x
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის აქტივობის თავისებურებები ქალაქსა და სოფლად
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა საქართველოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. აღნიშნული მოვლენა საინტერესო კვლევის საგანია ჩვენთვის (სტუდენტებისთვის), რადგან ჩვენც უშუალოდ ამ პროცესის მონაწილენი ვიყავით და ელექტორატის ნაწილს წარმოვადგენდით. ამჯერად გადავწყვიტე ისეთ საკითხზე გამემახვილებინა ყურადღება, როგორიცაა ცენტრისა და პერიფერიის ელექტორალური ქცევის თავისებურებები ამომრჩევლის აქტივობასთან მიმართებით.

ცენტრში იგულისხმება საქართველოს ქალაქები და ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებიც ქვეყნის ურბანულ ტერიტორიებს წარმოადგენენ. პერიფერია კი, მოიცავს სასოფლო დასახლებებს.

განვიხილოთ აქტივობა ქალაქად და სოფლად, ვინაიდან საარჩევნო აქტივობა ელექტორატის ქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხშირად არჩევნების ბედს სწორედ ამომრჩევლების აქტივობის დონე განსაზღვრავს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის აქტივობა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის და გურიის რეგიონებში, სოფლად და ქალაქად, უმნიშვნელოდ განსხვავდება. საინტერესოა ქვემო ქართლი და სამეგრელო, ზემო სვანეთი ამ კუთხით. ქვემო ქართლში აქტივობა სოფლად 5.2%-ით მეტია ქალაქთან შედარებით, ხოლო სამეგრელო, ზემო სვანეთში ეს განსხვავება 4.9%-ია. ეს ის რეგიონებია, სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. რაც შეეხება შიდა ქართლსა და აჭარას, სადაც აქტივობა ქალაქად შესაბამისად 6.2%-ითა და 3.1%-ით მეტია პერიფერიების აქტივობაზე, გაიმარჯვა კოალიცია - "ქართულმა ოცნებამ".


აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივობა ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც განაპირობა პარტიების წარმატება და მარცხი. ამასთან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ელექტორატის ინფორმირებულობის დონე სოფლად და ქალაქად, რაც თავისთავად აქტივობაზეც მოქმედებს.

სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით მეტად ინფორმირებულია. ინფორმირებულობა კი, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ქცევაზე. ურბანული ცენტრების მოსახლეობისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკული ხედვა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილება.

აღნიშნულიდან ჩანს, რომ ქალაქი მეტად ოპოზიციურია ვიდრე სოფელი. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი კოალიცია - "ქართული ოცნების" გამარჯვებისა ქალაქების უმრავლესობაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისა სოფლად.




ავტორი: ნინო შეშაბერიძე

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ნ ი ნ ო
ნ ი ნ ო
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0