x
image
ქეთი გაბინაშვილი
23 თებერვალი იუნკერების დღეა

იუნკერები

„ქალაქის მცხოვრებნი მართალია დაშორებულნი არიან სამხედრო საქმეს, მაგრამ ჯარისკაცის ჯარისკაცისაგან გარჩევის უნარი იმათაც შესწევთ. 1914 წლის შემდეგ აღარ ენახათ ნამდვილი სანიმუშო ჯარისკაცი და როდესაც ერთ მშვენიერ ღვინობისთვის დღეს ჩვენი ხელიდან ქალაქში 90 იუნკერი გამოვიდა, შთაბეჭდილება იყო სრული! ქალაქში ყველამ შეამჩნია რაღაც სამხედრო ნაწილი, რომელიც მეტად ირჩევა სხვა სამხედრო ნაწილებისაგან. ოფიცრებმა შეამჩნიეს ვიღაც მხედრები, რომლებიც სალამს ასე ბეჯითად, სწრაფად და სანიმუშოდ იძლევიან. ყოველი მათგანი, ამ მოვლენით გაკვირვებული, იძულებული იყო შეჩერებულიყო, თვალი გაედევნებინა და გულში გაეფიქრა, კი მაგრამ, ვინ არიან ესენი?

ჩვენ იუნკრებს მიაქციეს ყურადღება, აგრეთვე საფრანგეთისა და ინგლისის სამხედრო წარმომადგენლებმა. ყველა დაინტერესებული იყო, ყველა კითხულობდა: ვინ არიან? ვინ არიან? და იღებდნენ პასუხს: ესენი ქართული სამხედრო სკოლის იუნკრები გახლავან! ქართული ჯარის სილამაზე და სიამაყე! ლაშქრის მომავალი ფუძე და ქვაკუთხედი. მართლაც და შეხედულება წარმოსადეგი ჰქონდათ: ინტელიგენტური სახე, ტანი სარო, გვერდზე გადაწეული თუშური ქუდი ეროვნული ფერების ყაითნებით მოვლებული. ყველაფერი ეს ჰარმონიულად შეხმატკბილებული მოალერსე თვალებს იპყრობდა, “- ასე აღწერდა ალექსანდრე ჩხეიძე იუნკერების პირველ გამოჩენას თბილისში.

ამის შემდეგაც ბევრჯერ გაისმა კითხვა: ვინ არიან? ვინ არიან ესენი? და სანამ გამოჩნდებოდა პასუხის გამცემი, ქართული საზოგადოება 23 თებერვალს დიდი ზეიმით აღნიშნავდა „კაცების დღეს“.


მანამდე კი იყო სისხლიანი თებერვალი.

1921 წლის 11 თებერვლის ღამეს სომხეთის მხრიდან საქართველოს თავს დაესხა წითელი არმიისა და საბჭოთა სომხეთის ნაწილები. 16 თებერვალს წითელი არმიის ძირითადმა ქვედანაყოფებმა უკვე აზერბაიჯანის მხრიდანაც შემოგვიტიეს. იუნკერების სამხედრო სკოლამ 17 თებერვალს ტაბახმელაში პოზიციების დაკავების ბრძანება მიიღო.

8-9 გრადუსი ყინვა. თხელ ფარაჯებში გამოწყობილი პირტიტველა იუნკერები და ჩხეიძის დილემა: „წარმოვიდგინე, რომ სამხედრო ისტორიკოსი ტფილისთან ბრძოლის აღწერის დროს დაწერს: კრიტიკულ წუთებში სამხედრო სკოლის რაზმმა დააგდო თავისი პოზიციები და დაიხია მამა-დავითის მთაზე. რის შედეგად ბოლშევიკებმა დაიკავეს ტაბახმელა და აქედან შევარდნენ ტფილისში. არა, ეს არ იქნება ისტორიაში ასე დაწერილი... მომაგონდა სამხედრო ისტორიიდან შემთხვევები, როდესაც ჯარის ნაწილები სწირავდნენ თავს არმიის დასახსნელად“.

ნაპოლეონის ალღო არ სჭირდებოდა მიხვედრას, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა იუნკერებს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ მათ ღირსეული სიკვდილი აირჩიეს.

თოვლი. თეთრით მოსილი კოჯორი და ტაბახმელა. ცეცხლის ალები. ერთ მხარეს წითელი არმია და მეორე მხარეს პირტიტველა იუნკერები. არც ერთი ნაბიჯი უკან.

მე-11 არმიას 6 დღე უძალიანდებოდნენ ქართველები. ბრძოლები თბილისის მისადგომებთან 19 თებერვალს დაიწყო. პირველსავე დღეს შეწყდა მარო მაყაშვილის სიცოცხლე. ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები 23 თებერვალს დაეცნენ ბრძოლის ველზე. 24 თებერვალს წითლებმა საბოლოოდ იმარჯვეს.

1921 წლის 25 თებერვალი იდგა.

„წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“

საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, იუნკერებისაგან განსხვავებით, უკან დახევა სირცხვილად არ მიიჩნია. ისინი ჯერ ბათუმში გაიქცნენ, შემდეგ კი საფრანგეთს შეაფარეს თავი. რუსეთმა ქვეყნის ანექსია გამოაცხადა.

მოგვიანებით სამშობლოსათვის დაცემულ გმირთა გვამებს ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალევენ. გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და უღმერთობის იმპერია ეკლესიას დაანგრევს, იუნკერების საფლავზე კი მთავრობის სახლს ააშენებენ (დღევანელი პარლამენტის შენობა).

23 თებერვალი ქართველი იუნკერების დღეა.

ვინ არიან? ვინ არიან ესენი? ესენი ქართველი გმირები არიან!

გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ!

ქეთი გაბინაშვილი

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0