x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134601
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
ისტორიის მასწავლებელი
image

მასწავლებელი ვიწრო გაგებით, პიროვნებაა, რომელიც ასწავლის ბავშვებს, ხსნის ადამიანის გონებრივი გამარჯვებებების ფართო ჰორიზონტებს; ფართო გაგებით - ბრძენი ადამიანი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს თაობის სულიერ და მორალურ მდგომარეობაზე.

დღეს კი, ქვეყანას სჭირდება მასწავლებელი, რომელიც თავგანწირული იქნება საკუთარი პედაგოგიური საქმიანობისადმი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ზრდას და შემდეგ გონებრივ და ფიზიკურ წვრთნას.

რომელია მასწავლებლის თვისებები? - თავდადება და თვითგაცემა. თითქოს, ზუსტად ამ საქმიანობაზე თქვა პავლე მოციქულმა, რომ "გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება", ანდაც რუსთაველმა -"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარ-გულია". ყოველივე ეს მასწავლებლის აუცილებელი მოთხოვნაა, სხვა შემთხვევაში პედაგოგი ვერ იქნები. პედაგოგობა არ არის ცოდნის დახვავება და მხოლოდ ამ ცოდნის მოსწავლეთათვის გადაცემა. თანამედროვე მასწავლებლის მთავარი დანიშნულებაა თავისი განათლებით და ღვთივსულიერი სიბრძნის მეშვეობით დაეხმაროს ბავშვს საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მასწავლებლის უმთავრესი უნარია მოსწავლეთა დაინტერესება და დარწმუნება კონკრეტულ საკითხებზე.


აღსანიშნავია, რომ მასწავლებელი ცოცხლობს მანამდე, ვიდრე ის სწავლობს, და როგორც კი სწავლას წყვეტს, მასში მასწავლებელი კვდება. შესაბამისად, ჩვენ მასწავლებლები გამუდმებით უნდა ვიღვწოდეთ თვითგანვითარებისათვის, რის საშუალებასაც ნამდვილად იძლევა დღევანდელი განათლების სამინისტრო, მასწავლებლის სახლი და სხვადასხვა კონკრეტული ტრენიგ-ცენტრები. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული დაოსტატება არ არის საკმარისი მასწავლებლისთვის. ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგად თქვა ნ. გოგოლმა, რომ „ქრისტიანისთვის არ არსებობს გზის დასასრული: იგი მარადი მოსწავლეა“. თუ ადამიანს ჭეშმარიტი სიბრძნე არ ექნება ის ვერცერთ საქმეში ვერ ივარგებს და მითუმეტეს ვერ ივარგებს, როგორც მასწავლებელი.

სწავლა-სწავლებისა და აღზრდის პროცესში ისტორიის მასწავლებელი წამყვან ფიგურას წარმოადგენს. სახელმწიფო-საგანმანათლებლო სტანდარტი ისევე, როგორც სხვა საგნის პედაგოგებისათვის, ისე ისტორიის საგნის მასწავლებლისთვის მოსწავლეთა სწავლებისა და პიროვნული თვისებების ფორმირების ახალ, რთულ და საპასუხისმგებლო ამოცანებს აყენებს. ისტორიის მასწავლებელი არა მარტო განსწავლული პედაგოგი, არამედ დახვეწილი ფსიქოლოგი უნდა იყოს. რითაც ადვილად შეძლებს მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარებას, მათთან სულიერი კავშირების გაბმას, რაც საწინდარი იქნება მათი მყარი ურთიერთობისა და, შესაბამისად, წარმატებული სააღმზრდელო-შემეცნებითი გაკვეთილებისა.

ისტორიის მასწავლებლის, მსგავსად ნებისმიერ საგნის პედაგოგის საქმიანობაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გაკვეთილის მაღალკვალიფიციურად ჩატარების საკითხს. რისთვისაც, როგორც მოსწავლეებთან ახლო და უშუალო ურთიერთობაა აუცილებელი, ისე სწორად შერჩეული მასალა და მასალის რაოდენობა. პედაგოგმა უნდა დაძლიოს ეს ამოცანა, - გააკეთოს ყველაფერი, რომ ყოველ მოსწავლეს ესმოდეს მისი.სასწავლო მასალას ისე უნდა გადასცემდეს, რომ მოსწავლეები მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აღიქვამდნენ. პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი მახასიათებლები, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლები, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა სსსმ მოსწავლეები და უნდა იშრომოს, რომ კონკრეტული საკითხი ყველასთვის, თავიანთი შესაძლებლობისდა მიხედვით, იქნას დაძლეული.

პედაგოგი, პირველ რიგში, უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი საგნისადმი და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძოს მუშაობა. ამისათვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა არაფორმალურ გარემოში გაკვეთილების ჩატარება, ექსკურსიები, სამეცნიერო საკითებზე საუბრები და მრავალი სხვა, რითაც შეძლებს მოსწავლეთა დაინტერესებას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ეს ჰარმონიულ კავშირში იყოს ისტორიის მასწავლებლის მაღალესთეთიკურ, სულიერ და პიროვნულ თვისებებთან, მასწავლებლობა უდიდესი პატივია, ვინაიდან მას ბავშვის სულთან აქვს საქმე. ამიტომაც აუცილებელი, რომ თვითონ პედაგოგი იყოს სულიერად, ზნეობრივად მაღალ საფეხურზე, ცდილობდეს პირველ რიგში სულიერ და შემდეგ გონებრივ ზრდას.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ბუბუნაური
მაკა ბუბუნაური
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0