x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
კულტურის საკითხების შესწავლა ისტორიის გაკვეთილზე
რა არის კულტურა?


კულტურის საკითხების შესწავლას ისტორიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კულტურა ადამიანისა და სხვადასხვა საზოგადოების მიერ შექმნილ სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა ერთობლიობაა. ვთვლი, რომ კულტურა ძველი და ახალი თაობების ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია . სწორედ კულტურა გადმოგვცემს ამა თუ იმ ეპოქის სულსა და იდეალებს. ყოველივე ამის შესწავლას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა ჰარმონიული აღზრდის პროცესში.


ისტორიის გაკვეთილებზე მოსწავლეები უნდა გაეცნონ, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვა ქვეყნების კულტურას . აუცილებელია, რომ მოსწავლეებს ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადსხვაგვარ კულტურაზე, ამით ისინი შეძლებენ პარალელი გაავლონ და შეაფასონ თავიანთი ქვეყნის კულტურა სხვა ქვეყნის კულტურასთან მიმართებით. ამის შემდეგ კი, სიამაყით აღივსებიან და დააფასებენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და ამავდროულად სახალისო გახდება. მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესი აღარ იქნება მოსაწყენი და მოსაბეზრებელი. მთავარია, რომ მოსწავლეებს თითოეული გაკვეთილის ღირებულება და დანიშნულება გავაცნოთ, შესაბამისად თავიდან ავიცილებთ მოსწავლეთა გონების გაფანტულობას გაკვეთილზე.

კულტურულ-ისტორიული მასალის გაცნობა უდიდეს როლს თამაშობს მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაში (ესთეტიკური აღზრდა მოსწავლეთა ჰარმონიული აღზრდის პროცესის ნაწილია) . ხელოვნების ნიმუშების გაცნობა მოსწავლეებში მხატვრულ გემოვნებას ავითარებს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები ვერ კმაყოფილდებიან სკოლაში მიღებული ცოდნით და მხატვრულ წრეებზეც დადიან, რათა განივითარონ მხატვრული უნარები. ეს კიდევ უფრო აღვიძებს მოსწავლეებში მხატვრულ გემოვნებას და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ სხვადასხვა კულტურული ძეგლების მიმართ.


კულტურის ისტორიის საკითხები, ძირითად შემთხვევებში, კურსის დიდი თემებისა და თავების დამამთავრებელ გაკვეთილებს წარმოადგენს, რაც მეთოდურად გამართლებულიცაა. ვინაიდან, ჯერ მოსწავლეებმა გარკვეული წარმოდგენა უნდა შეიქმნან ამა თუ იმ ეპოქის სოციალურ-ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამის შესაბამისად კი მოსწავლეები, პრაქტიკულად, ეცნობიან ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას . რამეთუ, ამა თუ იმ ეპოქის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღნიშნული საზოგადოების სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა ერთობლიობა. გაკვეთილებზე, რომლებზეც ხდება კულტურის საკითხების მიმოხილვა, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა იდეების და გრძნობების გამოხატვა სურდა ხელოვანს აღნიშნული შემოქმედებით. კარგი იქნება, თუ მსგავსი გაკვეთილების ჩატარება არ შემოიფარგლება მხოლოდ საკლასო ოთახით და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კულტურულ სანახაობებს საკუთარი თვალით გაეცნონ. ამის დაგეგმარებაში კი მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასრულებს. მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს თუ რას ანახებს მოსწავლეებს, კარგი იქნება თუ აღნიშნულ ღონისძიებაში მშობლებიც ჩაერთვებიან . შესაძლოა, რომელიმე მშობელი ამა თუ იმ კულტურული სანახაობის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს ფლობდეს და ძალიან კარგი იქნება თუ იგი ამ ინფორმაციას სხვებსაც გაუზიარებს. მნიშვნელოვანია, რომ სანამ მსგავსი ღონისძიება დაიგეგმება მასწავლებელმა მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს, სანახავ კულტურულ ძეგლებსა თუ სხვა სანახაობებზე. შემდგომ კი, საკუთარი თვალით იხილავენ მოსწავლეები და თავადვე შეაფასებენ მას. კარგი იქნება თუ მოსწავლეები დღიურსაც აწარმოებენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩაინიშნავენ, შემდეგ კი კლასში ერთგვარ პრეზენტაციას მოაწყობენ, გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ და შეაფასებენ ამა თუ იმ კულტურულ სანახაობას თუ თავად ქვეყნის კულტურას.

კარგი იქნება თუ მასწავლებელი მოსწავლეებს სამხატვრო გამოფენის დასათვალიერებლად წაიყვანს, ან დრამატული თეატრის თუ ოპერის სპექტაკლზე დასასწრებად . აგრეთვე, შესაძლებელია, სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა, ან რომელიმე მოწვეული მეცნიერის, ხელოვანის მოსმენა. ყოველივე ამის შემდეგ კი, მოსწავლეებს თავად ჩამოუყალიბდებათ შეხედულებები კულტურის მიმართ და თავადვე გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეაფასებენ მას.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ კულტურის ისტორიის საკითხების სწავლებას მხოლოდ მაშინ ექნება ჭეშმარიტი ეფექტი, როდესაც იგი საღვთისმეტყველო პრიზმაში იქნება გარდატეხილი. ტერმინი “კულტურა“ ლათინური სიტყვაა და თავდაპირველი მნიშვნელობით დამუშავებას, მოვლას, განვითარებას აღნიშნავდა.

სოკრატე, ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში თვლიდა, რომ იგი არ იყო მცოდნე, და ის მხოლოდ სიბრძნის მოყვარული, ე.ი ფილოსოფოსი იყო. სოკრატეს აზრით, სიბრძნე ჭეშმარიტი ცოდნის ფლობაში მდგომარეობს. ასეთი ცოდნა კი მხოლოდ ღმერთთან არსებობს. აქედან გამომდინარე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულის დამუშავება ფილოსოფიის მეშვეობით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ჭეშმარიტებით . ჭეშმარიტი ცოდნის მიღება და დაუფლება კი მხოლოდ ღმერთთან მყოფობით მიიღწევა. ასეთი მდგომარეობა იყო სამოთხეში და ადამიანი მხოლოდ უფლის სიყვარულში ჭვრეტდა სამყაროს, მაგრამ ბოროტმა ამპარტავნების ცოდვით დასცა ეს სიყვარული. ადამიანის “შემოქმედებითი“ ჭვრეტა “თვითშემოქმედებამ“ შეცვალა.

და მაინც, რისთვის მოვიყვანეთ ყოველივე ეს? სწორედ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა - “კულტურა“ - ესაა განღმრთობის პროცესი, ხოლო ის, რაც დღეს კულტურად მოიაზრება, ძირითადად ღვთისგან განდგომილების და მისი აბსოლუტური უგულებელყოფის შედეგია. ასე, რომ კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს “კულტურის“, “ფსევდოკულტურისა“ და “ანტიკულტურის“ ურთიერთმიმართების ხანგრძლივ პროცესს. შესაბამისად, დევნილობაში მყოფ ადამიანში რაღაც დოზით ყოველთვის არსებობდა და არსებობს ღმერთის ხსოვნა, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ხალხსა თუ თაობაში იგი სხვადასხვა სახითა და სხვადასხვა ხარისხით ვლინდება.

ბოლოს კი ილია II-ის სიტყვებით დავასრულებ - ვინაიდან, ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როცა საქართველოში იჭრება კულტურა და მასთან ერთად ფსევდოკულტურაც, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გაგვაჩნდეს ისეთი ცოდნა და განათლება რომ შევძლოთ გავარჩიოთ სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა.

თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საფუძველი ფულისა და სიმდიდრის სიყვარულია, ამიტომაც პროგრესი, რომელიც უფლისთვის არ არის სათნო, თავად სულისთვისაც დამღუპველია და თუ ეს არ იცის პედაგოგმა, შესაბამისად ის ვერც კულტურის საკითხებს შეასწავლის მოსწავლეებს.




0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
27