x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134609
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ბულინგის შესაძლო შედეგები და მასწავლებლის როლი ჩაგვრის აღმოფხვრაში

image

ტერმინი ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ჩაგვრას, ძალადობას, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ სხვა ბავშვების ან თანაკლასელების მიერ. ბულინგი ერთ-ერთი აქტუალური სოციალური პრობლემაა 21-ე საუკუნეში. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დამორჩილებას, ავტორიტეტის მოპოვებასა და პოპულარობის გაზრდას. ჩნდება კითხვა ვინ არის მსხვერპლი? სტატისტიკურად მსხვერპლი არის მორცხვი, თანატოლებში ნაკლებად პოპულარული, ჩაკეტილი და დეპრესიული ბავშვი, ამასთანავე ის, ვინც ვერ აკმაყოფილებს გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებს.

ძირითადად განარჩევენ ბულინგის ოთხ სახეს:

  • ფიზიკური, რომელიც გულისხმობს დარტყმას, პირადი ნივთების დაზიანებას, მოპარვას, თმის მოქაჩვას და სხვა.
  • სოციალური, რომელიც მოიცავს ჭორების გავრცელებას, შერცხვენას, დადანაშაულებას, ჯგუფიდან გარიყვას.
  • ვერბალური- ეს არის ზედმეტი სახელების შერქმევა, სექსუალური და ჰომოფობიური შეურაცხყოფა, დაშინება, დამუქნება.
  • კიბერ - შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია კიბერ ბულინგი ანუ ინტერნეტის გამოყენება ჭორების, საუდუმლოების და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. კიბერ ბულინგი ზემოაღნიშნულისთან განსხვავდება იმით, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს 24 საათის განმავლობაში.

ახლა ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბულინგი. ჩაგვრამ არაერთი ზიანი შეიძლება მოუტანოს როგორც მსხვერპლს, ასევე აგრესორს. ეს შეიძლება იყოს დაბალი აკადემიური მოსწრება, ძილის პრობლემები, დეპრესია, მომატებული შფოთვა და სხვა. ამასთანავე, ჩაგვრის მსხვერპლ ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი ჯანმრთელობის გაუარესების, ხშირად იტკიებენ მუცელს, თავს არიდებენ სკოლაში და ხალხმრავალ ადგილებში წასვლას, მიდრეკილება აქვთ სუიციდისკენ.

ჩაგვრა როდესაც ხდება სკოლაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მასწავლებლის რეაგირება, პრობლემის მოგვარების მცდელობა და დახმარება. დახმარება მიმართული უნდა იყოს არა დანაშაულის ძიებისა და დასჯისკენ, არამედ ბავშვის აგრესიული ქცევის შეცვლისაკენ სოციალურად მისაღები ქცევით. ხშირად აგრესორის დასჯით ჩვენ ვერ ვაჩერებთ მას. მნიშვნელოვანია არა დადანაშაულება, არამედ იმის ჩვენება, რომ აგრესორის ქცევაა მიუღებელი, და არა თავად ბავშვი.

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ უსაფრთხო გარემო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების ეფექტური სწავლებისთვის.

მნიშვნელოვანია მასწავლებელმა:

  • ცოდნის გადაცემის გარდა შექმნას უსაფრთხო გარემო
  • სათანადო რეაგირება მოახდინოს ბულინგზე.
  • შეამჩნიოს ჯგუფიდან გარიყული და მოწყენილი ბავშვი;
  • გაარკვიოს ბავშვის ასეთი ქცევის ან ემოციის მიზეზი;
  • მხარს დაუჭიროს დაჩაგრულ ბავშვს და შეეცადოს ბულინგის შეჩერებას;
  • დაეხმაროს ბავშვს რეაგირების სათანადო საშუალებების პოვნაში.
  • დაეხმაროს აგრესორ ბავშვს ქცევის შეცვლაში;
  • თავად იყოს სათანადო ქცევის მაგალითი.
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სკოლის ფსიქოლოგს.
0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ აბაშიშვილი
მარიამ აბაშიშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0