x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134556
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508615
როგორი უნდა იყოს ისტორიის მასწავლებელი და რა უნდა ასწავლოს მან მოსწავლეებს
დროა მასწავლებლის პროფესიონალიზმი გამოვლინდეს მოსწავლის გვერდით  დგომით!“-იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა ივანიაძე ...

სიტყვა მასწავლებელს ყველა ადამიანი სხვადასხვა განმარტებით ახსნის, მაგრამ საყოველთაოდ მიღებულია ის აზრი, რომ მასწავლებელი ესაა პიროვნება, ვინც ასწავლის ბავშვებს და გადასცემს მათ იმ ცოდნას, რომელიც ძალიან ღირებული და უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლისთვის. მასწავლებელი არის პიროვნება, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ახალგაზრდობის სულიერ და მორალურ იერზე. ახალგაზრდებს, რომელთაც არჩეული აქვთ მასწავლებლის რთული პროფესია, უნდა ახსოვდეთ, რომ თავდადება და თვითგაცემა მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება უნდა იყოს. ადამიანს, რომელსაც მსგავსი თვისებები არ გააჩნია კარგი პედაგოგი ვერ იქნება. მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმისადმი ერთგულება ხშირ შემთხვევაში თავგანწირვის მწვერვალებსაც კი აღწევს. იყო მასწავლებელი, უდიდესი პატივია, მაგრამ ამაზე მეტი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან შენს ხელთაა ძალიან ბევრი ბავშვის არა მარტო გონება, არამედ სულიც, შენ ხარ გადამწყვეტი ფიგურა, გადამწყვეტი, თუ როგორ შეაძლებინებ მოსწავლეს თავისი გონების გაწრთობასა და სულის აყვავებას . შენ არა მარტო მასწავლებელი (ცოდნის გადამცემი), არამედ აღმზრდელიც ხარ, აღმზრდელი, რომლის ნაბიჯებიც ძალიან დიდ კვალს ტოვებს აღსაზრდელის სულში. გარდა ამისა, აღმზრდელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს აღსაზრდელის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში, სწორედ მან უნდა მოახერხოს აღსაზრდელის რთულ მსოფლმხედველობაში შეღწევა, რათა გაიგოს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ამავდროულად წინააღმდეგობრივი აზრების სამყაროა ბავშვის გონებაში. სწორედ, ამის შემდეგ შეუძლია პედაგოგს უბიძგოს მოსწავლეს კეთილშობილური საქმიანობისკენ და შთააგონოს მას შემეცნების ჭეშმარიტი სიხარული.

მასწავლებელი ყველაფერთან ერთად ხელოვანიცაა, მასზეა დამოკიდებული თუ როგორ შექმნის მოსწავლის სულსა თუ გონებას, თუ როგორ დაარწმუნებს და დაიყოლიებს მოსწავლეს სასწავლო - სააღმზრდელო პროცესში ჩართვისაკენ, როგორ დააინტერესებს და მოუწოდებს მას რომ სიამოვნებით ჩაერთოს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესში.

ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია მასწავლებლის პროფესიის არჩევა, ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ყალბი წარმოდგენა აქვთ ამ პროფესიაზე . მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია პედაგოგს თავისი პროფეესისგან სიამოვნების მიღება, თუ იგი ჭეშმარიტი სულიერი თვალით ჭვრეტს თავის პროფესიას და იცის თუ რაოდენ დიდი ამაგი აქვს იმ ბავშვებზე, რომელთაც, არა მარტო, ცოდნას გადასცემს, არამედ ასწავლის ღვთის სიყვარულს . თუ ამ ყოველივეს შეიგრძნობს პედაგოგი, მაშინ მისი შრომა იქნება აბსოლუტურად უანგარო და უდიდესი სიამოვნების მომტანი, ეს ყოველივე კი, თავად მის აღსაზრდელებზეც აისახება.


მასწავლებელის შემოქმედებითი ფანტაზიის აღმაფრენა, შთაგონება და სიხარული, პედაგოგის შრომას სასიცოცხლოს ხდის. ის სიამოვნებას განიცდის და ხარობს მაშინ, როცა აღსაზრდელთა წარმატებას უყურებს, როცა ხვდება, რომ მის მიერ გაცემული ცოდნა უკან “ბუმერანგივით“ უბრუნდება, ის ბედნიერია , მაშინ, როცა ხვდება, რომ მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელიც სწავლობდეს და ყოველდღიურად ამდიდრებდეს მის უკვე არსებულ ცოდნას . ვინაიდან, მასწავლებელი ცოცხლობს მანამადე, ვიდრე ის სწავლობს, როგორც კი სწავლას წყვეტს, მასში მასწავლებელი კვდება. ამიტომაც იგი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს ცოდნის გაღრმავებასა და ამავდროულად, ისტორიის სწავლების მეთოდების დახვეწაზე.

სწავლებისა და აღზრდის პროცესში ისტორიის მასწავლებელი წამყვან ფიგურას წარმოადგენს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მასწავლებელი ხელოვანია, მაგრამ ამასთან ერთად, აუილებელია, მას გააჩნდეს ფსიქოლოგიური ინტუიცია, ვინაიდან ასე ის მარტივად შეძლებს აღსაზრდელებთან კონტაქტში შესვლას და მათი აზრების, გრძნობებისა და განწყობების მართვას. ის მზად იქნება, რომ საკუთარი სულის სიმდიდრე მოსწავლეს გაუზიაროს.

ისტორიის მასწავლებლის, ისე როგორც ნებისმიერი საგნის პედაგოგის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმას, თუ როგორ მაღალკვალიფიციურად ჩაატარებს ის გაკვეთილს. გაკვეთილის წარმატებით ჩატარება არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მასალის გადაცემასა და ახსნას, აუცილებელია, რომ კლასში მყოფ თითოეულ მოსწავლეს კარგად ესმოდეს მისი . მასწავლებელმა ისე უნდა აუხსნას მოსწავლეებს ახალი მასალა, რომ მათ მასალის აღქმისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გამოყენება არ დასჭირდეთ. თუ მასწავლებელი ამას მოახერხებს მაშინ, პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის ჩამოყალიბდება თანაშემოქმედებითი პროცესი, რაც მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

მასწავლებელი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს წინასწარ გამზადებული გეგმის მიხედვით წარმართავს, მაგრამ ყოველთვის როდი ხდება ამ გეგმის მიხედვით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესში ისეთი სიტუაცია იქმნება, რასაც მასწავლებელი წინასწარ ვერ განსაზღვრავს და შესაბამისად, მას აღარ ეძლევა იმის საშუალება, რომ გაკვეთილი, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით წარმართოს . სწორედ ამგვარ სიტუაციაში ვლინდება მასწავლებლის ნამდვილი შემოქმედებითობისა და სწრაფად რეაგირების უნარი. მთლიანად მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმართავს საგაკვეთილო პროცესს . სწორედაც რომ მსგავსი სიტუაციების სწორად და წარმატებულად მართვა, წარმოადგენს მასწავლებლის ნამდვილ საქმიანობას .

ისტორიის მასწავლებლის ზრუნვის მუდმივი საგანი უნდა იყოს მოსწავლეებში ისტორიისადმი მაღალი შემეცნებითი ინტერესის ჩამოყალიბება. სწორედ მან უნდა მოახერხოს ის, რომ მოსწავლეებში ამ საგნისადმი სიყვარული ჩამოაყალიბოს, რათა აღსაზრდელები სიამოვნებით ერთვებოდნენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში და შესაბამისად, იღებდნენ იმ ცოდნას, რაც მათთვის ასე მნიშვნელოვანია. სწორედაც, რომ ყოველივე ეს აყალიბებს კეთილგანწყობილურ დამოკიდებულებას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ამ ურთიერთობის მაგალითზე კი ყალიბდება მოსწავლეთა გრძნობები, თვისებები, ხასიათი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლის სული.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
15