x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლავრენტი ბერიამ ლადო გუდიაშვილი დახვრეტისგან ორჯერ იხსნა
image

30 მარტს(1896) დაიბადა გამოჩენილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის კინოს მხატვარი და პროფესორი, სსრკ-ში არსებული ყველა ორდენის.მედლის და პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ლადო გუდიაშვილი.

დღეს მის შემოქმედებაზე და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე არ ვისაუბრებთ, არამედ ორ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ მის ცხოვრებიდან, რომელიც ლავრენტი ბერიას უკავშირდება.




"აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი: „თუ ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს ვირწმუნებთ, ლავრენტი ბერია მონსტრი, ბარბაროსი და სადისტი იყო. თუმცა, გენიალური ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ბერიაზე ყოვლად დადებითი წარმოდგენის იყო და ამბობდა: რასაც მასზე ჰყვებიან, ტყუილიაო. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბერიამ ლადო ორჯერ ფაქტობრივი სიკვდილისგან იხსნა. პირველად 1937 წელს, როდესაც ლავრენტი ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, „ჩეკას“ უფროსმა მას ანონიმური წერილი მიუტანა. კუთხოვანი ასოებით შედგენილ ტექსტში ავტორი წერდა: ლადო გუდიაშვილი იმპერიალიზმის ჯაშუშია. ის დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და საბჭოთა კავშირის მტრებს შეეკრაო. ეს ის პერიოდია, როდესაც ასეთი „დანოსების“ შედეგად ადამიანებს ხვრეტდნენ, თუმცა, საქართველოში – ყველაზე ნაკლებად, რადგან ბერიას მკაცრი დავალება ჰქონდა მიცემული თავისი ხელქვეითებისთვის, რომ ყველა საქმეში ფუნდამენტალურად გარკვეულიყვნენ. თუმცა, თუკი ანონიმურ ავტორს ვერ აღმოაჩენდნენ და მისი „დანოსი“ მოსკოვს მისწვდებოდა, „ცენტრიდან“ იაგოდა, შემდგომ კი ეჟოვი მკაცრ ბრძანებებს გასცემდნენ – ფიგურანტი დახვრიტეთო და ძირითადად, ასეც ხდებოდა ხოლმე. გუდიაშვილზე შედგენილი „დანოსი“ ძალიან ეშმაკურად იყო გაკეთებული. ანონიმი ავტორი „ფაქტებს“ მტკიცებულების ფორმით „ადასტურებდა“ და „ფიგურანტი“ საშინელ დამნაშავედ იყო წარმოჩენილი. ეტყობოდა, რომ „ანონიმშჩიკი“ განათლებული ადამიანი იყო. ბერიამ, რომელიც ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას დიდად აფასებდა, ქართველი მხატვარი დაიბარა, „ანონიმკა“ უჩვენა და ჰკითხა – ხომ არ იცი, ვინ შეიძლება იყოს ამის ავტორიო. ლადოს მხრები აუჩეჩია და უპასუხია – წარმოდგენა არ მაქვს. მე მტრები არ მყავსო.



– როგორც ჩანს, გყავსო, – უთქვამს ბერიას და ლადო კაბინეტიდან გამოუცილებია.

სულ რაღაც სამი დღის შემდეგ „ცეკამ“ „ანონიმშჩიკს“ მიაგნო. მის ვინაობას კი შეგნებულად არ ვამხელთ, რომ მისი შთამომავალი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ. თუმცა ვიტყვი, რომ ის აწ გარდაცვლილი პიროვნება ცნობილი ადამიანია.



ამ ამბის მერე ლადო გუდიაშვილის შერყეული პოზიცია რომ გაემყარებინა, 1937 წელს თბილისში მისი ნახატების გამოფენა მოაწყო, თანაც ძველი „ცეკას“ ჰოლი მოახატვინა. თუმცა ბერიას დაღუპვის მერე იქ რემონტი გააკეთეს და გუდიაშვილის ნახატები განადგურდა. მეორედ ბერიამ ლადო გუდიაშვილი 1946 წელს იხსნა. მაშინ ბევრად უფრო არგუმენტირებული და აშკარა „ფაქტები“ არსებობდა დიდი ქართველი მხატვრის წინააღმდეგ. საქმე კი ის იყო, რომ 1946 წელს გუდიაშვილმა ქაშუეთის ეკლესია მოხატა. ამის გამო ის პარტიიდანაც გარიცხეს და სამხატვრო აკადემიის ლექტორობიდანაც გაათავისუფლეს, სადაც 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ლექტორობიდან მოხსნა კიდევ არაფერი, მაგრამ პარტიიდან გარიცხვა, თანაც იმ პერიოდში, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. გუდიაშვილი დღე - დღეზე ელოდა დაპატიმრებას. იმ პერიოდში ბერია ატომური პროექტით იყო დაკავებული და თითქმის მთელ დროს ურალში ატარებდა. ერთი სიტყვით, არ ეცალა. თუმცა, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, თბილისში პირდაპირ სვერდლოვსკიდან გაფრინდა თავისი პირადი თვითმფრინავით და მაშინდელ საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს კაბინეტში მოულოდნელად დაადგა თავს. მას სულ რაღაც ათიოდე წუთი ესაუბრა პირისპირ, შემდგომ ლადო გუდიაშვილს სახელოსნოში ესტუმრა, მასთან ორიოდე საათი დაჰყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა. მოგვიანებით, ლადო გუდიაშვილი მეგობართა ვიწრო წრეში ჰყვებოდა: ბერიამ გამამხნევა და ფაქტობრივად, სიკვდილისგან მიხსნაო. ლადო გუდიაშვილს მადლიერების ნიშნად ბერიას პორტრეტი აქვს ზეპირად დახატული, რომელიც პირადად ჩაუტანა მოსკოვში და გადასცა. ეს სურათი ბერიას სახლში ეკიდა და როდესაც ის მოკლეს, გუდიაშვილის მიერ დახატული პორტრეტი, ბერიას სხვა ნივთებთან ერთად უშიშროებამ წაიღო.“


წყარო: "თბილისელები"

0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0