x
image
ქეთი გაბინაშვილი
ხევსურეთის ახალი სიცოცხლე - მარგარეტ დაიაურის ზღაპარი
მარგარეტი ქეთი გაბინაშვილი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ დიდ ქალაქში ცეცხლისფერთმიანი გოგო ცხოვრობდა. გოგონაც ძალიან ლამაზი იყო და ქალაქიც, მაგრამ ისინი ერთმანეთისთვის არ იყვნენ შექმნილნი. იქნებ ამიტომ უჭირდა სუნთქვა გოგონას და შორეულ მთებზე ფიქრობდა. იმ მთებში მისი ფესვები დარჩენილიყო. ხსოვნით, რომელიც ჯერ ისევ შემორჩენოდა, ზმანებით, რომელიც ახსენებდა, საიდან მოსულიყო, სისხლის ხმაურით, რომელსაც არ დავიწყებოდა გარდასული ბრძოლების ყიჟინა, დროს მიერეკებოდა და ხატავდა. მერე კი ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდა - 22 წლის ასაკში მარგარეტ დაიაურმა ოცნების ასრულება გადაწყვიტა, ხევსურეთში წავიდა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, იფიქრა, რომ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, ცოდნის რეალიზებისა და შთაგონებისათვის საუკეთესო გამოსავალი შატილის სკოლაში მასწავლებლობა იქნებოდა. ბავშვები, ვისთვისაც უნდა ესწავლებინა, უნახავად უყვარდა, უყვარდა შატილიც, მიწის თითოეული მარცვალიც, ბალახის ყველა ღერი, ცა- არწივების საუფლო და ბუმბერაზი მთები, კოშკები და მდინარეები და მისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ კუთხეს. ის, რაც იყო, აღემატებოდა ნაოცნებარს, ის, რაც იყო, ყველა მიწიერ საზღვრებს სცდებოდა. და მიხვდა, აქედან აღარასდროს წავიდოდა, ეს მისი ადგილი იყო! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. ცეცხლისფერთმიანი ქალი კოშკიდან, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ასე დაიწყო ამბავი, რომელმაც შატილს ახალი სიცოცხლე შესძინა...

მარგარეტი ქეთი გაბინაშვილი

-დიდი ბებია ქისტი მყავდა, პაპა ნახევრად ქისტი. შესაბამისად, ჩემს ოჯახში ტრადიციები ქისტურისა და ხევსურულის სინთეზი იყო. სახლში ხშირად საუბრობდნენ ქისტურ ენზე, მღეროდნენ, როგორც ქისტურად, ასევე ხევსურულად. ყვებოდნენ ისტორიებს, მომითხრობდნენ ჩეჩენ-ინგუშეთის სილამაზესა და იქ გატარებულ დროზე. არასოდეს მიგრძვნია, რომ ქისტი სხვა ეთნოსია, ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ტრადიცია და წესი გვაქვს. ვაინახები ჩემს ხალხად მიმაჩნია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ხევსურეთი კი, მე და ჩემი კუთხე სინონიმები ვართ. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სიყვარული მქონდა აქაურობის მიმართ. მცირე ასაკიდან დავიწყე ოცნება, რომელზეც ასაკმა უარი ვერ მათქმევინა. ჯერ სამხატვრო აკადემია, მერე ხევსურეთში დაბრუნება, შატილის სკოლა... ყოველთვის მინდოდა, ჩემი კუთხის განვითარებისთვის მებრძოლა. ჩემი წვლილი შემეტანა. ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული, განსაკუთრებით კი ფრენბურთი მიყვარდა. მინდა, მომეცეს საშუალება ფრენბურთის მოედანი გავაკეთო ხევსურეთში.



- როდის გაჩნდა ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში, როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ხელოვანი?


-ხელოვნებასთან გენეტიკამ დამაკავშირა. დედისგან ცეკვის სიყვარული გამომყვა, მამისგან - მხატვრობის. მამაც და ბიძაც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდნენ. ბავშვობიდანვე მახსოვს, მაგიდები ყოველთვის ესკიზებით, ჩანახატებით იყო სავსე. ეს ატმოსფერო მიზიდავდა. მომწონდა ნამუშევრების შექმნის პროცესი, ის ეტაპები, რომელის გავლაც არის საჭირო, შედეგის მიღებამდე: ფიქრობ, მერე იდეად გარდაქმნი, ესკიზს ქმნი და საბოლოო სახეს აძლევ, სულ შთაბერავ. დიდი ამბავია, ქიმიაა, დიდი ფილოსოფია, ფსიქოლოგია, გონებრივი შესაძლებლობის გამოვლენა. ბაღის ასაკიდან დავიწყე ხატვა. მერე დიზაინმა გამიტაცა. ვფიქრობ, მხოლოდ ნიჭი და სურვილი არაა საკმარისი, ინტელექტი გჭირდება, ნაფიქრი უნდა ეტყობოდეს. რაღაც ღირებულეს უნდა გაძლევდეს ნამუშევარი.

მარგარეტი

-ძირითადად ხევსურულ ორნამენტებზე მუშაობ, ასეთი ინტერესი წარმომავლობით არის განპირობებული თუ არის ხევსურლ ორნამენტებში საიდუმლო, რომელიც შთაგაგონებს?

-ცხადია, ჩემი განსაკუთრებული სიყვარული და გენეტიკა, მაგრამ ეს არაა მთავარი. ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ხევსურულ ორნამენტებზე გემოვნებიანი, საინტერესო და დიდებული ჩემთვის არაფერი არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს ეპოქა და პირობები, როდესაც ხევსურები ამ საოცრებებს ქმნიდნენ. მათი ნამუშევრები უნიკალური და უზადო, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს გენიალური ხელოვნება. ხევსურულ ორნამენტებსა და პიქტოგრამებს, აქვს თავისი მნიშვნელობა. მაგალითად, ხევსურულ კოშკზე ამოკვეთილი პიქტოგრამა ხელის მტევანია და ღმერთის ნებას აღნიშნავს, რომელიც, ულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ მიფარავდა.


-თქვენ ქმნით, როგორც სამოსს, ასევე სამკაულსაც. როგორია ახალი მოდელის შექმნის პროცესი?


-პროფესიით სამკაულის დიზაინერი ვარ, მაგრამ ჩემი იდეები განსხვავებულია და შესაბამისად განსხვავდება პროდუქტიც, რომელსაც ვქმნი: სამოსი, ავეჯი, დეკორატიული ნივთები, კალიგრაფიის დიზაინზე ვმუშაობ. უნიკალურია ქართული დამწერლობა და მინდა კალიგრაფიული ორნამენტებით ქართული სამოსის ხაზი შევქმნა. მუშაობის პროცესში აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. მხოლოდ მე და მუსიკა, არაფერი და არავინ სხვა. იდეებზე მუდმივად ვფიქრობ, მათი განხორციელებისთვის კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მჭირდება.

მარგარეტი ქეთი გაბინაშვილი

-რამდენად ახერხებთ საკუთარი ნიჭის რეალიზებას, ასპარეზი როგორი გაქვთ და როგორია სამომავლო გეგმები?


-სოციალური მედიის საშუალებით შეუძლიათ ჩემი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა. ხევსურეთის პირობებში მეტის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაქვს გეგმები: სახელოსნო, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცე... აღნიშნული მომცემს საშუალებას, როგორც საკუთარი თავი, ასევე ხევსურეთი უკეთ წარმოვაჩინო. ცხადია, ეს უკანასკნელი გაცილებით პრიორიტეტულია ჩემთვის. ხევსურეთის წარმატება, მისი განვითარება, ჩემი კუთხის თითეული წარმომადგენლისთვის საამაყო იქნება და მოგვცემს სტიმულს, კიდევ უფორო მეტი გავაკეთოთ.


-რა გახდა მიზეზი შატილის სკოლაში მასწავლებლად წასვლის?


-ხევსურეთი ამ კუთხის მიმართ ჩემი განუსაზღვრელი სიყვარულის გამო ავირჩიე. ხევსურეთში ორი სკოლა იყო, მე შატილის სკოლა მისი რთული რელიეფის გამო ავირჩიე- 8 ბავშვი და 7 თვე მოწყვეტილი გარე სამყაროს. ეს იყო საფუძველი, ვიფქრე, რომ ამ ბავშვებს უფრო მეტად ვჭირდებოდი და თუნდაც სულ მცირე სიხარული და სიახლე, რაც შეიძლება მათ ცხოვრებაში შემეტანა, უკვე ჩემი გამრჯვება იქნებოდა.


-რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს მასწავლებელი?


-უნდა წარმოიდგინოს რომ მრავალშვილიანი მშობელია. მხოლოდ ცოდნა არ კმარა, უნდა შეძლო მათი მოსმენა და გაგება. ეს ბავშვები ჩემთვის მხოლოდ მოსწავლეები არ ყოფილან, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ყველა განსხვავებულია ხასიათითა და შესაძლებლობით. სკოლის საგნის გარდა, მათ დამატებით გაკვეთილებს ვუტარებდი, ვასწავლიდი, ხატვას, მუსიკას, კალიგრაფიას... ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბავშვებად. შატილის სკოლაში მუშაობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

ქეთი გაბინაშვილი მარგარეტი

-ძალიან რომანტიკულად ჟღერს მთაში ცხოვრება, მაგრამ მის მიღმა ბევრი სირთულეა.


-სწორედ აღნიშნეთ, უამრავი სირთულეა. მთავარი პრობლემა სამედიცინო პუნქტის არ ქონაა. უექიმოდ ჩაკეტილი გზა, 7 თვის განმავლობაში მაშინ, როცა სამოქალაქო ფრენები არ არსებობს და ელექტრო ენერგია ძალიან ხშირად ითიშება. როდესაც ჩვენ მთის დაცლის შესახებ ვწუხვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჯანმრთელობა ყოველთვს ყველაზე მნიშვნელოვანია და როცა იცი, რომ 7 თვე ჩაკეტილი ხარ და გადარჩენის იმედი არ გაქვს, ცხადია, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ახალგაზრდებს ვერ დაავალდებულებ, აქ დასახლებას.


-შატილთან კიდევ ერთი საქმიანობა გაკავშირებს - კაფე, რომლის საშაულებითაც შემოქმედებითი ადამიანების დახმარებას ცდილობ.


-კაფე გასულ წელს გაიხსნა, ის ნამდვილად განსხვავებული სივრცეა, თავისუფალი სივრცე, ადამიანებს შეუძლიათ, თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ნიჭიერი ადამიანების დახმარების სურვილი სულ მაქვს, ყველა საშუალებით ვცდილობ ხელი შევუწყო, ეს სურვილზე მეტად, ჩემი ვალდებულებაა. მინდა, ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება დაფასდეს.


-შატილი, როგორც ტურისტული ზონა, არის თუ არა სათანადოდ დაფასებული?


-შატილში ტურისტები წლებია დადიან, მაგრამ პანდემიამ ხევსურეთზეც იქონია გავლენა. ამასთანავე, ყველამ ვიცით, რომ ჩემს კუთხეს ისეთი ყურადღება არ ეთმობა ხელისუფლების მხრიდან, როგორც თუნდაც ყაზბეგს ან სვანეთს. თუმცა პოტენციალი არანაკლები აქვს. განსხვავდება თავსი რელიეფით, არქიტექტურით, იტორიით, სამზარეულოთი, სამოსით... ძალიან ბევრი რამეა, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებს დაგიტოვებს, ბევრის გაგება შეიძლება ტრადიციებზე, კულტურაზე. ხევსურეთი მხოლოდ შატილი არაა, მუცოა, არდოტია, ხახაბო და კიდევ უამრავი დიდებული სოფელია. თითოეულს თავისი უნიკალური ისტორია და წარსული აქვს, აქ ნამდვილად შეიძლება ზღაპრული თავგადასავლების შეგროვება.

მარგარეტი ქეთი გაბინაშვილი
-მრავალმხრივი საქმიანობით ხარ ცნობილი: ფოტომოდელი, დიზაინერი, მასწავლებელი... სინამდვილეში ვინ არის მარგარეტ დაიაური?


-მარგარეტ დაიაური არის გოგო, რომელსაც შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შექმნას, სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია ნულიდან დაიწყოს ცხოვრება და დაისახოს მიზნები, რომლებსაც ძალიან დიდ ციფრებად აქცევს. გოგო, რომელიც ყოველთვის იბრძვის და იბრძოლებს როგორც საკუთარი, ისე თავისი კუთხის განვითარებისათვის.


ქეთი გაბინაშვილი



0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0