არ მყოფნიდა.

მერე ბევრი დღე დავთვალე...წასვლა მინდოდა შორს..ისევ ჩემს

მყუდროებაში...

აქ ყველაფერი ისეთი სხვანაირია.მე არ ვცდილობ ვინმე გავამტყუნო ან გავამართლო..მე მინდა ყველა მართალი იყოს და ყველამ ილაპარაკოს

თავის ენაზე ისე, რომ არავინ აჩუმებდეს...

მინდა ღიმილიანი სახეები ვნახო, როცა ქუჩაში გავივლი...მინდა ხალისიანი ხმები მესმოდეს და სიყვარულით გაბრწყინებული თვალები მიმზერდეს...

ამ ბოლო დროს ზურგი შემაქციეს ფიქრებმა...ვერა და ვერ დავალაგე აზრები...ვცდილობ ყველა კითხვაზე ვუპასუხო ჩემს თავს, მაგრამ ყოველთვის მაკლია რაღაც...რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი...

მოვდივარ და ნისლიანი ფიქრები მომყვება უკან...ცრემლიანი თვალები და არა მომტირალი...

ვინ გაუბრწყინა აფხაზეთს თვალები ცრემლით?

მე თუ იმან?

ჩვენ თუ იმათმა?

სად არის სინანული?

სად არის მიტევება?


2008 წელია.


აქ უკვე საქართველო აღარ არის!

მენატრება...მენატრება ჩემი საქართველო!

ჩემი ქართული დილა...

მეშინია და გული მტკივა!

დაუბრუნეთ...დაუბრუნეთ ხალხს ქართველობა და ღიმილები!!!


(ეს ალბათ ტკივილის ბრალია...ზოგჯერ იმას ვგრძნობთ, რაც არ გვსურს, რომ ვიგრძნოთ).


სიტყვები მეცლება ხოლმე გონებიდან, თითქოს სათქმელი აღარ მქონდეს, მაგრამ აზრები ისევ ღელავენ ჩემში...ახალი ფიქრები (ძველ ტკივილებზე)თითებით იხატება ფურცლებზე...ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ჩემში ადამიანების სურვილები და ოცნებები ცოცხლობენ.

მე მათ ვხატავ და ვაფერადებ...თუმცა, ფერები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველი ფერი ხომ ფერია?!

ბედნიერება თვითონ არ მოდის, მას სიხარულისა და სიყვარულის ფერებით ხატავენ...

ცისარტყელას ჰგავს ბედნიერება...

აფხაზეთში კი ეს ცისარტყელა იშვიათად მინახავს...

ვხეტიალობ გალის ქუჩებში და მარტოობა მომყვება უკან...





































0
185
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0