x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
თამარ კასრაძე: როლური თამაშები (როლების გათამაშება)



სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში ერთ-ერთი საინტერესო და გამოსადეგი სტრატეგიაა, რომელიც განსაკუთრებით ახალისებს სასწავლო პროცესს.ამ სტრატეგიებს მასწავლებელმა შესაძლოა მიმართოს რთული თემის ასახსნელად, რომელიც მოსწავლის მხრიდან დიდი დრისა და ენერგიის დახარჯვას ითვალისწინებს.

სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია.სიმულაცია არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმულაცია არის რეალობის გათამაშება.

საკლასო გარემოში, ძირითადად, გამოიყენებენ ორი ტიპის სიმულაციას: სიმულაციას ადამიანების მონაწილეობით და სიმულაციას კომპიუტერის მეშვეობით. სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით სხვვანაირად როლურ თამაშებს უწოდებენ.


რითი განსხვავდება სიმულაცია თამაშებისაგან?ხშირად სიმულაციის დროს ძნელი გასარკვევია, ვინ გამარჯვებულია და ვინ, დამარცხებული.სიმულაციის მიზანია, სხვა ადამიანის როლით თამაშით, მოსწავლეებმა ერთი და იმავე საკითხს რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერს გაუფართოვებს.

როლური თამაშების დროს ხდება ისტორიული, ლიტერატურული ან გამოგონილი პერსონაჟების ქცევის გათამაშება.გათამაშება შეიძლება რეალურ, წარსულ, მომავალ ან წარმოსახვით დროს უკავშირდებოდეს.როლური თამაშით მოსწავლე სხვა ინდივიდი ‘ხდება’. სხვისი როლის გათამაშებით ის უკეთესად წვდება იმ ადამიანის ბუნებას, მოტივაციასა და ხასიათს, რომელსაც განასახიერებს.როლურ თამაშებში სასურველია, რამდენიმე მოსწავლე ან მოსწავლეთა შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი მონაწილეობდეს.

როლურ თამაშებს ხშირად გამოიყენებენ იმისთვის, რათა მოსწავლეებს გააცნონ ქცევის თავისებურებები და მისი მოტივები.

როლური თამაში ხშირად 3 ნაწილისგან შედგება:სიტუაცია, როლური თამაში და საკლასო დისკუსია მის შესახებ.აუცილებელია მასწავლებელი თავად ძალიან კარგად იყოს მომზადებული და მოსწავლეებიც მოამზადოს როლური თამაშისათვის, მისცეს მათ წინასწარ საკითხავი ლიტერატურა, რომელიც მათ საკითხის ირგვლივ ცოდნას გაუღრმავებს.
სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენებას სასწავლო პროცესში ბევრი დადებითი ეფექტი აქვს:

  • თამაშში მოსწავლე ყოველთვის ხალისით ერთვება;
  • მოსწავლეებს კომუნიკაციის უნარები უვითარდებათ;
  • მოსწავლეები უკუკავშირს მაშინვე იღებენ;
  • თამაშებში მონაწილეობა ინტერესსა და ენთუზიაზმს იწვევს მოსწავლეებში;
  • ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს;
  • მოსწავლეს უვითარებს თანაგანცდის უნარს.
გარდა დადებითი ეფექტებისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სირთულეები, რომელსაც ამ დროს ვაწყდებით:

  • როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან წარმოსახვის კარგად განვითარებულ უნარს მოითხოვს;
როლური თამაშების დროს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის განვითარებულმა ურთიერთობამ შეიძლება ზედმეტად არაფორმალური ხასიათი მიიღოს, რამაც მომავალში შესაძლებელია კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნას.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
31