x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
განათლების უფლება და ხელმისაწვდომობა საქართველოში
image
მსოფლიოში განათლების, ცოდნის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან დაიწყო და იგი დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. თუ ადრე განათლების მიღების უფლება მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ და მის გარეშე რაიმე მიზეზით რჩებოდნენ სხვა ადამიანები, დღევანდელ სამყაროში ეს ყველაფერი შეიცვალა. დღესდღეობით, ასე ვთქვათ, შავით თეთრზე წერია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, რომ „ყველას აქვს განათლების უფლება“. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებულ პროგრესულ სამყაროში განათლების სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშეა. დღეს განათლება არ გულისხმობს მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის მიღებას, სისტემამ მოსწავლეებს უნდა მისცეს ისეთი ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან პიროვნებად ჩამოყალიბებაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთია ზოგადად განათლება და მისი მიღების პროცესი, თუმცა მეორე - მისი ხარისხი. ნებისმიერი ინდივიდისა და საზოგადოების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების მიღება.


საქართველოში განათლების ფორმირების პროცესმა რთული და ხანგრძლივი გზა განვლო. უამრავი დამაბრკოლებელი ფაქტორების, სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემისა, საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა განათლების სისტემაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოს განათლების სისტემა აერთიანებს ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას. ზოგადი განათლება თავის მხრივ მოიცავს სამ საფეხურს: დაწყებით (1-6 კლასი), საბაზო (7-9), საშუალო (9-12). საქართველოში მოქმედებს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ“ რომლის მიხედვითაც “ ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.” 2005 წელს საქართველომ შემოიღო პირველი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ადგენს სწავლის სასურველ შედეგებსა და სწავლების საათების განაწილებას ყველა საგნისა და კლასისთვის (MoESCS). 2011 და 2018 სასწავლო პროგრამებში განხორციელებულმა ცვლილებებმა ხაზი გაუსვეს სწავლის უფრო ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის კომპეტენციების და სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე, ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე. საქართველოში 2016 წლიდან მოქმედებს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის სკოლამდელ ბავშვებში სასკოლო მზაობის ხარისხის გასაზრდელად.


განათლება განიხილება, როგორც ხელმისაწვდომობის, თანამონაწილეობისა და მიღწევის უფლება. განათლების ხელმისაწვდომობის უფლება გულისხმობს, რომ მშობელს უფლება აქვს შეურჩიოს ბავშვს ისეთი სკოლა, რომელიც ტერიტორიულად ხელსაყრელია. საქართველოს კანონის მიხედვით ზოგადი განათლების შესახებ ყველას აქვს თანაბარი უფლება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საკუთარი პიროვნული, ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ამასთან, კანონის მიხედვით დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სკოლაში. რა თქმა უნდა, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა თავისთავად არ განსაზღვრავს განათლების ხელმისაწვდომობას. აქ იგულისხმება ისიც, რომ არ არსებობდეს დამაბრკოლებელი ფაქტორები სკოლის ფიზიკურ გარემოში და ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი იყოს სასწავლო რესურსები, სტრატეგიები, აქტივობები.

ასევე მნიშვნელოვანია თანამონაწილეობის უფლებაც. კლასში რეგისტრაცია არ განაპირობებს მოსწავლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესში მის ჩართულობას. კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა მომავალში მაღალ აკადემიურ მოსწრებასა და წარმატებულ ცხოვრებას განაპირობებს. ამერიკელი მკვლევრები განმარტავენ, რომ პროცესში ჩართულობა გამოიხატება დაწყებით კლასებში საკლასო წესების შესრულებით, მასწავლებლის ინსტრუქციებისა და მის კითხვებზე პასუხით, მაღალ კლასებში კი საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვითა და სტუდენტურ თვითმმართველობაში მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სერვისებში უამრავ პრობლემას ვაწყდებით მოსწავლის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, რომ მასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის თანაბარ აქტიურობასა და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.


ხელმისაწვდომობისა და თანამონაწილეობის უფლება განსაზღვრავს მიღწევის უფლებას, რომელიც განიმარტება, როგორც ბავშვის უფლება, რომ ისწავლოს ის, რაც რელევანტურია მისი ცხოვრებისათვის, ჰქონდეს პროგრესი და მაღალი აკადემიური მიღწევები, წარმატებული იყოს როგორც სკოლაში, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაშიც. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის ამოცანას წარმოადგენდეს როგორც მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობა, ასევე მისი აკადემიური მიღწევების გაზრდა და განვითარება.


ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ვახსენოთ ინკლუზიური განათლება და ის გამოწვევები, რომელთა პირისპირაც დგას საქართველოს დღევანდელი განათლების სისტემა. განათლება ინკლუზიურია, როცა ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი ფიზიკური, მენტალური, სოციალური შესაძლებლობებისა, დადის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქტიურადაა ჩართული განათლების მიღების პროცესში. საქართველოს საკანონმდებლო სისტემა განათლების სისტემის წარმომადგენლებს ავალდებულებს გაითვალისწინონ მოსწავლეების ყველა ინდივიდუალური მახასიათებელი, მათი საჭიროებები თუ შესაძლებლობები და, შესაბამისად, ხელი შეუწყონ ინკლუზიური განათლების პრინციპების პრაქტიკაში აქტიურ დანერგვასა და მათ განხორციელებას.

საქართველოში სტაბილურად იზრდება სკოლებში სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა. მოსწავლეთა ამგვარი ჩართულობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისათვის, თუმცა ამას თან ახლავს გარკვეული გამოწვევები. პირველ რიგში, საყურადღებოა სსსმ და შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეების განათლების ხარისხი. კვლევები მოწმობს, რომ ხშირად სკოლა ვერ უზრუნველყოფს საჭირო პირობებს მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მისაღებად. სსსმ მოსწავლის საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. გუნდის ფუნქციაა საქართველოში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარების გაწევა, სსსმ მოსწავლეებისათვის ეფექტური სასწავლო სტრატეგიის შემუშავება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მათი მიზანია შეადგინონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებულ ეროვნულო გეგმის მიხედვით შექმნილ დოკუმენტს.


საქართველოში არსებული განათლების სისტემის განხილვისას, აუცილებელია აღვნიშნოთ, ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც ქვეყანა კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დადგა. ამ პრობლემამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია განათლების პროცესის მიმდინარეობაზე, კერძოდ, შეწყდა სააუდიტორიო მეცადინეობები, ქვეყანა იძულებული გახდა გადასულიყო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში დაინერგა გარკვეული ონლაინ-პლატფორმები. სკოლებისათვის შეიქმნა პროექტი “ტელესკოლა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ტელეგაკვეთილებს და მიეღოთ საჭირო ცოდნა. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სასწავლო გეგმები მოდიფიცირდა ონლაინ სწავლებასთან შესამაბისობაში, მოხდა ცვლილებები სწავლების მეთოდებსა და შეფასების სისტემებში. ამ მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, საქართველოში პანდემიის პირობებში განხორციელებული ღონისძიებები განათლების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეფასდა. ქვეყანამ უმეტესწილად შეძლო გამკლავებოდა ახალ რეალობას და შეექმნა ისეთი პირობები, სადაც განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი მოსწავლეები შეფერხების და აკადემიური წლის გამოცხადების გარეშე შეძლებდნენ საჭირო განათლების მიღებას. თუმცა, ამ ყველაფერს თან ახლდა უამრავი პრობლემა. ბევრ მოსწავლეს კვლავ არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რითაც პროცესში ჩართვას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო ონლაინ პლატფორმებთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობები. პანდემია ასევე ცუდად აისახა სსსმ და შშმ მოსწავლეებზე, ვინაიდან მათთვის ერთი-ორად გართულდა განათლების მიღების პროცესში ჩართულობა და სპეციალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.


ამგვარად, მსოფლიოში განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. მისი მნიშვნელოვნება ჯერ კიდევ ძველი პერიოდის ხალხისთვისაც ნათელი იყო. დღესდღეობით იგი კაცობრიობისთვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან და მძლავრ იარაღს წარმოადგენს. იგი განაპირობებს ადამიანის მიღწევების, უნარების, შემოქმედობითობის განვითარებას. თანამედროვე განათლების პროცესი ცვალებადია და აქტიურად ერგება განვითარებული მსოფლიოს მოთხოვნებს. ამ მხრივ საქართველომ უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი განახორციელა და შექმნა ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი შესაძლებლობისა, უნარებისა, საჭიროებებისა, საშუალება აქვთ მიიღონ შესაბამისი განათლება თანაბარ პირობებში. ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის, ადამიანის განათლებას.

როგორც ვხედავთ, განათლება არ გულისხმოს მხოლოდ სკოლაში დასწავლილ გაკვეთილს ან ფაქტობრივ ცოდნას. იგი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფაქტები. ესაა იარაღი, საშუალება ადამიანისთვის, რომ იცხოვროს უკეთეს სამყაროში, გააუმჯობესოს საკუთარი და სხვისი ცხოვრების ხარისხი. განათლება ესაა სინათლე, რომელიც სიბნელეში სწორი გზის დანახვის საშუალებას გვაძლევს.

0
254
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო კიკრიაშვილი
სოფიკო კიკრიაშვილი
254