x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სიყვარული ანუ "ბაბოჩკიდან" - ცრემლამდე
- რა დროს ძილია?!- შევძახე ლექციებისგან დაღლილ, ნახევრადგაჩერებული საათის მაღვიძარას წყალობით უძილარ, ავტობუსის უკანა სკამზე მოკალათებულ საკუთარ თავს, უკვე პოლიტექნიკურის მეტროსთან ვიყავი და ჩავდიოდი, მაგრამ მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო: ჩემი "გამოშტერებული" მაღვიძარას "პადელნიკი" ანუ ჩემი უძილობის კოიდევ ერთი მიზეზი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ლექციების შემდეგ, ხშირად, მეორე კორპუსიდან მეტრომდე ფეხით მოსეირნობდა-ხოლმე, ამიტომ ავტობუსიდან გზის ამ მონაკვეთის "პატრულირება" ჩვევად მექცა.

გაჩერებული ავტობუსიდან დამშეული მიმინოსავით მოვავლე თვალი მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, დავრწმუნდი იქ მის არყოფნაში და მეორე კორპუსისკენ მიმავალ გზას გავუსწორე მზერა.

ხელში იმ "გაბერილი" კონტროლიორის, ლია გორელაშვილის, მიერ დიდი ძალისხმევით ანაღებ ბილეთს ვათამაშებდი, "0.00 ლარი" მკრთალად ეწერა ბალანსში ბილეთზე. რამდენი ვეჩიჩინე იმ ყვითელ ნაჭერში გახვეულ კონტროლიორს, ჩასვლის დროს ავიღებთქო, მაგრამ გაიგიჟა თავი, ეს ხომ უდიდესი "კანონდარღვევა" იყო, თხოვნასაც აზრი არ ჰქონდა, ვის აინტერესებს შენი ცარიელი ანგარიში, ან ის, რომ დილით პატარა დას გაატანე სკოლაში ცოტაოდენი ჯიბეში შემორჩენილი ხურდა?! რა თქმა უნდა არავის, ამიტომ ჯარიმის გადახდას ისევ უკანასნელი ოცი თეთრით ბილეთის აღება ვარჩიე და ზოზინით ჩამოვუსვი სამგზავრო ბარათი ბილეთის აპარატს...

ავტობუსის დაძვრისთანავე ჩემი "საპატრულო კვადრატიდან" მზეზე გაცილებით კაშკაშა სხივმა მომჭრა თვალი... უამრავი ხალხი მოძრაობდა, მაგრამ ტროტუარზე მხოლოდ ის ჩანდა ბნელ ღამეში ანთებული ლამპიონივით... ლამპიონმა მის გვერდით არსებული სიშავეც გაანათა... ის მარტო არ იყო, ვიღაც ბიჭს ხელი გადაეხვია და ლიანივით შემოკვროდა სხეულზე...


-გააჩერე, გააჩერე!- დავუყვირე ავტობუსის მძღოლს, თუმცა ვიცოდი რომ გაჩერებასთან მისვლამდე მძღოლი არაფრის დიდებით არ გააჩერებდა, სასიკვდილოდ განწირული გლადიატორივით დავნებდი და კართან ახლოს დავდექი, რომ გაჩერებისთანავე ჩავმხტარიყავი.

უსაშველოდ გაიწელა გზა, მერე გამახსენდა რომ ნელ-ნელა მოსეირნობდნენ და დაწევის იმედი მომეცა, "თუმცა რომც დავეწიო რა უნდა ვქნა?!" - გამირბინა თავში და ჩემდა უნებურად ჯიბისკენ გავაპარე ხელი, სადაც ლექტორისთვის მოპარული საშუალო ზომის "ბაბოჩკა" მედო... არ ვიცი დანის შეხების სიცივემ თუ რამ, მაგრამ უცბად რაღაცამ აზრზე მომიყვანა, და ცივადვე მოვაშორე ჯიბეს ხელი.

"-არა მაინც რა ვქნა რომც დავეწიო?! ოხ, მეც მაგარი ვარ რა, რას არ ეუბნებიან ადამიანები ერთმანეთს - უამრავ საზიზღრობას, საშინელებას, საოცრებას, ტყუილს, აგინებენ ერთმანეთს(არც მე ვარ დაბალი დონის ამ უკანასკნელში) და კიდევ ათას არასასიამოვნო რამეს, მე სულელს კი ერთი "მიყვარხარ" ვერ მითქვამს გოგოსთვის, მაინც რა საშინელი წარმოსათქმელია ეს სიტყვა, როცა საჭიროა?! არადა არ ჩანს ძნელი სათქმელი - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" - გავიმეორე რამდენჯერმე გულში.

ამასობაში, როგორც იქნა გაჩერდა ავტობუსი, კალიასავით ვისკუპე ზედა სართულიდან და სირბილით გავუყევი გზას უკან.

"- ოუჩქარე ცოტა ფეხს ბებია, თუარა წაათრევს მისი წიწილებიანათ ქორი იმ გაძვალტყავებულ კრუხს" - გამირბინა თავში, რამოდენიმე წლის წინ ბებიაჩემის წარმოთქმულმა სიტყვებმა(არ ვიცი საიდან მომაგონდა...), წარმოვიდგინე, რომ იმ ქორს ჩემთვის ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანი უნდა წაერთვა და, თითქოს ბებიას დავუჯერეო, კიდევ უფრო ავუჩქარე ფეხს.

ისევ "ლამპიონის განათებულ" სიშავეზე ვფიქრობდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც სხეულის ნაწილის აგლეჯას ცდილობდა.

უჩვეულო სიცხე იყო. ფეხაუდგმელი ბავშვივით იფოფხა გაზაფხულმა, მერე როგორც იქნა მოაღწია, მოიტანა სიცოცხლით სავსე მზის სხივები, დაისროლა და მიმოფანტა ირგვლივ, მერე ჩაეხუტა შიშველ ხეებს, ახალშობილის ლოყებივით დაუბერა კვირტები და მალე მწვანე ჩითის კაბაში გახვია.

ათასჯერ მაინც გამივლია ეს გზა, მითუმეტეს ნელა სიარულით და გაცილებით მალე მთავრდებოდა, ეხლა კი გაიწელა, არა და არ დამთავრდა.

გრიგალის ზულივით მესმოდა ჩემი სუნთქვა, ხმას ვერ ამოვიღებ რომც დავეწიო-მეთქი, - გავიფიქრე და ცოტა სირბილს ვუკლე.მერე გადავწყვიტე, როცა დავინახავდი მაშინ შემესვენა და ისევ ავუჩქარე ფეხს. ისევ მომესმა აბობოქრებული გრიგალის ზუილი...

აი, იმ ადგილს მივუახლოვდი სადაც დავინახე, გულმა, მისი ნახვის მოლოდინში, წისქვილის სარეკელასავით დაიწყო ბაგაბუგი, ყველა ადმიანში ვეძებდი, თუმცა ლამპიონის სხივი არსად ჩანდა...

იმედამოწურულმა ნაბიჯს მოვუმატე. მერე, ალბათ მეტროში ჩავიდნენ-მეთქი, -გავიფიქრე და სიარული ისევ შევანელე, ნელ-ნელა მივუახლოვდი მეტროში ჩასასვლელ კიბეებს, ირგვლივ მიმოვიხედე კიდევ ერთხელ და ჩამოვჯექი...

"-ფუ, გამასწრო!"- გავიფიქრე გულში და ხელი ჩავიქნიე.

უცბად სამრეკლოს ზარივით წმინდა და საამო ხმა ჩამესმა და რკინისდამდნობი სიმხურვალე ვიგრძენი ლოყაზე...

"- როგორ ხარ? აქ რას აკეთებ?" - მკითხა და მზესავით ნათელი თვალები შემომანათა.

"- შენ როგორ ხარ?" - მივახალე უაზროდ, სწრაფად წამოვდექი და მაშინვე მის გვერდით მდგომს ვესროლე მზერა.

"- გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია", - ჩემკენ მოიშვირა თითი, - "ეს კი... ეს...ეს...ეს... ეს ლაშაა"- თქვა მან და ჩემთვის გულის გამგმირავი, "ეს კი... ეს...ეს...ეს... ეს ლაშას"-თვის კი ალბათ საუკუნით სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ღიმილი ისროლა.

ყველაფერი ნათელი იყო, გულში კლდიდან მოგლეჯილი ქვასავით ჩამწყდა რაღაც, "ახალგაცნობილის" გამოწვდილ ხელს მხოლოდ "უნდა გავიქცე, ძალიან მეჩქარება" შევაგებე და უმისამართოდ მოვწყდი ადგილიდან.

დიდი ხანი ვიარე უკანმოუხედავად, არ ვიცი სად ვუხვევდი, სად სწორად მივდიოდი, ადუღებული ყავასავით იწევდა რაღაც სითხე გულის სიღრმიდან, იწევდა, იწევდა და ვგრძნობდი სადაც იყო თვალებიდან გამოჟონავდა. მალე დუღილმა პიკს მიაღწია და... ეს ცრემლი იყო, დიახ ცრემლი! მე ვტიროდი...

ოხ ღმერთო, რამდენ ხანია არ მიტირია?! დედაჩემი რომ დამესიზმრა მაშინ ვიტირე ბოლოს, – გავიფიქრე და უკან მივიხედე, იმედი მქონდა ალბათ მე - სულელს, რომ უკან გამომყვებოდა, მერე იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.

"- ღმერთო, რანდენი ცრემლი დამგროვებია ამ ხნის მანძილზე?! ან სად გროვდება ნეტა?! ან რა აწვება იმ სადღაციდან რომ მოდის ზევით?! იქნებ თვალებთან არის ახლოს სადმე, რა უცნაური რამეა...


"ეჰ, ტყულა ირბინე ამდენი ბებია, მაი კრუხი, კაი ხნის წინ წოუთრევია იმ მოსასპობ ქორს"....


ჩრდილოეთიდან ბნელი ღამესავით შავი ღრუბლები დაიძრნენ, თანამოძმეებს გადასძახეს, ხელი გადაჰხვიეს ერთმანეთს, შეერთდნენ და დასავლეთისკენ აიღეს გეზი.

ჯერ ერთი კორპუსი მოიცვა ჩრდილმა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, და მთელი ქალაქი ჩრდილით ნაქსოვ ჯემპრში გაეხვა.

ღრუბლები მზესთან მივიდნენ, გადაეხვივნენ და პანაშვიდი უთხრეს...

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:roma frater
roma frater
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0